იტვირთება

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პროექტი შევიდა, რომლის მიხედვით საკრებულოში ანაზღაურებადი თანამდებობების რაოდენობა იზრდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, საკრებულოს წევრის საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად ახორციელებს და შესაბამისად, უსასყიდლოდ (მუხლი 41). ანაზღაურებადი მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობაა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ( ცვლილების შემდეგ სამი, მათ შორის, პირველი მოადგილე), მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სწორედ ამ უკანასკნელთა რაოდენობა გაიზარდა.

ცვლილებამდე, თვითმმართველობათა კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა თბილისისა, შეიძლება ჰყოლოდა ერთი მოადგილე და თუ მუნიციპალიტეტში 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, მაშინ - 2 მოადგილე, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება პირველი მოადგილე და მოადგილეები (მოადგილეთა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის) ჰყოლოდა. საკრებულოს ფრაქციის შექმნა შეეძლო საკრებულოს ერთი პარტიის სამ წევრს, ასევე ფრაქციის შესაქმნელად ორი ან მეტი პარტიის წევრებიც შეიძლება გაერთიანებულიყვნენ. მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავდა და თუ ფრაქციაში 9 წევრზე მეტი იყო გაწევრიანებული, დამატებით კიდევ ერთი მოადგილე შეიძლება ჰყოლოდა. ამასთანავე, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეეძლო ჰყოლოდა არაუმეტეს სამი მოადგილისა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების მიხედვით:

• მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე (36-ე მუხლი, 1 პუნქტი),

• ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან (30-ე მუხლის, მე-2 პუნქტი),

• მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ სამ წევრზე იგი უფლებამოსილია, დამატებით ერთი მოადგილე ჰყავდეს.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ცვლილების პროექტის პირველი მოსმენისას, ფრაქციის ყოველ 5 წევრზე ერთი მოადგილე იყო გათვალისწინებული, „ნაციონალური მოძრაობის“ -კერძოდ, დავით კირკიტაძის ინიციატივით, საბოლოო ვერსიით, სამ წევრზე ერთი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას გაამარტივებს, შესაბამისად დაიხვეწება მენეჯმენტი და საკრებულოს საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.

რაც შეეხება კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასებას, განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ მოახდენს, უფრო მეტიც, „კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კლების კუთხით, რადგან კოდექსის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შექმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას. შესაბამისად, გამოირიცხება მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, საერთო ჯამში შემცირდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს“.

ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითზე, მოდელირებით, შევეცდებით ვნახოთ, აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამდებობის პირთა რაოდენობას შემცირებას თუ გამოიწვევს.

ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში 5 ფრაქციაა, მათ შორის სამი „ ქართული ოცნების“. აქედან გამომდინარე, ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა ჯამში 10-ია.

2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოში 35 დეპუტატია, მათგან 15 ნაციონალი, 16 -ოცნება, 3- გახარიას პარტია და 1 ლელო. აღნიშნული მონაცემებით, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნება, რომელთაც 3 თავმჯდომარე და 10 მოადგილე ეყოლება. შესაბამისად, მათი რაოდენობა ჯამში 13 იქნება, წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით 3-ით მეტი.

საგარეჯოს წინა მოწვევის საკრებულოში 3 ფრაქცია იყო, სამივე „ქართული ოცნების“. შესაბამისად, თანამდებობის პირთა რაოდენობა 6-ს შეადგენდა.

ახალი მოწვევის საკრებულოში 39 დეპუტატია, მათ შორის - 9 „ნაციონალური მოძრაობა, 1 „ლელო“, 29 „ ქართული ოცნება“. „თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, საკრებულოში 2 ფრაქციის თავმჯდომარე და 9 მოადგილე იქნება, ჯამში 11, 5-ით მეტი, ვიდრე წინა მოწვევის საკრებულოში.

ფოთის წინა მოწვევის საკრებულოში 6 ფრაქცია იყო, მათ შორის - სამი „ქართული ოცნების“.

შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა - 12.

2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, ფოთის საკრებულოში 35 დეპუტატია, მათ შორის, 20 „ქართული ოცნება“,11 „ნაციონალური მოძრაობა“, 4 „გახარია -საქართველოსთვის“. აქედან გამომდინარე, ფოთის საკრებულოს 3 ფრაქციის თავმჯდომარე და 12 მოადგილე ეყოლება, ჯამში 15, სამით მეტი, ვიდრე წინა მოწვევის საკრებულოში.

გორის წინა მოწვევის საკრებულოში 7 ფრაქცია იყო, მათგან 5 - „ქართული ოცნების“, შესაბამისად - 12 თანამდებობის პირი.

ახალარჩეულ გორის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, საიდანაც 9 „ნაციონალური მოძრაობის, 3 „გახარია-საქართველოსთვის“, 24 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ამ მონაცემების მიხედვით, გორის საკრებულოში 3 ფრაქციის თავმჯდომარე და 11 მოადგილე იქნება, ჯამში -14, იგივე რაოდენობა, რაც ცვლილებამდე.

თელავის მუნიციპალიტეტში 7 ფრაქცია ფუნქციონირებდა, რადგან ერთი ფრაქციის წევრთა რაოდენობა 9-ს აღემატებოდა, მას ერთის ნაცვლად ორი მოადგილე ჰყავდა, შესაბამისად, თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა 15 იყო.

თელავის ახალ საკრებულოში 43 დეპუტატია, მათ შორის 20 „ნაციონალები“, 1 „გახარია -საქართველოსთვის“ და 22 „ქართული ოცნება“. შესაბამისად, საკრებულოში 2 ფრაქცია შეიქმნება და თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა ჯამში 15 იქნება, იგივე, რაც ცვლილებამდე.

ზუგდიდის საკრებულოში 3 ფრაქცია იყო, მათგან ერთი 9-წევრიანზე მეტი და აქედან გამომდინარე, ფრაქციის მოადგილეების და თავმჯდომარეების რაოდენობა 7 იყო.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში 52 დეპუტატია, საიდანაც 29 „ნაციონალი“, 3 „გახარია -საქართველოსთვის“ და 20 „ოცნებაა“, შესაბამისად, 3 ფრაქციის თავმჯდომარე და 14 მოადგილე იქნება, ჯამში 17, რაც წინა მოწვევის საკრებულოში იგივე თანამდებობის პირების რაოდენობას 10-ით აღემატება.

რუსთავის საკრებულოში 6 ფრაქცია იყო, აქედან 4 „ქართული ოცნების“. ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა ჯამში 12 იყო.

2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, რუსთავის საკრებულოში 38 დეპუტატი იქნება, მათ შორის - 19 „ნაციონალური მოძრაობის“, 3 „გახარია -საქართველოსთვის“, 16 „ ქართული ოცნება“, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების ჯამური რაოდენობა 15 იქნება, სამით მეტი, ვიდრე გასულ წლებში.

წალენჯიხის საკრებულოში 5 ფრაქცია იყო, რომელსაც ჯამში 11 თავმჯდომარე და მოადგილე ჰყავდა.

ახალი მოწვევის საკრებულოში 26 დეპუტატია, მათ შორის 11 „ნაციონალური მოძრაობა“, 1 „ლელო“, 4 „გახარია-საქართველოსთვის“, 11 „ქართული ოცნება“. შესაბამისად, საკრებულოში 3 ფრაქციის თავმჯდომარე და 7 მოადგილე იქნება, ჯამში 10. წალენჯიხის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა ერთით ნაკლები იქნება.

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფრაქციების რაოდენობა 5-ს შეადგენდა. შესაბამისად, ფრაქციის თანამდებობის პირთა რაოდენობა 10 იყო.

ყვარლის ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 27 დეპუტატი იქნება, მათგან 7 „ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენელი, ერთი „გახარია -საქართველოსთვის“ და 19 „ქართული ოცნება“. შესაბამისად, საკრებულოში ორი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა იქნება, რომელსაც ორი თავმჯდომარე და 8 მოადგილე ეყოლება, ჯამში იგივე რაოდენობის -10, რაც წინა მოწვევის საკრებულოში.

განხილული მაგალითების ვიზუალიზაციას ქვემოთ გთავაზობთ:

ცხრილი1: მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების რაოდენობა

ჩვენ შემთხვევითი შერჩევით რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითზე წარმოვადგინეთ, თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში რამდენი ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე შეიძლება იყოს. განხილული მაგალითებით, უმრავლეს მუნიციპალიტეტებში აღნიშნული თანამდებობების რაოდენობა იზრდება, ზოგან იგივე რჩება, ერთით შემცირების შემთხვევა წალენჯიხაში გვაქვს.

მაგალითებიდან გამომდინარე იმის თქმა, რომ განხილული ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ აისახე და ხარჯვითი ნაწილის შემცირებას გამოიწვეს, არასწორია. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ თანამდებობებს ემატება საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე (ცვლილებამდე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებს, თბილისის გარდა, ერთი მოადგილე ჰყავდა).

თვითმმართველობის კოდექსი შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთ არგუმენტად საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და საკრებულოს წევრებს შორის ფუნქცია-მოვალეობის გადანაწილება სახელდება. როგორც ვნახეთ, საკრებულოებში საკმაო რაოდენობის ფრაქციები ისედაც არსებობდა და ფრაქციის წევრებს შორის თუ ჭირდა უფლება- მოვალეობების გადანაწილება, შემცირებული ფრაქციების და გაზრდილი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა აღნიშნულს ხელს რატომ შეუწყობს, გაუგებარია.

რაც შეეხება საკრებულოს ეფექტურ მუშაობას, როგორც ვიცით, საკრებულოს წევრობა არაანაზღაურებადია. შესაბამისად, მოხალისეობრივი საქმიანობაა. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები საკრებულოში ანაზღაურებადი თანამდებობების გაზრდას ემსახურება. როგორც ჩანს, საქართველოში უსასყიდლოდ ეფექტური საქმიანობა არც თუ ისე „სახალისოა“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, უკვე მიიღეს. შესაბამისად, ახალი საკრებულო ამ ცვლილებების საფუძველზე დაკომპლექტდება.


მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი