იტვირთება

გიორგი ვაშაძე: დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, რით ვერ გამოცხადდა კონკურსი?

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით რეგულირდება და ორ ეტაპს - სერტიფიცირებას და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას, მოიცავს. თავის მხრივ, სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისგან, რეგისტრაცია/ტესტირებისა და გასაუბრებისგან შედგება. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. ეს კი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს შეადგენს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, დირექტორების კონკურსი ბოლოს 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა. შესაბამისად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორებს 6-წლიანი ვადა 2020 წელს ამოეწურათ. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ხელახალი კონკურსი უნდა ჩაეტარებინა, რათა მათ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ. სამინისტრომ კონკურსი 2020 წლის მარტში დააანონსა კიდეც, თუმცა საბოლოოდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე გადადო.

სკოლის დირექტორების კონკურსი დღემდე არ გამართულა და დირექტორები მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას. პარლამენტში სტუმრობისას მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის გადადება ისევ პანდემიით ახსნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020, 2021 წლებში პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ ეროვნული გამოცდების და მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდების სახით, უფრო მრავალრიცხოვანი კონკურსის გამართვა უზრუნველყო და სამინისტროს მხრიდან ნების არსებობის შემთხვევაში, არც გაცილებით ნაკლებმასშტაბური დირექტორთა კონკურსის გამართვა იქნებოდა შეუძლებელი.

როგორც ვიცით, 2020 და 2021 წლებში საქართველოში არჩევნები ჩატარდა. იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდი (ახლანდელიც და წარსული წლებისაც) ადმინისტრაციულ რესურს - მათ შორის სკოლის მასწავლებლების და დირექტორების, საარჩევნო მიზნით იყენებს, ხელისუფლებას დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებზე გავლენის მოხდენის მეტი ბერკეტი ექნებოდა, ვიდრე 6 წლის ვადით დანიშნულ დირექტორებზე. აქედან გამომდინარე, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დირექტორთა კონკურსი სამინისტრომ შეგნებულად არ ჩაატარა.

შესაბამისად, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმინეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა მიხეილ ჩხენკელს კითხვები დაუსვეს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ სკოლის დირექტორების კონკურზე გაამახვილა ყურადღება და იკითხა: „რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, რით ვერ გამოცხადდა კონკურსი?“

მოგვიანებით, მინისტრმა გიორგი ვაშაძეს უპასუხა და დირექტორების კონკურის ჩაუტარებლობა პანდემიით ახსნა და მისი გამართვა 2022 წლისთვის დააანონსა.

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანება არეგულირებს. საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპს, სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის, დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას მოიცავს. ამავე ბრძანების დანართის პირველი მუხლის თანახმად, სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან, რეგისტრაცია/ტესტირებისა, (რომელიც ელექტრონულად ტარდება) და გასაუბრებისაგან შედგება, რომელიც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან იმართება. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. ეს კი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს შეადგენს.

ამავე ბრძანებით განმარტებულია, რომ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში მოქმედებს. ამასთან, დირექტორის შესარჩევი კონკურსის შესაბამისად, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი 2013 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მიმდინარეობდა. რადგან კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება, 2014 წელს დანიშნულ დირექტორებს, 2020 წელს, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა ეტაპობრივად ამოეწურათ. შესაბამისად, სამინისტროს სკოლის დირექტორების ხელახალი სერტიფიცირება უნდა ჩაეტარებინა, რათა მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცემოდათ.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2020 წლის მარტში დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების კონკურსი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მოგვიანებით, კონკურსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე გადაიდო. სამინისტროს განმარტებით, ზემოთ მითითებული დირექტორებისთვის სერტიფიცირების ეტაპზე მონაწილეობის მიღება სავალდებულო არ ყოფილა, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში კარგავს, თუ პირი 7 წლის განმავლობაში დირექტორის საქმიანობის განხორციელებას არ დაიწყებს. შესაბამისად, ყველა მათგანს კუთვნილი სერტიფიკატის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მეორე ეტაპიდან (საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) მიიღონ. თუმცა დირექტორთა შესარჩევი კონკურსი (არც პირველი და არც მეორე ეტაპი) დღემდე არ ჩატარებულა და ყოფილი დირექტორები მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობენ საქმიანობას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, არჩევნების წინ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყველა დირექტორი, რომელთაც ვადა ამოეწურათ, არ დანიშნულა (დაწვრილებით იხილეთ სტატიაში). მაშინ „ფაქტ-მეტრი“ რამდენიმე სკოლის დირექტორს გაესაუბრა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მოვალეობის შემსრულებლად ძირითადად ის დირექტორები არ დაინიშნნენ, რომელნიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად კეთილსაიმედონი არ იყვნენ და ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ღიად არ იზიარებდნენ. ჩვენ მაშინ შევეცადეთ, დირექტორებისადმი არათანაბარი მიდგომის საფუძველი გაგვერკვია, მაგრამ სამინისტროსგან შესაბამისი პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება სამინისტროს მიერ სკოლის დირექტორთა კონკურსის გადადების მიზეზად პანდემიის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ იმავე პერიოდში სამინისტრომ უფრო ფართომასშტაბიანი კონკურსები ჩაატარა, დამაჯერებლობას მოკლებულია. 2020, 2021 წლებში განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გაცილებით მრავალრიცხოვანი - ერთიანი ეროვნული (დაახლოებით 38 000 აბიტურიენტი) და მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების (დაახლოებით 10 000 მონაწილე) გამართვა უზრუნველყო, დირექტორთა კონკურსში მაქსიმუმ 2000 მონაწილე იქნებოდა. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან სურვილის არსებობის შემთხვევაში, დირექტორთა კონკურსის გამართვა, თავისუფლად შეიძლებოდა. ამიტომ პანდემია კონკურსის გადადების მიზეზად ვერ გამოდგება.

როგორც ცნობილია, ხელისუფლება (ახლანდელი და წინაც) ადმინისტრაციულ რესურს - მათ შორის, სკოლის პედაგოგთა და დირექტორთა, სარჩევნო მიზნით იყენებს, ხშირად ფიქსირდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება და მათთვის მხარდამჭერი სიების შეგროვების იძულება, ასევე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ან გათავისუფლების მუქარის შემთხვევები, რასაც ერთ-ერთი სკოლის დირექტორის გარდაცვალებაც მოჰყვა.

2020 და 2021 წლები საარჩევნო წლები იყო. აქედან გამომდინარე, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ სამინისტრომ დირექტორთა კონკურსი განზრახ არ ჩაატარა. როგორც აღვნიშნეთ, სკოლის დირექტორები 6 წლის ვადით ინიშნებიან, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი დროებითი თანამდებობაა და არაა გარანტირებული. შესაბამისად, ხელისუფლებას მათზე ზეგავლენის მოხდენის მეტი ბერკეტი გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4565 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი