სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირბადე ადამიანებს კორონავირუსისგან ვერ იცავს, რადგან ვირუსის ნაწილაკი პირბადის ფილტრთან შედარებით 1000-ჯერ პატარაა. შესაბამისად, პირბადე ვირუსის ნაწილაკებს ვერ აფერხებს და ადამიანების დაინფიცირებასაც ვერ უშლის ხელს. რეალურად, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

სინამდვილეში, დღევანდელი მონაცემების თანახმად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის შეფერხებისათვის პირბადის ტარება აუცილებელია. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ თანახმად, რა თქმა უნდა, პირბადე ვირუსისგან დაცვის 100%-იან გარანტიას არ წარმოადგენს, თუმცა სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ამავდროულად, ადამიანი დაინფიცირებისგან დაიცვას.

რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებას, რომ ვირუსის ნაწილაკი პირბადის ფილტრთან შედარებით გაცილებით მცირეა და ამის გამო კორონავირუსის შეჩერებას და ადამიანის ინფიცირების პრევენციას ვერ ახდენს, სიცრუეა. რეალურად, COVID-19-ის ვირუსის ნაწილაკი ნამდვილად უფრო მცირეა, ვიდრე პირბადის ფილტრის დიამეტრის ზომა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვირუსი ყოველთვის უფრო დიდ ნაწილაკთან ბმით მოძრაობს, რომელიც პირბადის ფილტრში ვერ აღწევს.

SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსების გადაცემა ჰაერში მცირე რესპირატორული წვეთების სახით ხდება, რომლებიც ხველების, საუბრის, დაცემინების თუ სუნთქვის დროს წარმოიქმნება. ეს წვეთები მათი ზომისა და ჰაერში გადაადგილების გზების მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდის განმარტებით, დიდ წვეთებს 5 მიკრონზე [1] მეტი ზომის ნაწილაკები მიეკუთვნება. ასეთი წვეთები ზომისა და წონიდან გამომდინარე, რამდენიმე წამიდან წუთამდე დროის მონაკვეთში მიწაზე ეცემა, ამიტომ მათი გადაცემა მხოლოდ მცირე მანძილზე არის შესაძლებელი. მეორე მხრივ, მცირე წვეთები, რომელთა დიამეტრი 5 მიკრონი ან მასზე ნაკლებია, ჰაერში რამდენიმე წუთიდან საათამდე ვრცელდება. ასეთ წვეთებს წვეთოვან ბირთვების სახელით მოიხსენიებენ, რომლებიც ჰაერში პატარა ღრუბელს ქმნიან, რომელთაც აეროზოლები ჰქვია.

2021 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რენტგენოლოგიური ტომოგრაფიის ანალიზზე დაფუძნებით დადგინდა, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის ფილტრის დიამეტრი 47,33 მიკრომეტრია, ხოლო N95 პირბადის - 30 მიკრომეტრი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირბადეების ფილტრის ზომა ვირუსის ნაწილაკის დიამეტრთან შედარებით ნამდვილად დიდია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირბადის ფილტრი ვირუსის ნაწილაკებს ვერ შეაჩერებს.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პირბადე როგორც მისი ფილტრის ზომაზე დიდს, ასევე მასზე პატარა ზომის ნაწილაკსაც აკავებს. პატარა ნაწილაკების შეკავება ორი მიზეზით აიხსნება - ბრაუნის მოძრაობით (დიფუზია) და პირბადის ჰაერში მყოფი პატარა ნაწილაკების გაფილტვრის უნარით. ბრაუნის მოძრაობა გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მცირე ნაწილაკები (0,3 მიკრონზე პატარა), როგორც წესი ქაოსურად, ზიგზაგისებურად მოძრაობენ, რის გამოც ნიღბის ორივე მხარეს უფრო მეტი ნაწილაკის შეკავება ხდება. შესაბამისად, ნიღაბი ვირუსული ნაწილაკების გავრცელებას და ჰაერში გაფანტვას ხელს უშლის. ხოლო რაც შეეხება მეორე მიზეზს, სხვადასხვა სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ნიღბებს ჰაერში მყოფი ნაწილაკების უმეტესობის გაფილტვრა მაშინაც კი შეუძლიათ, როდესაც ნაწილაკების ზომა უფრო მცირეა, ვიდრე პირბადის ქსოვილის ფორები.

დღევანდელი მდგომარეობით, ამერიკის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ (CDC) პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს, როგორც არავაქცინირებულ ადამიანებს, მათ შორის - 2 წლამდე ასაკის ბავშვებს და სრულად ვაქცინირებულ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ასევე, CDC-ის რეკომენდაციის თანახმად, ვირუსის დელტა ვარიანტისგან თავდასაცავად და ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, სრულად ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე დახურულ სივრცეში ხალხმრავალ შეკრებების დროსაც ატარონ.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ თითქოს პირბადე კორონავირუსის გავრცელებას და ადამიანის დაინფიცირების პრევენციას ვერ ახდენს, რადგან კორონავირუსის ნაწილაკი პირბადის ფილტრის დიამეტრზე ბევრჯერ პატარაა, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეისათვის პირბადე ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] ვირუსის გასაზომი ერთეული არის მიკრონი, რომელიც მილიმეტრის მეათასედს წარმოადგენს. კორონავირუსის ნაწილაკი დაახლოებით 0,1 მიკრონის ზომისაა.


მსგავსი სიახლეები

5573 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია