იტვირთება

2021 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მანიპულაციები მალევე გავრცელდა. Facebook-გვერდმა - Welcome to Georgia - გარდაცვალების ცნობის გავრცელებიდან 2 საათში გამოაქვეყნა პოსტი, აღწერით - „აცრიდან 2 კვირაში გარდაიცვალა ადამიანი! აი შედეგი იმისა რომ ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე რო უკეთებთ ადამიანებს აცრას!“. მას თან ნიკა ქაცარიძის 23 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტები დაურთო:

რამდენიმე საათში მსახიობის გარდაცვალება აცრას ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა, ზვიად ტომარაძემაც, დაუკავშირა. როგორც ის პოსტში აღნიშნავს, ქაცარიძის სიკვდილი მათ კისერზეა, ვინც მწვანე პასპორტების შემოღებასა და იძულებით ვაქცინაციას ეთანხმებოდა.

მსგავსი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)

„ფაქტ-მეტრი“ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. NCDC-ის თანახმად, აღნიშნული შემთხვევა აცრის გართულებად არ დაფიქსირებულა.

გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები.

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი