სოციალურ ქსელში Facebook- გვერდებმა „ტერენტი გლდანელი“ და „ანტილიბერალური დოქტრინა“ გუბაზ სანიკიძის ფოტო გამოაქვეყნეს შემდეგი წარწერით: „დარწმუნებული ვარ, პუტინთან საუბრისას ბაიდენმა მკაცრად მოითხოვა რუსეთის პრეზიდენტის პირადი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“. გავრცელებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული ციტატა გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ციტატის ნამდვილობის გადასამოწმებლად, „ფაქტ-მეტრი“ გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

Facebook გვერდის მიერ გავრცელებული ციტატა ასევე არ იძებნება ინტერნეტ სივრცეში და სანდო მედიასაშუალებების ოფიციალურ ვებგვერდებზე. ამდენად, Facebook გვერდების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყალბია.

წყაროს შესახებ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თანახმად, Facebook- გვერდი „ტერენტი გლდანელი“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფილირებული პირების მადისკრედიტირებელი გვერდია. გვერდზე ასევე ქვეყნდება სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტები. ამავდროულად, გვერდზე ჰომოფობიური, სექსისტური და სიძულვილი ენის შემცველი გზავნილები ვრცელდება.

ISFED-ის თანახმად, Facebook გვერდი „ანტილიბერალური დოქტრინა“ ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდია. ის ძირითადად მიმართულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის და "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ. გვერდი ასევე გამოირჩევა ანტილიბერალური განწყობით, ხშირია ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტები.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.