საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს, საქართველოში წლიური ინფლაცია 13%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში სიდიდით მეთექვსმეტე ინფლაცია იქნება. თუმცა მოსალოდნელია, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, 2021 წლის დეკემბრის პროგნოზზე მინიმუმ 1.9 პროცენტული პუნქტით მაღალი იქნება.

საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება, რომელიც 350 საქონლისგან შედგება, რომლებიც 12 სასაქონლო ჯგუფშია განაწილებული, რომლებიც საქსტატის განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს წარმოადგენს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს. წლიური ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ჯგუფების მიხედვით, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე მაღალი ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით გამოირჩევა. განსაკუთრებით მძიმეა ფაქტი რომ კონკრეტულ ჯგუფებში, რომლებიც მოსახლეობისთვის კრიტიკულია და პირველადი მოთხოვნილებების საქონელსა და მომსახურებას შეიცავს, ფასების ზრდა საშუალო ინფლაციის მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატება. მაგალითად, ტრანსპორტის ჯგუფში ინფლაცია 20.2%-ს შეადგენდა, ხოლო უშუალოდ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. მათ შორის, პურპროდუქტები გაძვირდა 20.4%-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 17.9%-ით, თევზეული - 16%-ით, ხილი და ყურძენი - 15.5%-ით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი, ერთი მხრივ, ეკონომიკებში დაწყებული აღდგენის პროცესია, რომელიც, დეფიციტური ხარჯვის, სესხების ზრდის და და დაგროვილი ჭარბი დანაზოგების ხარჯვის საშუალებით, ინფლაციურ პროცესებს წარმოშობს. მეორე მხრივ კი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ინფლაციის განმაპირობებელი ფაქტორი მიწოდების მხარეს არსებული შეფერხებები და საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე მკვეთრად გაზრდილი ფასებია.

გრაფიკი 1 ასახავს ინფლაციის დინამიკას ტრანსპორტის და სურსათის ჯგუფებში. 2019-2021 წლებში, 2021 წლის მარტი-ივნისის თვეების გამოკლებით, ინფლაცია სურსათის ჯგუფში, ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აჭარბებდა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში, მნიშვნელოვანი გაძვირება 2021 წლის მარტში დაიწყო, მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად.

გრაფიკი 1: ინფლაციის დინამიკა ტრანსპორტის და სურსათის ჯგუფებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უშუალოდ ცალკეული სასურსათო საქონლის ფასები, საშუალო ინფლაციასთან შედარებით, რომელიც თავისთავად მაღალი იყო, მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად კომბოსტოს ფასები 96%-ით გაიზარდა, ბადრიჯანი 74%-ით გაძვირდა, კვერცხი და ზეთი 41%-ით, შაქარი - 34%-ით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის გარდა, საქართველოს დიდ ქალაქებში კიდევ უფრო მაღალი ინფლაციაა. მაგალითად, ქუთაისში მთლიანი ინფლაცია 14.2 % იყო, რაც მთელი ქვეყნის ინფლაციას 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება, ხოლო უშუალოდ სურსათის ჯგუფში, ქუთაისში 19.8% ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მთლიან ინფლაციას 2.8 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ცხრილი 2: წლიური ინფლაცია საქართველოს დიდ ქალაქებში, 2021 წლის ნოემბერი 2020 წლის ნოემბერთან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური