იტვირთება

მიხეილ სააკაშვილი: ჩემს დროს ბენზინი 1.2 ლარი ღირდა, ხოლო ახლა 3.3 ლარი ღირს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ბენზინის სარეალიზაციო ფასს რამდენიმე მაჩვენებელი განსაზღვრავს, ესენია: ბარელი ნედლი ნავთობის ფასი, ლარის კურსი, აქციზის გადასახადი და დისტრიბუტორი კომპანიის მოგების მარჟა (რაც პირდაპირ არის დამოკიდებული ბაზარზე არსებულ კონკურენციის დონესთან). ნებისმიერი ამ კომპონენტის ცვლილება ბენზინის საბოლოო ფასის ფორმირებაზე ახდენს გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 2012 წლის მონაცემებთან შედარებით ნაკლებია, აღნიშნული შემცირება ლარის კურსის შემცირებამ (გაუფასურება) გადაწონა. ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში, მთავრობამ საწვავზე აქციზის გადასახადი გაზარდა, რამაც ლიტრი ბენზინის დაახლოებით 20-25 თეთრით გაძვირება გამოიწვია. შედეგად, თუ 2012 წელს 1 ლიტრი რეგულარის ფასი 2.07 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 3.1 ლარია, პრემიუმის შემთხვევაში ფასი 2.18 ლარიდან 3.19 ლარამდე გაიზარდა.

შესაბამისად, განცხადებაში მოყვანილი რიცხვებიდან მიმდინარე მაჩვენებელი რეალობას შეესაბამება, 2012 წლის მაჩვენებელი კი 2-ჯერ შემცირებულად არის მოყვანილი, რაც ფასის ზრდის მასშტაბის გადაჭარბებით წარმოჩენას განაპირობებს.

„ფაქტ-მეტრი“ მსჯელობაში ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ბენზინის ფასის ზრდაზე საუბრობს და, შესაბამისად, ფრაზაში „ჩემს დროს“ ის 2012 წელს - ხელისუფლების ცვლილების დროს არსებულ ფასს უნდა გულისხმობდეს - ანუ იმ რეალობას, რომელიც მან ახალ ხელისუფლებას „დაუტოვა.“ შესაბამისად, 2012-2021 წლებში ბენზინი დაახლოებით 1,5 ჯერ გაძვირდა და არა 2.75-ჯერ, როგორც ეს განცხადებაშია ასახული. ამავდროულად, საწვავის ფასის ზრდა ნაწილობრივ მაინც ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა განაპირობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბენზინის ფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„ჩემს დროს ბენზინის ფასი 1.2 ლარი ღირდა, ხოლო დღეს მანქანის ფანჯრიდან დავინახე 1 ლიტრი ბენზინი 3.3 ლარი ღირს“>

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ზოგადად, ბენზინის სარეალიზაციო ფასი მრავალი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, მათ შორის - ბარელი ნავთობის ფასი, რომელიც საერთაშორისო ბირჟებზე განისაზღვრება, მისი გადამუშავება და უშუალოდ სხვადასხვა ტიპის საწვავად ქცევა, ტრანსპორტირება და ადგილზე დისტრიბუცია, რასაც საქართველოში აქციზის გადასახადი და კომპანიის მხრიდან მოგების მარჟა ემატება. ვინაიდან საქონელი იმპორტულია, ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობაც ახდენს.

გრაფიკი1: 1 ბარელის (159 ლიტრი) ფასი 2012-2021 წლებში (აშშ დოლარი)

წყარო: statista.com

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე, დაახლოებით 82%-ით გაუფასურდა. რადგან საქართველოში ნავთობპროდუქტები იმპორტის სახით შემოდის, აღნიშნულმა საწვავის ფასის საბოლოო ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. შესაბამისად, ლარის ნებისმიერი გაუფასურება, საწვავის ფასზე მკვეთრად აისახება.

გრაფიკი 2: ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2012-2021

წყარო: geostat.ge

ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, როგორ იცვლებოდა ბენზინის ფასი 2012-2021 წლების განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მუდმივად იცვლება, ასევე ლარი დოლართან მიმართებით მუდმივად უფასურდება, რასაც 2017 წლიდან აქციზის მკვეთრი ზრდა დაერთო, ყოველივე აღნიშნული ბენზინის ფასის საბოლოო ფორმირებაზე აისახება და ბენზინის გაძვირება/გაიაფებას იწვევს.

გრაფიკი 3: ბენზინის [რეგულარი] ფასი საქართველოში, 2012-2021

წყარო: gulf.ge

როგორ აღვნიშნეთ, საგარეო ფაქტორებთან ერთად, საწვავის ფასწარმოქმნაზე შიდა ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას. ამ პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი აქციზის გადასახადია, რის გამოც, საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მთავრობის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 ტონა იმპორტირებულ ბენზინზე აქციზის გადასახადი 500 ლარს შეადგენს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 1 ტონა ბენზინი დაახლოებით 1075 ლიტრს შეადგენს.

ამ კუთხით, ბოლო ცვლილება 2017 წლის 1 იანვარს განხორციელდა. კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმის (ესტონური მოდელი) შედეგად, ბიუჯეტში დაკლებული შემოსავლები არაელასტიკურ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდით დაბალანსდა. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის განაკვეთები გაორმაგდა, რამაც საწვავი 20-25 თეთრით გააძვირა. აღსანიშნავია, რომ საწვავი, საქონლისა და მომსახურების სრული უმრავლესობის შემთხვევაში, ერთ-ერთ შუალედურ პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, საწვავის გაძვირების კონტრიბუცია ინფლაციაში მაღალია.

აღსანიშნავია, ასევე ის კითხვები, რაც საზოგადოებაში ბენზინის ფასთან დაკავშირებით არსებობს. კერძოდ, როდესაც მსოფლიო ბირჟებზე ბარელის ფასი მცირდება, საქართველოში ბენზინის ფასზე ეს ცვლილება მყისიერად არ აისახება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ნავთობკომპანიებს გარკვეული მარაგები კონკრეტულ ფასად აქვთ ნაყიდი და მათ ბოლომდე გაყიდვამდე, მარაგებს გაიაფებული საწვავით არ შეავსებენ და შესაბამისად, საწვავზე დაბალ ფასებს ვერ ასახავენ. ამ ყველაფერთან აღსანიშნავია ისიც, რომ ბენზინის, როგორც ერთ-ერთი საბაზრო პროდუქტის ფასწარმოქმნაში, დიდი როლს მოგების მარჟა თამაშობს, რომელიც, თავის მხრივ, ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. შესაბამისად, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ფასი საბაზრო ძალებით, ანუ მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ყალიბდება, მაშინ საზოგადოების უკმაყოფილება საწვავის დისტრიბუტორი კომპანიების მიმართ, უსაფუძვლოა.

იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის განცხადებაში ბენზინის ფასის ზრდაზე აკეთებს აქცენტს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის წინა ხელისუფლების პერიოდში ბენზინის ფასის მაჩვენებლად იმ თარიღს გულისხმობს, როცა ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა. ამ დაშვებით თუ ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის ბენზინის ფასზე უნდა საუბრობდეს და არა უფრო ადრეულ, მისივე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაფიქსირებულ უფრო დაბალ მაჩვენებლებზე. 2012 წელს კი ბენზინის ფასი 1.2 ლარი არ ყოფილა. ამ ნაწილში მიხეილ სააკაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ბენზინის ფასის ზრდას - ის მართლაც დრამატულად გაიზარდა და 3 ლარს გადასცდა, რაშიც ხელისუფლების გადაწყვეტილებების წილი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4313 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი