იტვირთება

ქ-ნო სიუზან ვოიჩიცკი,

COVID-19 პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა. მსოფლიო მრავალჯერ დარწმუნდა, თუ რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია სოციალური ჰარმონიისთვის, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის; დეზინფორმაციის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება დაინგრა, ასევე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ახლობელი დაკარგა. ჩვენ, როგორც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი, ინტერნეტით სიცრუის გავრცელებას თვალს ვადევნებთ — და ყოველდღე ვხედავთ, რომ YouTube მსოფლიოში ონლაინ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია. ეს ჩვენი, ფაქტების გადამმოწმებელთა მსოფლიო თემისთვის, შეშფოთების მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს.

რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს არის საკმარისი ძალისხმევა YouTube-ის მხრიდან, მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა, შესაბამისი პოლიტიკის გატარების გზით. პირიქით, YouTube უშვებს, რომ პლატფორმა არაკეთილსინდისიერი აქტორების ხელში სხვათა მანიპულირებისთვის, მავნე ჯგუფების ორგანიზებისა და თანხების მოზიდვისთვითვის გამოიყენებოდეს. დღემდე მიღებული ზომები არასაკმარისია. ამიტომ დაჟინებით მოგიწოდებთ, დეზინცორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტურად იმოქმედოთ, დასახოთ პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი ინტერვენციების სამოქმედო გეგმა, რათა გააუმჯობესოთ ინფორმაციული ეკოსისტემა და, ამ მიზნით, მსოფლიოს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან ითანამშრომლოთ.

გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ კონსპირაციის გამავრცელებელი ჯგუფები ძლიერდებოდნენ და წარმატებით ახერხებდნენ თანამშრომლობის განვითარებას თავიანთი ქვეყნების ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც დაიწყო გერმანიაში, გავრცელდა ესპანეთში და, საბოლოოდ, ლათინური ამერიკაც მოიცვა – ეს ყველაფერი YouTube-ზე მოხდა. ამავე დროს, მილიონობით სხვა მომხმარებელი ბერძნულსა თუ არაბულ ენებზე უყურებდა ვიდეოებს, რომლებიც აქეზებდა მათ, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ვაქცინაციისთვის ან COVID-19-ის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული მედიკამენტებით ემკურნალათ. წლების განმავლობაში, YouTube-ის საშუალებით, გარდა COVID 19-ისა, კიბოს მკურნალობის ყალბი მეთოდები ვრცელდებოდა.

ბრაზილიაში პლატფორმა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გასავრცელებლად იქნა გამოყენებული და მას ათობით ათასი მომხმარებელი ჰყავდა. არც არჩევნები აღმოჩნდა უსაფრთხო. ფილიპინებში ვრცელდება ყალბი მასალა, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მასალა უარყოფს ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციას სამხედრო მდგომარეობის წლებში და ბოლო დიქტატორის ვაჟის რეპუტაციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ის 2022 წლის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატია. ტაივანში ბოლო არჩევნების დისკრედიტირება გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებით მოხდა. ერთი წლის წინ მთელი მსოფლიო დეზინფორმაციის შედეგების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა, როდესაც გამძვინვარებული ბრბო შეერთებული შტატების კაპიტოლიუმს თავს დაესხა. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინა საღამოდან შემდეგ დღემდე „გაყალბებული არჩევნების“ ნარატივის მხარდამჭერი YouTube ვიდეოები ნანახია 33 მილიონზე მეტჯერ.

ასეთი მაგალითი უამრავია. ამ ვიდეოებისა და არხების დიდი ნაწილი დღესაც მოქმედებს და ყველა მათგანი YouTube-ის პოლიტიკის რადარს მიღმა აღმოჩნდა, განსაკუთრებით, არაინგლისურენოვან ქვეყნებსა და „გლობალურ სამხრეთში“. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბოლო ხანებში კომპანია ამ პრობლემების მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ყოველდღიურად პლატფორმაზე ვხედავთ, ვფიქრობთ, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის – და ამ ნაბიჯების ეფექტურობის დასადასტურებლად არც YouTube-ს წარმოუდგენია ხარისხიანი მონაცემები.

თქვენი კომპანიის პლატფორმა დღემდე დეზინფორმაციის შესახებ დისკუსიას ყალბი დიქოტომიის ჩარჩოში აქცევდა, რაც გულისხმობდა დისკუსიის დაყვანას მასალის წაშლას-არწაშლამდე. ამით YouTube უგულებელჰყოფს შესაძლებლობას, გააკეთოს ის, რაც დადასტურებულია, რომ მუშაობს. ჩვენი გამოცდილება, როგორც ფაქტების გადამმოწმებლების, აკადემიურ მტკიცებულებასთან ერთად, გვეუბნება, რომ დეზინფორმაციული მასალის უბრალოდ წაშლაზე უფრო ეფექტიანი ამ მასალის შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაა. ამით, ერთი მხრივ, დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამასთან აღიარებულია დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საჭიროება, რათა შემცირდეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის საშიში რისკები. რამდენადაც YouTube ნახვების დიდი ნაწილი მოდის მისივე რეკომენდაციის ალგორითმიდან, YouTube-მა ასევე უნდა უზრუნველჰყოს, რომ დეზინფორმაციას პლატფორმის მომხარებლებზე არ არეკლამებდეს და მათ არასაიმედო არხებიდან მასალას არ სთავაზობდეს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ჩვენ გთავაზობთ ზოგიერთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს YouTube-ზე დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შემცირებაში:

1. დეზინფორმაციის შესახებ პლატფორმაზე ხელშესახები გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება: YouTube-მა მხარი უნდა დაუჭიროს დამოუკიდებელ კვლევებს, რომლებიც შეისწალის დეზინფორმაციული კამპანიების წარმოშობას, მათ გავრცელებასა და გავლენას, ასევე, ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავების ყველაზე ეფექტურ გზებს. ასევე უნდა გამოქვეყნდეს, დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მოდერაციის მთლიანი პოლიტიკა, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და იმ მონაცემთა ბაზის შესახებ, რომლითაც აღნიშნული ხელოვნური ინტელექტი მუშაობს.

2. სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად მასალის ამოღების გარდა, YouTube-ის ყურადღება უნდა გამახვილდეს კონტექსტით უზრუნველყოფასა და დეზინფორმაციის გამოსააშკარავებელი მასალის შეთავაზებაზე, რომელიც მკაფიოდ იქნება დადებული ვიდეოზე ან მიწოდებული იქნება დამატებითი ვიდეო მასალის სახით. აღნიშნული მოხდება მხოლოდ კონსტრუქციული და სტრუქტურირებული თანამშრომლობის წამოწყებით, პასუხისმგებლობის აღებითა და საერთაშორისო მასშტაბით სისტემატური ინვესტირებით დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ძალისხმევაში, რომელიც ასეთი პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული.

3. გადაიდგას ნაბიჯები იმ განმეორებით დამრღვევთა წინააღმდეგ, რომელთა მიერ გამოქვეყნებული პროდუქტებიც მუდმივად მოინიშნება, როგორც დეზინფორმაცია ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მათ წინააღმდეგ, ვინც, პლატფორმაზე ან მის გარეთ, ამ მასალის მონეტიზაციას ეწევა. მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამავრცელებელი არხების მასალას პლატფორმის რეკომენდაციის ალგორითი აღარ არეკლამებდეს.

4. გააფართოვოს მიმდინარე და მომავალი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ ინგლისურის გარდა სხვა ენებზეც, უზრუნველჰყოს, სხვადასხვა ქვეყნისა და ენის შესაბამისი მონაცემების მიწოდება და ტრანსკრიპციის სერვისების ყველა ენაზე მუშაობა.

იმედი გვაქვს, განიხილავთ ამ იდეების განხორციელებას საზოგადოების საკეთილდღეოდ და YouTube-ის ისეთ პლატფორმად გადასაქცევად, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული იარაღად მომხმარებლებისა და მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია, დავეხმაროთ YouTube-ს. გვსურს, შეგხვდეთ და თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და გამოვნახოთ თანამშრომლობის გზები. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს ამ შემოთავაზებაზე.

Africa Check (სენეგალი, ნიგერია, კენია, სამხრეთ აფრიკა) / Animal Político - El Sabueso (მექსიკა) / Aos Fatos (ბრაზილია) / Bolivia Verifica (ბოლივია) / BOOM (ინდოეთი, მიანმარი და ბანგლადეში) / Check Your Fact (აშშ) / Code for Africa - PesaCheck (ბურკინა ფასო, ბურუნდი, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ დიუარი, ეთიოპია, განა, გვინეა, კენია, მალი, ნიგერი, ნიგერია სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, სუდანი, ტანზანია, უგანდა და ზიმბაბვე) / Colombiacheck (კოლუმბია) / CORRECTIV (გერმანია) / Cotejo.info (ვენესუელა) / Chequeado (არგენტინა) / Delfi Lithuania (ლიეტუვა) / Demagog Association (პოლონეთი) / Doğruluk Payı (თურქეთი) / Dubawa (ნიგერია, განა, სიერა ლეონე, ლიბერია და გამბია) / Ecuador Chequea (ეკვადორი) / Ellinika Hoaxes (საბერძნეთი) / Fact Crescendo (ინდოეთი) / Fact-Check Ghana / FactCheck.org (აშშ) / FactSpace West Africa / Facta (იტალია) / FactcheckNI (გაერთიანებული სამეფო) / Factly (ინდოეთი) / Factual.ro (რუმინეთი) /FactWatch (ბანგლადეში) / Fakenews.pl (პოლონეთი) / Faktist.no (ნორვეგია) / Faktograf.hr (ხორვატია) / Faktoje (ალბანეთი) / Fast Check CL (ჩილე) / Fatabyyano (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) / Full Fact (გაერთიანებული სამეფო) / GRASS - ფაქტ-მეტრი საქართველო / India Today Group (ინდოეთი) / Istinomer (სერბეთი) / Istinomjer (ბოსნია და ჰერცოგოვინა) / Hibrid.info (კოსოვო) / Knack Magazine (ბელგია) / La Silla Vacía (კოლუმბია) / Lead Stories (აშშ) / Les Surligneurs (საფრანგეთი) / Logically (გაერთიანებული სამეფო) / Lupa (ბრაზილია) / Maldita.es (ესპანეთი) / MediaWise (აშშ) / Mongolian Fact-checking Center (მონღოლეთი) / MyGoPen (ტაივანი) / Myth Detector (საქართველო) / NewsMobile (ინდოეთი) / Newschecker (ინდოეთი და სამხრეთ აზია) / Newtral (ესპანეთი) / Observador - Fact Check (პორტუგალია) / Open Fact-checking (იტალია) / OŠTRO (სლოვენია) / Pagella Politica (იტალია) Poligrafo (პორტუგალია) / PolitiFact (აშშ) / Pravda (პოლონეთი) / Rappler (ფილიპინები) / Raskrinkavanje (ბოსნია და ჰერცოგოვინა) / Re:Check/Re:Baltica (ლატვია) / RMIT ABC Fact Check (ავსტრალია) Rumor Scanner (ბანგლადეში) / Science Feedback (საფრანგეთი) / StopFake (უკრაინა) / Taiwan FactCheck Center (ტაივანი) / Tempo (ინდონეზია) / Teyit (თურქეთი) / The Healthy Indian Project/THIP Media (ინდოეთი) / The Journal FactCheck (ირლანდია) / The Logical Indian (ინდოელი) / The Quint (ინდოეთი) / The Washington Post Fact-checker (აშშ) / The Whistle (ისრაელი) / Univision - elDetector (აშშ) / VERA Files (ფილიპინები) / Verificat (ესპანეთი) / Vishvas News (ინდოეთი) / Vistinomer (ჩრდილოეთ მაკედონია) / VoxCheck (უკრაინა) / 15min (ლიეტუვა)


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4167 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი