დეკემბერში 2021 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, წელს ადგილობრივი მმართველობების გამჭვირვალობა გაუარესებულია. აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილი 62 მუნიციპალიტეტს შორის, ნეგატიური, გაუარესებული შედეგის მქონე მუნიციპალიტეტების ხუთეულში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. საუბარია ნინოწმინდის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებზე.

ნინოწმინდა, მიუხედავად იმისა, რომ „მუნიციპალიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის“ ქვეკატეგორიაში შეფასდა 30%-ით, სხვა დანარჩენ ქვეკატეგორიებში 0% აქვს. საბოლოოდ, კატეგორია „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ 4%-ით შეფასდა. იმავე კატეგორიაში, 2019 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტს ჰქონდა 4%, ხოლო 2017 წელს - 9%.

კატეგორია „ელექტრონულ მმართველობაში“ მუნიციპალიტეტს ჯამური 5% მიენიჭა, ისიც სოციალურ ქსელებში გვერდების არსებობისა და კომენტარების დატოვების საშუალებისთვის მინიჭებული შეფასებების გამო. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ამ კატეგორიაში მუნიციპალიტეტს ჰქონდა 7%, ხოლო 2017 წელს - 5%.

მესამე კატეგორია, „მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება“ ჯამში 7%-ით შეფასდა. აქედან 30-30% საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მიენიჭა. ყველა დანარჩენი ქვეკატეგორია 0%-ით არის შეფასებული. „მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულებისთვის“ მუნიციპალიტეტს 2017 წელს 9% ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 2019 წელს - 18%.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შეფასების ჯამური ქულა 5%-ია. 2019 წელს 7% იყო, ხოლო 2017 წელს - 8%.

ნინოწმინდაზე უფრო დაბალი შედეგი აქვს ადიგენის მუნიციპალიტეტს - მას ჯამური 4% ერგო. 2017 წელს მას გაცილებით მაღალი, 11% მიენიჭა, ხოლო 2019 წელს - 8%.

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების“ კატეგორიაში მუნიციპალიტეტს 0% აქვს. 2017 წელს - 12%, ხოლო 2019 წელს 5% ჰქონდა.

„ელექტრონული მმართველობის“ კატეგორია მკვლევრებმა 10%-ით შეაფასეს, რაც ქვეკატეგორიის „მუნიციპალიტეტი სოციალურ ქსელებში“ დამსახურებით მიიღო. აღნიშნულ ნაწილში მას 62% მიენიჭა. მუნიციპალიტეტმა „ელექტრონული მმართველობის“ კატეგორიაში 2017 წელს 12% დაიმსახურა, ამდენივე - 2019 წელს.

კატეგორიაში „მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება“, ადიგენის მუნიციპალიტეტი, 2021 წლის მონაცემებით, 9%-ით შეფასდა. 2017 წელს მას 7% მიენიჭა, ხოლო 2019 წელს -13%.

ასპინძის მუნიციპალიტეტს პირველ კატეგორიაში 2021 წელს 0% მიენიჭა; 2017 წელს - 1%, 2019 წელს - 0%; მეორე კატეგორიაში, 2021 წელს - 10%; 2017 წელს - 13%, 2019 წელს - 15%; მესამე კატეგორია, 2021 წელს - 20%, 2017 წელს - 5% და 2019 წელს - 22%.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ჯამური შეფასება 6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 5% იყო, ხოლო 2019 წელს 7%-ს შეადგენდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 2021 წელს ჯამურად გაცილებით მაღალი - 18%-ით არის შეფასებული. ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რადგან 2019 წელს მხოლოდ 6% იყო, 2017 წელს კი - 10%.

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების“ კატეგორიაში მუნიციპალიტეტი 19%-ით შეფასდა. 2019 წელს მას მხოლოდ 2% ჰქონდა, 2017 წელს კი - 12%.

„ელექტრონული მმართველობის“ კატეგორიაში 2021 წელს 13% მიიღო, 2019 წელს -13%, 2017 წელს - 5%.

„მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება“ 20%-ით შეფასდა, 2019 წელს - 14%, ხოლო 2017 წელს 9% იყო.

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, მისი ჯამური ქულა 2021 წელს 27%-ს შეადგენს. შედეგი აშკარად გაუმჯობესებულია, რადგან 2017 და 2019 წლებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 16% და 11%-ს შეადგენდა.

„ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისთვის“ მუნიციპალიტეტი შეფასდა 23%-ით, რაც ასევე აღემატება 2017 და 2019 წლების კვლევის შედეგად მიღებულ შეფასებებს, შესაბამისად, 17% და 8%-ს.

„ელექტრონული მმართველობის“ კატეგორიაში მუნიციპალიტეტს 45% მიენიჭა. აქაც სახეზეა გაუმჯობესება, რადგან 2017 წელს 15% ჰქონდა, ხოლო 2019 წელს - 16%.

კატეგორია „მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულებაში“ 19% ერგო. ორივე შესადარებელ წელს 16% ჰქონდა მინიჭებული.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ყველაზე მაღალი შეფასება ახალციხის მუნიციპალიტეტს აქვს - 31%. თუ 2017 და 2019 წლების მიხედვით ვიმსჯელებთ, მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით პროგრესი განიცადა. კერძოდ, 2017 წელს მას ჯამური 23% ჰქონდა, 2019 წელს კი - 25%.

კატეგორია „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ 25%-ით შეფასდა. 2019 წელს -17 %, ხოლო 2017 წელს 22% იყო.

„ელექტრონული მმართველობა“ შეფასებულია 59%-ით, რაც გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე 2019 წელს მიღებული 43% და 2017 წლის 14%.

კატეგორია „მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულებამ“ 17% დაიმსახურა, რაც 2017 და 2019 წლების მონაცემებთან, შესაბამისად, 45% და 30%-თან შედარებით, გაუარესებულია.

ინფორმაციისთვის: პლატფორმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“ შეიქმნა პროექტ „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისთვის - მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასების“ ფარგლებში. ის და აფასებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს ორ წელიწადში ერთხელ სწავლობს.