იტვირთება

სოსლან ზოიძე: შუახევის [2022 წლის] ბიუჯეტში არის კლება, მაგრამ სამაგიეროდ არის მატება ნახევარი მილიონი ლარით - სახელფასო ფონდში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოსლან ზოიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

განცხადება: „2021 წელთან შედარებით, შუახევის [2022 წლის] ბიუჯეტში არის კლება, მაგრამ სამაგიეროდ არის ბიუჯეტში მატება ნახევარი მილიონი ლარით - სახელფასო ფონდში“.

რეზიუმე: შუახევის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმა 15 065 000 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიური პარამეტრის საწყის გეგმას 4 306 600 ლარით აღემატება, თუმცა იმავე წლის საბოლოო გეგმასთან შედარებით, 1 289 000 ლარით ნაკლები მოცულობით დაიგეგმა.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ზრდა ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა არა ნახევარი მილიონი ლარით, როგორც ამას განცხადების ავტორი ასახელებს, არამედ - 244 440 ლარით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ხელფასები მაღალი პროცენტით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებს ეზრდებათ, კერძოდ, მერს, მის სამ მოადგილესა და სამსახურის უფროსებს, ჯამში ცამეტ პირს. რაც შეეხება საკრებულოს, გაზრდილ ანაზღაურებას აიღებენ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, ხუთი კომისიის თავმჯდომარე, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, რომელთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია (მუნიციპალიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად). წელს შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 1 527 240 ლარია დაგეგმილი.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ 2022 წლის ბიუჯეტი შემცირებულია, თუმცა ის მიმდინარე წლის მაჩვენებელს გასული წლის საბოლოო პარამეტრთან ადარებს. როგორც ცნობილია, წლის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებები შედის და ამ ცვლილებებით, უმეტესად, ბიუჯეტის შემოსულობები და, შესაბამისად, გადასახდელებიც იზრდება. ამიტომ გასული ბიუჯეტის საბოლოო გეგმისა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყისი გეგმის ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია. ამასთან, პოლიტიკოსი „სახელფასო ფონდის“ ზრდის ზომასაც უზუსტოდ ასახელებს. აქედან გამომდინარე, განცხადება მხოლოდ ნაწილობრივაა ზუსტი და მას დამატებითი დეტალები და კონტექსტი აკლია. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოსლან ზოიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სოსლან ზოიძემ განაცხადა: „2021 წელთან შედარებით, შუახევის [2022 წლის] ბიუჯეტში არის კლება, მაგრამ სამაგიეროდ არის ბიუჯეტში მატება ნახევარი მილიონი ლარით - სახელფასო ფონდში“.

შუახევის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმა 15 065 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ბიუჯეტის საწყის ანალოგიურ პარამეტრს 4 306 600 ლარით აღემატება. გასული წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილებით გადასახდელების მოცულობა დაკორექტირდა და საბოლოო გეგმამ 16 354 000 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 2021 წლის საბოლოო გეგმასთან შედარებით, 1 289 000 ლარით შეამცირა. თუმცა გამორიცხული არაა, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში აღნიშნული პარამეტრები შეიცვალოს.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2021 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს 2022 წლიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებოდათ. აქედან გამომდინარე, შუახევის მუნიციპალიტეტმა წლევანდელ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის 1 527 240 ლარი გაითვალისწინა, რაც გასული წლის გეგმას (როგორც საწყისს, ისე - საბოლოოს) 244 440 ლარით აღემატება. დასაქმებულთა რიცხოვნობა კი უცვლელი დარჩა - 102 ადამიანი.

შრომის ანაზღაურების მაღალი პროცენტით ზრდა საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებს შეეხოთ.

ცხრილი 1. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2021-2022 წლების მიხედვით

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტი

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 დეკემბრიდან შუახევის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე დაემატა, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურებაც (თითოეულის) 1 800 ლარით განისაზღვრა. იმავე პერიოდიდან, ფრაქციის თავმჯდომარის რაოდენობა ორით შემცირდა. ერთით ნაკლებია ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობაც. როგორც მუნიციპალიტეტის პასუხიდან ირკვევა, ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, რამდენი ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ეყოლება საკრებულოს.

ხელფასები გაეზარდათ მერიის თანამდებობის პირებსაც.

ცხრილი 2. შუახევის მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2021-2022 წლების მიხედვით

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტი

როგორც ვხედავთ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამდებობის პირებს ხელფასები მკვეთრად გაეზარდათ.

ყველაზე მაღალი ზრდა - მერის მოადგილეების, მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გასული წლის ანაზღაურებასთან მიმართებით ფიქსირდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი