იტვირთება

2022 წლის 19 დეკემბერს ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში გადაცემა „ღამის სტუდიის“ სტუმარმა ნონა აღდგომელაშვილმა კორონავირუსის პანდემიასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ისაუბრა. ინტერვიუს განმავლობაში რამდენიმე მანიპულაციური განცხადება და დეზინფორმაცია გაჟღერდა:

მტკიცება: არ მოიძებნება დოკუმენტი, რომელიც პანდემიის არსებობას დაამტკიცებს. არცერთ ქვეყანას, მათ შორის, არც საქართველოს და არც ჯანმოს ეპიდემია და პანდემია არ გამოუცხადებია. ჯანმო ახლა იწყებს გამოცხადებას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ ეპიდემია ან პანდემია არ გამოცხადებულა, ყალბია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) Covid-19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). მათ შორის 4 ქვეყანაში - ჩინეთში, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში, მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% დაფიქსირდა.

ზოგადად, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ პანდემიის გამოცხადების ფორმალური პროცედურა არ აქვს. მას შემდეგ, რაც ჯანმოს მრჩეველთა კომიტეტი მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების სტანდარტით განიხილავს და პრეზიდენტს ინფორმაციას მიაწვდის, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, პანდემია გამოაცხადოს. 11 მარტამდე ჯანმომ ორგანიზაციის შიგნით და გარეთ არაერთი კონსულტაცია გაიარა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა ტერმინი „პანდემია“, რაც ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მეტი მექანიზმის ამუშავებისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, 2020 წლის 30 იანვარს ჯანმომ უკვე განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგაშო გახდა, რაც საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში ვირუსული აფეთქების კლასიფიკაციის უმაღლესი საფეხურია.

მტკიცება: პანდემიის დროს ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია არ შეიძლება, სოციალურ ქსელში აქამდეც არაერთხელ გავრცელდა. დეზინფორმაციის თანახმად, ვაქცინაცია ვირუსის მუტაციას ხელს უწყობს და ის უფრო აგრესიული და გადამდები ხდება.

სინამდვილეში, ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას უწყობს ხელს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ვირუსი ძირითადად მუტაციებს იმ რეგიონებში განიცდის, სადაც ვაქცინაციის დონე დაბალია. SARS-COV-2-ის შტამები ნაწილი კი ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ვირუსებისთვის დამახასიათებელია ახალი ვარიანტების წარმოქმნა, რაც მეტ ადამიანში იმოგზაურებს ვირუსი, მით მეტად განიცდის მუტაციას და ახალი შტამები წარმოიქმნება. რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ვირუსი სუსტდება და მუტაციის უნარი მცირდება. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ვაქცინირებული ადამიანი ხელს უწყობს ვირუსის მუტაციას და უფრო სახიფათო შტამის წარმოქმნას’’.

მტკიცება: ტესტი გრიპის ვირუსს ვერ კორონავირუსისგან ვერ არჩევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემიის დაწყების პერიოდიდანვე, Covid-19-ის დიაგნოსტირების ტესტებთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ამბავი გავრცელდა, მათ შორის ის, რომ ტესტები რეალურად, კორონავირუსს ვერ ადგენენ და შესაბამისად, ყალბ დადებით პასუხს აფიქსირებენ.

Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები გამოიყენება, ყველა მათგანი ორგანიზმში SARS-COV-2-ის ვირუსის არსებობას იკვლევს და მტკიცება, რომ ტესტები გრიპსა და კორონავირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, აბსურდულია. PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-COV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით სისხლში SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხორციელდება.

რეალურად, მტკიცება, რომ თითქოს კორონავირუსის ტესტები ერთმანეთისგან გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევს, სავარაუდოდ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალ პროტოკოლს უკავშირდება. 2021 წლის 21 ივლისს მიღებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) PCR ტესტების გადაუდებელი გამოყენებისთვის გაცემული ავტორიზაცია შეწყვეტის თხოვნით მიმართა, რომელიც 2020 წლის თებერვალში იყო გაცემული. ამასთანავე, CDC იმ ლაბორატორიებს, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტებს იყენებდნენ, ალტერნატიულ მეთოდებზე გადასვლას სთხოვს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებით CDC-ს არც PCR ტესტების არაეფექტურობა უღიარებია და არც ის, რომ ეს ტესტები ერთმანეთისგან ჩვეულებრივ გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევენ. სინამდვილეში, CDC-მ რეკომენდაცია გასცა ისეთი ტესტირების მეთოდისთვის, რომელიც კორონავირუსთან ერთად, გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებასაც მოახდენს.

Covid-19-ის დიაგნოსტირების ტესტების მუშაობის მექანიზმსა და მათთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მტკიცება: ვიდეო პენტაგონიდან აჩვენებს, რომ ვაქცინის საშუალებით ე.წ. „ღვთიური გენის“ ჩახშობას შეძლებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ნონა აღდგომელაშვილი გადაცემაში პენტაგონის ვიდეოს ახსენებს, რომლითაც თითქოს მტკიცდება, რომ ვაქცინის საშუალებით ღვთიური გენის და ტვინის იმ ნახევარსფეროს ჩახშობას შეძლებენ, რომელიც რელიგიურობაზეა პასუხისმგებელი.

პენტაგონთან და ვაქცინებთან დაკავშირებული აღნიშნული მტკიცება სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ ნახევარში ვრცელდებოდა. Facebook-მომხმარებლები ვიდეოს ბილ გეითსთან აკავშირებდნენ და წერდნენ, რომ ბილ გეითსი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობაში „საღვთო გენის“ (რელიგიური ფუნდამენტალიზმის განმსაზღვრელი გენი) შეცვლის გეგმას პენტაგონში წარადგენდა. გეგმის შესასრულებელ მექანიზმად კი რელიგიური ფუნდამენტალიზმის საწინააღმდეგო ვაქცინას, FunVax-ს, განიხილავს, რომელიც „ფანატიკოსს“ „ნორმალურ ადამიანად“ გადააქცევს. ვიდეოში აღნიშნულია, რომ დასახელებული ვაქცინის მოსახლეობაზე დატესტვის მიზნით სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი სპეციალურად იქმნება, მათ შორის, კორონავირუსები.

სინამდვილეში, ვიდეო არაავთენტურია და ის 2005 წლით არ თარიღდება. გავრცელებული ვიდეო მრავალმხრივ არაზუსტ და გამოგონილ ფაქტზეა დაფუძნებული. გარდა იმისა, რომ ე.წ. „საღვთო გენის“ არსებობა მეცნიერულად დაუდასტურებელია, თავად ვიდეოში წარმოდგენილ პრეზენტატორს არც ბილ გეითსთან და არც პენტაგონთან საერთო არაფერი აქვს.

ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ თავად ვიდეო რეალურად პენტაგონიდან არ არის გაჟონილი და ის არაავთენტური და ყალბია, ვიდეოში პრეზენტაციის დროს ნაჩვენები სურათია. ვიდეოში პრეზენტატორი (რომელსაც ზოგი მოტყუებით ბილ გეითსად მოიხსენიებს) ხსნის, რომ აღნიშნულ სურათზე ნაჩვენებია ორი ადამიანის ტვინი, რომელთაგანაც ერთი რელიგიურია და მეორე - არა. სინამდვილეში, მოცემული ტვინის სურათი 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევიდან - „დაბნეულობისა და ორმხრივი დროებითი დაზიანებების შემთხვევა ახალგაზრდა ქალში“ - არის მოპარული, რომელიც ნევროლოგიის ამერიკის აკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მისი ავტორები მეთიუ უესტი და ქრისტი იანგ ბარბი არიან. მას FunVax-თან არანაირი კავშირი არ აქვს. ხოლო კვლევაში გამოყენებული ტვინის სურათები სინამდვილეში არა ორი სხვადასხვა ადამიანის, არამედ ერთი ადამიანის ტვინის ორ სხვადასხვა დროს გადაღებული სურათებია. შესაბამისად, შეუძლებელია 2005 წელს გადაღებულ ვიდეოში 2010 წლის კვლევის სურათი მოხვედრილიყო. აქედან გამომდინარე, ვიდეო მიზანმიმართულად დადგმული სიყალბეა. ვრცლად აღნიშნული ვიდეოს შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი