იტვირთება

2022 წლის იანვარში რუსეთსა და აშშ-ის შორის, სხვადასხვა ფორმატში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერთსულოვნად განაცხადა, რომ რუსეთის ულტიმატუმს არ მიიღებდა და ორგანიზაციის კარი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის კვლავ ღია რჩებოდა. მოლაპარაკებების ფონზე, ქართულ სოციალურ სივრცეში პრორუსულად განწყობილმა აქტორებმა და კრემლისტურმა ონლაინ მედია სააგენტოებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და ნატოს მე-5 მუხლის თემა კვლავ გააქტიურეს.

ანალიზი

13 იანვარს ონლაინ მედია სააგენტო „თვალსაზრისმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კრამერის მიზანიც ეს იყო, რომ უარი გვეთქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე“. სტატიის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ „ბოკერია – კობახიძეებთან ერთად დავერწმუნებინეთ, უარი გვეთქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ორი რეგიონის დათმობის ხარჯზე კი ნატოში შევსულიყავით!“ სტატიაში ასევე მოცემულია ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის „ქრონიკისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდი: „საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე“. სტატიის ავტორი, ირაკლი ჯანყარაშვილი აღნიშნული განცხადების და დევიდ კრამერის ვიზიტის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ახდენს და აღნიშნავს, რომ პირველი ეტაპი ნატოში „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანება იქნება, შემდეგი ეტაპი კი ამ რეგიონებზე საბოლოო უარის თქმა.“ მოცემული მასალა Facebook-ანგარიშმა „ირაკლი ჯანყარაშვილის პოლიტიკური ბლოგი“, ისეთ Facebook-ჯგუფებში გააზიარა, როგორებიცაა: „ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze“, „ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები“ და სხვა.

13 იანვარს ირაკლი ჯანყარაშვილმა თავის „პოლიტიკურ ბლოგზე“ იმავე შინაარსის Facebook-პოსტი გამოაქვეყნა. ჯანყარაშვილის პოსტის შინაარსის მიხედვით, დასავლეთის მიზანია, საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი თქვას: „კიდევ ერთი მესიჯი გამოგვიგზავნეს „კოლექტიური დასავლეთიდან“ უარი თქვით თქვენს ორ რეგიონზე და მიგიღებთ ალიანსშიო“.

ამასთან ერთად, 13 იანვარს სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა 2019 წლის 10 სექტემბერს თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკების ამსახველი ვიდეო. Facebook-გვერდი „პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები“ და ირაკლი ჯანყარაშვილი თავისი პირადი Facebook-ანგარიშის მეშვეობით მოცემულ ვიდე-მონაკვეთს იდენტური აღწერით ავრცელებენ. აღწერის თანახმად, ალიანსში „ისევ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გვეპატიჟებიან“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 5 იანვარს Facebook-მომხმარებელმა Fati Kharshiladze-მ და Facebook-გვერდმა „2012-იანელები“ იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს, სადაც ე.წ. ნატოს შემოთავაზებაზეა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) საუბარი. პოსტში წარმოდგენილი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელების მცდარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ნატოში საქართველოს გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ნიშნავს, რომ „ჩვენვე ვაღიარებთ რომ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია...“ ამასთან ერთად, მასალაში ნატოში გაწევრიანების „გერმანულ მოდელზეა“ საუბარი: „ძალიან დიდი რისკია გერმანია განმეორდეს! იქ ჯერ გაერთიანდნენ და ნატოს 5 მუხლი მერე ამუშავდა!“

პრორუსული მედიასაშუალებები და კრემლისტური აქტორები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხითა და ალიანსის მე-5 მუხლით, წლებია მანიპულირებენ. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 29 იანვარს ამერიკული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის ერთ-ერთმა მკვლევარმა ლუკ კოფმა ანგარიში გამოაქვეყნა. რეალურად, ანგარიშში განხილულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის აუცილებლობაზე რეპორტის არცერთი პუნქტი არ მიუთითებს. რეკომენდაცია, რომელიც კვლევის ფარგლებში ლუკ კოფმა შეიმუშავა, გულისხმობს ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში ისე, რომ რუსეთისგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სრულ დეოკუპაციამდე, საქართველოს ამ ორ რეგიონზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ ამოქმედდეს.

რას გულისხმობს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი:

საკუთრივ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი გულისხმობს შემდეგს: „მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე, მხარეები დახმარებას გაუწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის - სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. ნებისმიერი მსგავსი შეიარაღებული თავდასხმისა და მის საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დასრულდება უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისთანავე“.

ლუკ კოფი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისას ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული მუხლის არ გავრცელების შესაძლებლობას უშვებს. ლუკ კოფის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას არ ნიშნავს. მსგავსი მითითებები არც კვლევაში მოიპოვება. მისი შეფასებით, ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი დროებით არ ამოქმედდეს, ქვეყნის სრულად დეოკუპაციის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება. ნატო-ს მე-5 მუხლში, არსად არის მითითებული, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს.

აღნიშნული ინიციატივა ანდრეს ფოგ რასმუსენმა 2019 წლის 10 სექტემბერს თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა. რასმუსენის თანახმად, „თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატო-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია - როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატო-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იმავე კითხვას“.

მოგვიანებით, მოცემულ საკითხზე რასმუსენმა 2022 წლის 11 იანვარს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. რასმუსენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. „მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს ნატოს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარია უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი - როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ ნატოს კარი“, - განაცხადა რასმუსენმა.

შესაბამისად, ნატოში საქართველოს მიწვევა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ან ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. აღნიშნულ იდეაში იგულისხმება ის, რომ ნატო და მისი წევრი ყველა სახელმწიფო საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს აღიარებს, თუმცა თუ საომარი მოქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყება, ამ შემთხვევაში, ალიანსი სამხედრო დახმარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ამასთან ერთად, კრემლისტური აქტორები ნატოში გაწევრიანების „გერმანული მოდელის“ არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ. მასალის თანახმად, გერმანია ჯერ გაერთიანდა და ნატოს მე-5 მუხლი ამის შემდეგ ამოქმედდა.

გერმანიის ნატოში გაწევრიანების ისტორია:

ნატოს გაფართოების ისტორიაში ზემოთ განხილული იდეის არა იდენტური, თუმცა მსგავსი შემთხვევა გერმანიის სახით არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია 4 საოკუპაციო ზონად გაიყო. 1949 წელს გერმანიის დასავლეთ ნაწილში ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული კონტროლის ზონების კონსოლიდაცია მოხდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გფრ) ჩამოყალიბდა. ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ზონისგან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდში 1949 წლის 4 აპრილს ევროპის ათმა და ჩრდილოეთ ამერიკის ორმა სახელმწიფომ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ნატო-ს - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას. ხელმომწერი ქვეყნების გაერთიანების მიზანი იყო, საბჭოთა აგრესიისგან ერთობლივი ძალებით დაეცვათ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის (გფრ) აღდგენაში ნატომ ცენტრალური როლი ითამაშა.

1949 ვაშინგტონშიც და ბონშიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანების იდეა ნელ-ნელა ფესვს იდგამდა. თუმცა ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი გფრ-ის ნატოში მიღების ნაცვლად მოითხოვდნენ, შექმნილიყო ევროპულია არმია, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა გერმანული კონტინგენტი. გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი ყველაზე ნაკლებად საკამათო წინადადება, რომლის თანახმადაც, უნდა შექმნილიყო გერმანიის ფედერალური პოლიცია, რომელიც მზად იქნებოდა, ქვეყნის შიგნით წარმოქმნილ პრობლემებს გამკლავებოდა და მომავალი გერმანული არმიისთვის ადამიანური რესურსის მიწოდებას შეძლებდა.

საბოლოოდ, 1954 წლის 23 ოქტომბერს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ გფრ ნატოში მიეწვია. 1955 წლის 5 მაისს ამერიკულმა, ფრანგულმა და ბრიტანულმა ძალებმა დასავლეთ გერმანიის სამხედრო ოკუპაცია ოფიციალურად დაასრულეს. 1955 წლის 6 მაისს კი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ნატოში გაწევრიანდა. ნატოს წესდება ამ პერიოდისთვის მხოლოდ დასავლეთ გერმანიაზე გავრცელდა და აღმოსავლეთ გერმანიაზე არ ამოქმედებულა. მას შემდეგ, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანდა (1990), ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი