იტვირთება

2 იანვარს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი თანდართული სტატიის საფუძველზე ამტკიცებს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან RT-PCR ტესტების გაკეთება აკრძალული იქნება, რადგან აღნიშნული ტესტები კარგავს FDA-ის გადაუდებელი გამოყენების უფლებამოსილებას. თოფურიას თანახმად, ეს ტესტები ექსპერიმენტული დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია. აღნიშნული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში 2021 წლის ივლისიდან ცირკულირებს.

29 ივლისს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ PCR ტესტის ერთ-ერთი სახეობისთვის - RT-PCR (Real Time PCR) ტესტი - გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ გაუქმდება და ჩანაცვლდება ალტერნატიული PCR ტესტებით. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ PCR ტესტები არ მუშაობს, საფუძველს მოკლებულია.

CDC-ის განცხადების თანახმად, CDC კვლევით ლაბორატორიებს აძლევს რეკომენდაციას, განიხილონ ტესტირების ისეთი კომპლექსური მეთოდი, რომელიც როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის ვირუსის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. იგულისხმება სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებსაც ერთი და იმავე დროს შეუძლია კორონავირუსისა და გრიპის იდენტიფიცირება. ამ განცხადების მიხედვით, იმის მტკიცება, რომ წინა ტესტები ამ ორ ვირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და შესაბამისად არ მუშაობს, საფუძველს მოკლებულია. საქმე ისაა, რომ RT-PCR ტესტებს მხოლოდ კორონავირუსის იდენტიფიცირება შეუძლია და მათი ტექნოლოგია სხვა ვირუსების გენომებზე არ მუშაობს. არიზონას უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამართლისა და პოლიტიკის ცენტრის მკვლევრის, ჯენიფერ პიატის თანახმად, CDC-ის განცხადებაში იგულისხმება პირვანდელი ტესტების იმ ტესტებით ჩანაცვლება, რომელსაც გრიპის და კორონავირუსის დადგენა - დროისა და რესურსების დაზოგვის მიზნით, ერთდროულად შეუძლია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირვანდელი ტესტები ამ ორ ვირუსს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდა.

CDC-ის სპიკერის ჯეიდ ფულსის განმარტებით, RT-PCR (Real Time PCR) ტესტები „მაღალი სიზუსტით“ გამოირჩევა და ამ ტესტებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის შეწყვეტას ტესტების ეფექტურობა/არაეფექტურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდისთვის მეტი PCR ტესტი გახდა ხელმისაწვდომი და RT-PCR ტესტებზე მოთხოვნა შემცირდა.

ამასთან ერთად, როგორც პოსტში თანდართულ სტატიაში, ისე ავტორის აღწერაში მოცემულია ყალბი მტკიცება, რომ რადგან აღნიშნულ ტესტებს FDA-სგან მხოლოდ გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული, ტესტები ექსპერიმენტულია და არ არის სანდო. რეალურად, გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია ეს არის მექანიზმი, რომელსაც ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები გადაუდებელ შემთხვევებში იყენებენ, მაგ. პანდემიის პირობებში, რომ ჯერ სრულად დაურეგისტრირებელი ვაქცინის, ტესტების ან ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო სხვა საშუალების ხელმისაწვდომობას ხელი შეუწყონ, რაც დაავადების სამკურნალოდ ან მისი გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. ამგვარი ავტორიზაცია მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს და კონკრეტული პროდუქტი მარეგულირებლის სტანდარტულ მოთხოვნებს უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით აკმაყოფილებს.

PCR-ტესტები ჯანდაცვის მუშაკების მიერ მთელი მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება და აღნიშნული მეთოდი კორონავირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. PCR მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. PCR მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისას. მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. ამ სადიაგნოზო მეთოდის აღმომჩენი ამერიკელი მეცნიერი კ. მიულისია (1983), რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია)

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) წარმომადგენელმა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია AFP-თან საუბრისას განაცხადა, რომ PCR ტესტები დღეისათვის კორონავირუსის დასადგენად საუკეთესო საშუალებად ითვლება.

შესაბამისად, პოსტში მოცემული სტატია და თანდართული აღწერა PCR ტესტების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ყალბ ინფორმაციას შეიცავს. CDC-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, RT-PCR ტესტის PCR ტესტით ჩანაცვლებას ეხება. ჩანაცვლება ხდება არა იმიტომ, რომ RT-PCR ტესტი არასანდო ან არაეფექტურია, არამედ იმიტომ რომ RT-PCR ტესტი მხოლოდ კორონავირუსის გენის ამოცნობაზეა პასუხისმგებელი (და ამას საკმაოდ მაღალი სიზუსტით აკეთებს), ალტერნატიულ ტესტს კი შეუძლია ერთდროულად მიზანმიმართულად ამოიცნოს, როგორც კორონავირუსი, ისე გრიპის ვირუსი. შესაბამისად, ალტერნატიული ტესტი დროისა და რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი