იტვირთება

სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა. ვიდეოს თან ერთვის შემდეგი აღწერა: „ბორის ჯონსონი ადასტურებს, რომ პისიარ ტესტების 93% არ მუშაობს“.

კადრები, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა 2021 წლის 20 დეკემბერს გაავრცელა, ბორის ჯონსონის 2020 წლის 4 სექტემბრის ინტერვიუდანაა ამოჭრილი (სრული ინტერვიუ იხილეთ აქ).

გავრცელებულ ვიდეოში ჯონსონი ამბობს: „განსაკუთრებული პრობლემა ის არის, რომ ყველას ჰგონია, რომ აეროპორტში შეგიძლიათ გაიაროთ ტესტი, რომელიც ზუსტად გეტყვით, ხართ, თუ - არა ინფიცირებული, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შემთხვევების 7%-ში მუშაობს. შემთხვევების 93%-ში თქვენ შეიძლება გქონდეთ უსაფრთხოების ცრუ გრძნობა, ყალბი თავდაჯერებულობის შეგრძნება, როდესაც ჩამოხვალთ და ჩაიტარებთ ტესტს“. პოსტის ავტორი ამ მონაკვეთის საფუძველზე მანიპულაციურად ასკვნის, რომ თითქოს ბორის ჯონსონის მტკიცებით პისიარ ტესტების 93% არ მუშაობს.

სინამდვილეში, პრემიერ-მინისტრი საუბრობს კონკრეტულად აეროპორტში, ჩამოსული მგზავრების ტესტირების პრობლემაზე. იმ პერიოდში, როდესაც ეს ინტერვიუ ჩაიწერა (2020 წლის სექტემბერი), ბრიტანეთში ჩასულ ადამიანებს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ და საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლების ინიციატივით საზოგადოებრივი დისკუსია მიმდინარეობდა (რომელსაც მხარს რამდენიმე პარლამენტარიც უჭერდა კონსერვატიული პარტიიდან), რათა კარანტინის მოთხოვნა აეროპორტში პისიარ ტესტირებით ჩაენაცვლებინათ. ამ თემაზე კომენტირებისას, პრემიერი ჯონსონი, მოცემულ ინტერვიუში აეროპორტში ტესტირების რისკებზე საუბრობს და იმ მონაცემებს იყენებს, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (Public health England) მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება.

ეს კვლევა მიზნად ყველა შემომავალი მოგზაურისთვის PCR ტიპის ტესტირების ორი რაუნდის მოთხოვნის ეფექტურობის შეფასებას ისახავდა. ერთი ტესტი გაერთიანებული სამეფოს საზღვარზე ჩასვლისას და მეორე, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ - კარანტინის დასრულებამდე, ტარდებოდა. კვლევის ეს მოდელი, მონტე კარლოს მეთოდით, შესაძლო ეპიდემიის და ტესტირების ტრაექტორიების სიმულაციას ახდენს. რამდენიმე სცენარი შეისწავლეს ფრენის დროის (მოკლე და შორი მანძილები) და იზოლაციის პერიოდის კომბინაციებით (7, 10 და 14 დღე). ასევე, მხოლოდ ჩასვლისას აეროპორტში PCR ტესტირების ჩატარების სცენარი განიხილეს.

კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ტესტით ინფიცირებულების გამოვლენასა და ჩამოსული მგზავრების იზოლაციაში ყოფნის ხანგრძლივობას შორის გარკვეული კორელაცია არსებობს.

ქვემოთ ცხრილში ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ტესტირების შედეგად ინფიცირებულების გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელია მოცემული:

ცხრილი აჩვენებს, რომ მხოლოდ აეროპორტში ტესტირების შემთხვევაში ინფიცირებულების გამოვლენის მაჩვენებელი იყო 7%. იზოლაციის მე-5 დღეს ჩატარებული მეორე ტესტის დროს ეს მაჩვენებელი უკვე 85%-მდე იზრდება, 8 დღის შემდეგ 96%-მდე, ხოლო 10 დღის შემდეგ 98%-ს აღწევს. ეს ვირუსის ინკუბაციის პერიოდით არის განპირობებული. ვინაიდან ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდე მერყეობს, აეროპორტში ნეგატიური ტესტის პასუხი გარანტიას არ იძლეოდა, რომ ჩამოსული მგზავრი SARS-CoV-2-ით ინფიცირებული არ იყო (აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა ჩატარდა 2020 წელს და შესაბამისად, კვლევის შედეგები რელევანტურია იმ პერიოდისთვის და შესაძლოა, ზუსტად არ ასახავდეს უახლეს სამეცნიერო და სამედიცინო მიგნებებს).

შესაბამისად, სინამდვილეში, პრემიერი ჯონსონი საუბრობდა არა პისიარ ტესტების ეფექტურობაზე (რომ პისიარ ტესტების 93% არ მუშაობს, როგორც პოსტის ავტორი მიაწერს), არამედ აეროპორტში პისიარ ტესტირების შედეგად ინფიცირებულების გამოვლენის ეფექტურობაზე, კარანტინის და იზოლაციის საპირისპიროდ. აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული ვიდეოპოსტი და ავტორის მოსაზრებები არის გამიზნული მანიპულაცია და ყალბი ამბავი.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი