ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც ისტორიული მაქსიმუმია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი, 2012 წლის იგივე მაჩვენებელს, 365%-ით აღემატება და არა 360%-ით, როგორც პრემიერი ასახელებს. 2012 წელს 23 მლნ ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. მაშინ როცა, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მლნ ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ღვინის ექსპორტი 9-წლიან ჭრილში განიხილა და აღნიშნა: „2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მლნ ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი. 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360%-ით არის გაზრდილი. 212 წელ ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო 71 მლნ დოლარი, შარშან იყო 250 მლნ, ამხელა სხვაობაა ამ ცხრა წელიწადში, რაც არის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი, 2012 წლის იგივე მაჩვენებელს, 365%-ით და არა 360%-ით, აღემატება. 2012 წელს 23 მლნ ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. მაშინ როცა, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მლნ ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება ღვინის ექსპორტს 2012 წლიდან, შემდეგნაირი მონაცემებია დაფიქსირებული:

ცხრილი1: ქართული ღვინის ექსპორტი, მოცულობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკა სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია: პოლონეთი - 34% (7 003 031 ბოთლი), ჩინეთი - 29% (5 934 937), აშშ - 19% (1 084 278), გერმანია - 28% (892 348), ლატვია - 19% (1 900519), ლიეტუვა - 45% (986 740), იაპონია - 12% (197 638) და დიდი ბრიტანეთი -71% (736 391).

ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 76% (332182), შვედეთი - 76% (136786), ჩეხეთი - 227% (148002), ნორვეგია - 1047% (108086), ისრაელი - 50% (480007), ყაზახეთი - 47% (4232446), აზერბაიჯანი - 35% (246635), თურქეთი - 260% (108570), უკრაინა - 21% (12921321), რუსეთი - 8% (62115759), მონღოლეთი - 158% (484902), ბელარუსი - 33% (4886393) და ა.შ.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ღვინის ექსპორტის ზრდა 2013 წლიდან ფიქსირდება, შემდეგ 2015 წლიდან კვლავ მკვეთრი ვარდნაა და 2017 წლიდან ისევ იზრდება, გამონაკლისი გასული - პანდემიის წელია.

2021 წელს, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს.

გრაფიკი 1: 2012-2021 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75ლ), მლნ ლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა.

საანგარიშო პერიოდში მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი ყველაზე დაბალი 2012 წელს იყო (34%), რაც ემბარგოთი იყო განპირობებული. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 - 128 მლნ, 2014 - 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2017 წლიდან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლისი იყო 2019 წელი). გასულ წელსაც რუსეთის წილი ექსპორტში უმნიშვნელოდ - 1%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია. როგორც აღვნიშნეთ, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტში რუსეთის წილის კლების ტენდენციაა, თუმცა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა მთავრობის წარმატებული მუშაობის სადემონსტრაციოდ მოიყვანა. როგორც აღვნიშნეთ, ღვინის ექსპორტი მართლაც ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მთავრობის დადებით წვლილის გარდა, იმ შემთხვევაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელსაც ბერლინში, 29 ნოემბერს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ჰქონდა ადგილი (დაწვრილებით იხილეთ სტატია). როგორც მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი, ბერლინში, ღონისძიებისთვის განკუთვნილი ქართული ღვინის ნიმუშების ჩატანა, რაზეც პასუხისმგებელი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო, ვერ მოესწრო. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მხოლოდ ერთეულ შემთხვევად დარჩება და სამომავლოდ ღვინის ეროვნული სააგენტო მეტ წინდახედულობას გამოიჩენს.

განხილული მასალებიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი