ზაურ დარგალი: 2021 წელს 11 სოფელში გზის რეაბილიტირება მოხდება
ვერდიქტი: არ შესრულდა
რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის, ერთ-ერთი დაპირება სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება იყო. კერძოდ, ის ჯანდარის, კასუმლოს, ილმარლის, ქეშალოს, ბურმა თაზაქენდის, კირაჩმუღანლოს, საბირქენდის, ყიზილაჯლოს, ხიხანის, დიოკნისი და კირიხლის გზების რეაბილიტაციას დაჰპირდა. თუმცა, რეალურად რეაბილიტაცია მხოლოდ ორი სოფლის - კირაჩმუღანლოს და ხიხანის, გზას ჩაუტარდა. დანარჩენი სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია დაგეგმილიც კი არ არის.
აქედან გამომდინარე, ზაურ დარგალის დაპირება 11 სოფლის გზების რეაბილიტაციის შესახებ, არ შესრულდა.
ანალიზი: ზაურ დარგალი, ჯერ კიდევ მერობის კანდიდატის რანგში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, კერძოდ, თერთმეტი სოფლის მცხოვრებლებს, შიდა გზების რეაბილიტაციასა და მოასფალტებას დაჰპირდა. მის საარჩევნო ბროშურაზე წერია, რომ 2020-2024 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის, კასუმლოს, ილმაზლის, ქეშალოს, ბურმა-თაზაქენდის, კირაჩმუღანლოს, საბირქენდის, ყიზილაჯლოს, ხიხანის, დიოკნისისა და კირიხლოს შიდა გზების რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო. თუმცა ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაცია მარტო ორ სოფელს - კირაჩმუღანლოს და სოფელ ხიხანს ჩაუტარდა.
სოფელ დოლისყანაში მისასვლელი გზის მოასფალტება 2020 წლეს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ტენდერი წელს გამოცხადდა, რომელიც დოლისყანასთან ერთად, სოფელ კირაჩმუღანლოს შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვასაც ითვალისწინებს.
დასახელებული სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციისა და ასფალტირებისთვის საჭირო თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვაზე თვითმმართველობამ 2021 წლის 2 ივნისს გამოაცხადა ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 241 299 ლარი იყო. ტენდერში შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა“ (ს/კ 400118047) გაიმარჯვა. მან სამუშაოების შესრულება 950 479 11 ლარად ითავა. სამუშაოები 2021 წლის მესამე კვარტალში დაიწყო. დაპირებული 11 სოფლიდან, მხოლოდ ხიხანისა და კირაჩმუღანლოს გზების რეაბილიტაცია ჩატარდა. სოფელ ხიხანის გზების მოასფალტებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 375 032 05 ლარი დაიხარჯა.
სოფელ კირაჩმუღანლოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2021 წლის 2 ივნისს გამოაცხადა. ტენდერი შპს „ქვენიფნელი”-მა (ს/კ 400040399) - 580 981 64 ლარით გაიმარჯვა, საიდანაც სოფელ კირაჩმუღანლოს შიდა გზების მოასფალტებისთვის 311 435 42 ლარი დაიხარჯა.
ზემოთ აღნიშნული სოფლებიდან, შიდა გზების მოასფალტება და რეაბილიტაცია მხოლოდ ორ სოფელში განხორციელდა. დანარჩენი 9 სოფელი კი საერთოდ არსად - არც „მარნეულის მუნიციპალიტეტის” 2021 წლის ბიუჯეტში და არც გამოცხადებულ ტენდერებში, არ ფიგურირებს. შესაბამისად, ამ სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდა კი არა, დაგეგმილიც კი არ არის.
2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში 26 120 მეტრი სიგრძის გზა დაიგო. საერთო ჯამში, გზების მოასფალტებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები თხუთმეტ ლოკაციაზე განხორციელდა.
აქედან გამომდინარე, ზაურ დარგალის დაპირება - 15 სოფელში შიდა გზების რეაბილიტაციის შესახებ, არ შესრულდა.