ირაკლი ღარიბაშვილი: წელს, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 20 ათასით, სოფლად კი 40 ათასით გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: 2021 წელს წლიური მონაცემები ბუნებრივია, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მიმდინარე წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 16.6 ათასით გაიზარდა, ხოლო სოფლად დაქირავებით დასაქმებულთა ზრდამ 17.3 ათასი შეადგინა. შესაბამისად, პრემიერის მიერ დასახელებული მონაცემები არაა ზუსტი. პრემიერი ასევე იმ ფაქტს უგულებელყოფს, რომ ქალაქად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით, მცირედით შემცირდა. ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენაა და არა რეალური ზრდა. აღსანიშნავია, რომ როგორც სოფლად, ისე ქვეყნის მასშტაბით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა: „წელს დაახლოებით 20 ათასი კაცით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო სოფლად დაქირავებულთა რაოდენობის ზრდამ 40 ათას კაცს გადააჭარბა“.
საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია.
პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2020 წელს წინა წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 52.2 ათასით შემცირდა. უარყოფითი ტენდენცია მიმდინარე წლის I და II კვარტალშიც გაგრძელდა და დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირდებოდა.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1 ათასით გაიზარდა. მათ შორის - დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 16.6 ათასით გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი - 4.5 ათასით შემცირდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიური კონტექსტი, კერძოდ, კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკურ შეზღუდვების შემსუბუქებას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა. თუმცა დასაქმების მაჩვენებლებს პანდემიამდე არსებულ მონაცემებს თუ შევადარებთ, დასაქმებულთა, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, შემცირებულია.
გრაფიკი 1: დასაქმების მაჩვენებლები (კვარტალური)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა 3.7 ათასით გაიზარდა. მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 17.3 ათასით გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი - 13.8 ათასით შემცირდა. სოფლად როგორც დაქირავებით, ასევე დასაქმებულთა საერთო მაჩვენებელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან (არაპანდემიურ წელთან) შედარებით შემცირებულია.
გრაფიკი 2: დასაქმების მაჩვენებლები სოფლად (კვარტალური)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6 ათასით შემცირდა.
დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებლებზე საუბრისას პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვები არაზუსტია, ამასთან ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქალაქად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირედით შემცირდა. ამასთან, პრემიერი პანდემიურ კონტექსტს არ ითვალისწინებს. კერძოდ, 2020 წელს მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც ლოგიკურია - არ იყო მუდმივად დაკარგული სამუშაო ადგილები და 2021 წელს ეტაპობრივად დაიწყო აღდგენა. 2021 წლის III კვარტლის მონაცემებით, დასაქმების მაჩვენებლები არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით, არათუ გაზრდილი, არამედ შემცირებულია.