5 დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა, ზვიად გოგიაშვილმა, გამოაქვეყნა პოსტი, აღწერით - „რა გველოდება 2025 წლამდე“. აღნიშნული რუსულენოვანი ვიდეო მსოფლიო წესრიგთან და რიგ კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით კონსპირაციულ კრებულს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ზვიად გოგიაშვილი კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ერთ-ერთი აქტიური გამავრცელებელია (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული მასალა Глогер 3 США-ის Youtube არხზე განთავსებულ ვიდეოს წარმოადგენს. აღნიშნულ ვიდეოში მთხრობელი ასევე იმოწმებს YouTube-არხზე განთავსებულ სხვა კონსპირაციულ ვიდეომიმართვას, რომელშიც მთხრობელი თავს „ახალი მსოფლიო წესრიგის ჯარისკაცს“ უწოდებს. ე.წ. „ჯარისკაცი“ საკუთარ მიმართვაში, რომელსაც შემდგომ Youtube მომხმარებელი არაერთხელ ციტირებს, აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ყალიბდება ახალი წესრიგი, მის ფარგლებში კი დიდი ქვეყნები ახდენენ სამხედრო ძალების ადამიანური რესურსით გამდიდრებას. ზვიად გოგიაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში არაერთხელაა გაჟღერებული მტკიცება, თითქოს ადამიანებზე ტოტალური კონტროლი უკვე დამყარდა და რომ მომავალი ბევრად უარეს სახეს მიიღებს. ტოტალური კონტროლის დამყარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი პანდემიაა გამოცხადებული: „მაღაზიაში არ შეგიშვებთ, რადგან ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, არ გაქვთ უფლება იმუშაოთ, იმგზავროთ ტრანსპორტით, რადგან ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე; შემდეგ დაგხვრიტავთ თქვენ, თქვენს შვილებს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე“.
სინამდვილეში, მწვანე პასპორტების თუ სხვა კოვიდრეგულაციების მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები კი რეალურ საფუძველს მოკლებული და აბსურდულია.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დღიდან, შეთქმულების თეორეტიკოსები კორონავირუსის პანდემიის გარშემო სხვადასხვა სახის კონსპირაციას ხშირად ავრცელებენ. ერთ-ერთი კონსპირაციის თანახმად, კორონავირუსი გავლენიანი, მდიდარი პიროვნებების და მსოფლიო ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციაა მსოფლიო მმართველობის დამყარების მიზნით. ამ მტკიცების გასამყარებლად, შეთქმულების თეორეტიკოსები დეზინფორმაციის გავრცელებისას გავლენიან პიროვნებებს ან/და ცნობილ ფილანტროპისტებს ისეთ ციტატებს მიაწერენ, რაც მათ საერთოდ არ უთქვამთ, ან თქვეს აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში. ძირითადი მტკიცებების მიხედვით, გეითსის, როკფელერის და სოროსის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის შემცირება „ოქროს მილიარდამდე“, რასაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა ემსხვერპლება. ყველაზე ხშირად დეზინფორმატორები TED-ის კონფერენციაზე ბილ გეითსის სიტყვით გამოსვლას იშველიებენ და ამტკიცებენ, რომ ის ვაქცინებით მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე წლების წინ საუბრობდა.
ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისა და გლობალური კონტროლის დამყარების კონსპირაციულ თეორიას ასევე ხშირად უკავშირებენ გაეროს დოკუმენტებს „დღის წესრიგი 21“ („პროგრამა 21“-AGENDA 21) და „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამა“ („პროგრამა 30“). კონსპირატორები უმეტესწილად დოკუმენტებიდან სხვადასხვა ნაწილს - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, გაზვიადებულად, დამახინჯებულად და კონსპირაციული თეორიების ელემენტებით ავრცელებენ, მაგალითად: მდგრადი განვითარების მიზნები მოსახლეობის კონტროლსა და შემცირებას ისახავს მიზნად; გაეროს დოკუმენტის „დღის წესრიგი 21-ის“ თანახმად, სახელმწიფო სუვერენიტეტი აღარ იარსებებს; „დღის წესრიგი 21“-ის მიხედვით, კერძო საკუთრება სოციალური უსამართლობის ფორმად მიიჩნევა და სხვ. რეალურად, გაეროს დოკუმენტებს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, „დღის წესრიგი 21“ 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გაეროს კონფერენციაზე (ცნობილია, როგორც „დედამიწის სამიტი”) დამტკიცდა. რეზოლუციაში სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გლობალური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებია გაწერილი. რაც შეეხება „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამას“, ეს არის გაეროს შემუშავებული ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2015 წლის შემდეგ. მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს.
კონსპირაცია ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით, ხშირად, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების პროგრამას ეფუძნება. შეთქმულების თეორეტიკოსთა თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გლობალური მმართველობის დამყარებისთვის წინასწარ გაწერილ გეგმას წარმოადგენს, კორონავირუსი კი, მიზნის მიღწევის პროცესში, ამ გეგმის ავტორთა საშუალებაა. სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის მიზანი 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. გეგმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) თანამშრომლობით შეიქმნა და 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ბანკი 15 თვის განმავლობაში 150-160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს, რათა ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს პანდემიისგან მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას ითვალისწინებს.
შეთქმულების თეორეტიკოსთა სამიზნე მსოფლიო ეკონომიკის ფორუმიც არაერთხელ გამხდარა. ხშირ შემთხვევაში, კონსპირაცია სათავეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული გეგმიდან იღებს, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება. თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გეგმა ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარ გაწერილ სცენარს არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მისი მიზანი, იმ რეკომენდაციების შემუშავებაა, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „დიდი გადატვირთვის“ გეგმის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სახელმწიფოთა ეკონომიკის სამინისტროები, ბიზნესმენები, და ყველა, ვინც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობაში მონაწილეობს. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ზომებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ საერთაშორისო კრიზისს გაუმკლავდება.
კონსპირაციული თეორიების ავტორებმა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებასა და ხალხის ტოტალურ კონტროლთან დააკავშირეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესიც. დეზინფორმატორების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი დოკუმენტი შექმნა, რომელიც ჯანმოს განსაკუთრებულ უფლებებს მიანიჭებს და მისი ამოქმედების შემდეგ პანდემიის პერიოდში ცალკეულ სახელმწიფოებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებები გაუუქმდებათ. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სპეციალურ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ასამბლეა შექმნის სამთავრობათაშორისო მოლაპარაკების ორგანოს (INB), რომელიც შეიმუშავებს პირველად მონახაზს და გამართავს მოლაპარაკებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციის, შეთანხმების ან სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც პანდემიის პრევენციას, მზადყოფნასა და რეაგირებას მოახდენს. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე ნამდვილად გადაწყვიტა, შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც სამომავლოდ პანდემიების პრევენციის და მასთან გამკლავების ეფექტური გზები იქნება განხილული, თუმცა ეს დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგისა და ტოტალური კონტროლის დამყარებასთან, არავითარ კავშირში არ არის.
--------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.