თეონა ჭალიძე: სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2021 წლის ბოლო მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 643,167 ადამიანმა (174,379 ოჯახმა) მიიღო. პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2020 წლის იანვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 210,949 ადამიანით (53,699 ოჯახით) გაიზარდა.
სოციალურად დაუცველების ზრდა პირდაპირ კავშირშია პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან, რამაც მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა გაზარდა. შესაბამისად, სოციალური დახმარების პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატა. ამასთან, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება. კერძოდ, 2020 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი შეჩერებულია [გამოცხადდა მორატორიუმი], გაფართოვდა დახმარების მიმღებთა წრეც.
ანალიზი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თეონა ჭალიძე განაცხადა, რომ „ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო ერთ თვეში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 6420 პირით გაიზარდა და დღეს უკვე 643 167 ადამიანი (174 379 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში ფულადი სოციალური დახმარება 643,167 ადამიანმა (174,379 ოჯახმა) მიიღო, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა - წინა თვესთან შედარებით 5,420 პირით (1,493 ოჯახით) გაიზარდა. 2008-2021 წლებში სოციალურად დაუცველთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2008-2021 წლებში
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
ზოგადად, სოციალურად დაუცველთა ბაზა მუდმივად განახლების რეჟიმშია და ფულად სოციალურ დახმარების მიმღებთა რაოდენობაც იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება, ოჯახის შემოსავლების ან დემოგრაფიული ცვლილებების გამო, 4 წელიწადში ერთხელ კი სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმური შემოწმება ხორციელდება. ამასთან, პროგრამას ახალი ბენეფიციარები ემატებიან.
პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად მზარდია. 2020 წლის იანვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 210,949 ადამიანით (53,699 ოჯახით) გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 2).
პანდემიის პერიოდში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა გაფართოვდა და 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში და ასევე, 2021 წლის იანვრიდან (6 თვის განმავლობაში) 65 000-დან 100 ათასი სოციალურ ქულის მქონე ოჯახებზე (მანამდე აღნიშნული კატეგორია არ იყო ფულადი დახმარების მიმღები) კომპენსაციები გაიცა. თუმცა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა იმ თვეებშიც გაიზარდა, როდესაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციები აღარ გაიცემოდა.
პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისი შინამეურნეობების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახა. შედეგად, მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა გაიზარდა. მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა მთავრობის პოლიტიკამ იქონია. კერძოდ, პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან სოციალური დახმარება არ უწყდება არცერთ ოჯახს. პარალელურად, სოციალური დახმარების პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატა. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან გაფართოვდა ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე. კერძოდ, 16 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარებას იღებენ ის ოჯახები,რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.
გრაფიკი 2: 2020-2021 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო