პარლამენტმა უკვე დაიწყო 8 დეკემბერს დარეგისტრირებული ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ასეთი თამაშების რეკლამაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. ცვლილება ჯამში 8 კანონში შედის და მისი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. აზარტული თამაშების აკრძალვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები
პროექტი აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს (უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირისთვის - 18 წლამდე). გარდა ამისა, განისაზღვრება „თამაშზე დამოკიდებული პირისა“ და „აკრძალული პირის“ ცნებები, რომელთაც თამაში აეკრძალებათ.
კანონპროექტით, აზარტული თამაშებით გართობა აეკრძალება ყველა იმ ადამიანს, ვინც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის: სახელმწიფო მოსამსახურეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ა.შ.
გარდა ამისა, თამაში აკრძალული იქნება მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებული ადამიანებისთვის. ასევე, სოციალური დახმარების მიმღები პირებისთვის.
კანონპროექტის თანახმად, თამაშზე დამოკიდებული პირების სიაში პირის მონაცემების შეტანა შესაძლებელი იქნება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე; ასევე, მოთამაშის დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა ექნება ამ პირის ოჯახის წევრს - მშობელს, მეუღლეს, შვილს ან მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს. ამ მიმართვის დროს მათ არ მოუწევთ რაიმე თანხის გადახდა.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეყვანა მოხდება 5 წლის ვადით.
კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება, დაახლოებით, 1 000 000 ფიზიკურ პირს აეკრძალება, ხოლო სათამაშო ბიზნესისათვის გადასახადები 70%-მდე გაიზრდება.
იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, ხოლო თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდეს.
გარდა ამისა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, რეკლამის გავრცელება დაუშვებელია (მედიით, ვებგვერდებით და ა.შ.) გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაუწყებელი ამგვარ რეკლამას სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს. თუმცა, ნებადართულად რჩება აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიების გრაფიკული რეკლამის გამოფენა სტადიონებსა და სპორტულ ატრიბუტიკაზე. მაუწყებლებს მატჩის ტრანსლირებისას მათი დაფარვის ვალდებულება არ ექნებათ.
რა კითხვებს აჩენს კანონპროექტი და რატომ უნდა მივიჩნიოთ ის პრობლემურად
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მისი ინიციატორები მიზეზად მაღალ საჯარო ინტერესებს ასახელებენ, თუმცა აღნიშნული პასუხი პრაქტიკულად ვერ ასაბუთებს და ვერ ხსნის, კანონპროექტის დაჩქარებული წესით, სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობას. მეტიც, მაღალი საჯარო ინტერესი სწორედ ამგვარი წინასწარი განხილვებისა და ფართო დისკუსიის აუცილებლობას ნიშნავს.
კითხვებს აჩენს თავად ცვლილებების პაკეტის შინაარსობრივი მხარეც. არაერთ ცვლილებასთან დაკავშირებით, ინიციატორებს არ გააჩნიათ (განმარტებით ბარათში არაა ასახული) სათანადო დასკვნებით/შეფასებებით გამყარებული დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებიც ცვლილებების მიღების აუცილებლობაში დაგვარწმუნებს და მათ მიღებას გაამართლებს.
მაგალითად, კანონპროექტის თანახმად, ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას. აღნიშნული ზოგადი ფრაზების გარდა, დამატებითი ინფორმაცია, განმარტებები და სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტები, რას ემსახურება შეზღუდვების დაწესება, როგორ გააუმჯობესებს ის სოციალურ ფონს და ა.შ. განმარტებით ბარათში არ იკითხება.
მაგალითად, როგორც აღვნიშნეთ, ცვლილებები, ითვალისწინებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 18-დან 25 წლამდე გაზრდას. თუმცა, კანონპროექტს არ ახლავს სათანადო განმარტება, რატომ და რაზე დაყრდნობით მოხდა ასაკობრივი ზღვრის გაზრდა. ბარათში განმარტებულია, რომ ახალგაზრდები თამაშს „იოლი ფულის“ მოპოვების მიზნით იწყებს, რის შედეგადაც ხდებიან აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულნი. თუმცა რა/ვის კვლევებსა თუ დასკვნებს ემყარება აღნიშნული შეფასება, განმარტებით ბარათში არ ჩანს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აზარტული თამაშების რეკლამირების ფაქტობრივად აკრძალვით, კანონპროექტის ინიციატორები პრაქტიკულად უგულებელყოფენ ცვლილების შესაძლო გავლენას მაუწყებლების შემოსავლებზე.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები
ცვლილებათა პაკეტის მოწინააღმდეგეა მედიის ნაწილი. ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს.
„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ცვლილებით ოპოზიციურ არხებს გაკოტრება ემუქრება. „ჩვენთან, პრაქტიკულად, ყველა გასართობ შოუს აფინანსებს ბეთინგკომპანიები. მე როგორ უნდა მოვასწრო ახალი სეზონისთვის, რომელიც, დაახლოებით, 1 თვეში იწყება, სპონსორის პოვნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება? ეს მხოლოდ შემოსავლის მოკლების შესაძლებლობა კი არაა, არამედ ახალი შემოსავლის მოძიების შესაძლებლობის მოსპობაც არის. 1-წლიანი გარდამავალი ზომა მაინც მიიღეთ და 1-ელ სექტემბერს შეიყვანეთ ძალაში. თქვენ ჩემი ბიუჯეტიდან, რომელიც დაახლოებით, 25 მილიონია, გაიყვანთ 4.5 მილიონ ლარს, ანუ 20%-ს,” - აცხადებს ნიკა გვარამია.
აზარტული თამაშების კომპანიების სახელით სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ისინი უარს იტყვიან ქართული სპორტის სპონსორობაზე. „გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო-სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს“, - აცხადებს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია.
აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად აფასებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. კოალიციის შეფასებით, კანონპროექტში წარმოდგენილი არგუმენტაცია „უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია“, ამასთან, არ იკვეთება საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა.
„კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს და ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სხვა რამეს, მათ შორის, მედიაზე გავლენის მოხდენას ემსახურება.
„ლუდომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, თუმცა ეს ინიციატივა არ აგვარებს ამ პრობლემას და სხვა დამატებით და ბევრად უარეს პრობლემებს წარმოშობს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა კი ხელს უშლის პროცესის წარმართვას ჯანსაღი დისკუსიის ფარგლებში, რაც ეჭვებს ბადებს იმაზე, რომ ხელისუფლება მანიპულირებს თამაშდამოკიდებულების საკითხით და რეალურად სხვა რამეს ემსახურება ეს ყველაფერი, მათ შორის, გავლენის მოხდენას მედიაზე, რომელიც დიდი ხანია ხელისუფლებისთვის ყელში გაჩხერილ ძვლად გადაიქცა“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.