იტვირთება

გენადი მაკარიძე: ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გენადი მაკარიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში, არაერთხელაა ნახსენები სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებენ. ასევე, დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება.

ანალიზი:

2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გაიმართა. მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, გენადი მაკარიძეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ კითხვა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა დაუსვა. კითხვის პასუხად გენადი მაკარიძემ განაცხადა, რომ „გამუდმებით, უკვე რამდენი ხანია ისმის, რომ ეს გავლენიანი ჯგუფი არსებობს. მხოლოდ განმარტებებით, ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებაზე მითითება, „კლანის“ ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი ამისა, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ეს ობიექტურად ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე“.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, გენადი მაკარაძის განცხადების განხილვისას, ე.წ. „კლანის“ არსებობის დამადასტურებელ ფაქტად არ შეიძლება მოვიაზროთ რაიმე წერილობითი დოკუმენტი (მაგალითად: კლანის წესდება, საძმოს მიერ დადებული ფიცი და ა.შ.), რადგან მსგავსი ფაქტობრივი მტკიცებულების არსებობა ძნელი წარმოსადგენია.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანის“ არსებობა/არარსებობის საკითხის განხილვისთვის მნიშვნელოვანია ის ანგარიშები და განცხადებები, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორები აკეთებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმსახურებს.

2021 წლის 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, ადამიანის უფლებებს ეხება. ანგარიშში საქართველოს შესახებ არაერთი პრობლემაა აღწერილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ძირითადი გამოწვევები მოიცავდა „სერიოზულ პრობლემებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებების, გამოძიებების და სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით, რომლებიც ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; შეზღუდულ პატივისცემას მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებებისადმი; დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას და მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ“.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. მოსამართლეები მოწყვლადები იყვნენ სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ. ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებენ. აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გამოთქვამდა შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე და მიუთითებდნენ იმ მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომლებიც ძირითადად შეადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარეობენ სასამართლოებს და ახშობენ კრიტიკულ აზრს სისტემაში. ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკაზეც. ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებები მოსამართლეთა შერჩევის არასწორ პროცესებზე სასამართლო სისტემის ყველა დონეზე, სადაც უმეტესობა დანიშნული იქნა უვადოდ და რის გამოც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენების მიმართ მოწყვლადი გახდა. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის მრავალწლიანი პრაქტიკა პრობლემად რჩება, რადგანაც გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად იღებს.

გარდა ზემოხსენებული ანგარიშისა, რომელიც მოსამართლეთა კლანის არსებობას ადასტურებს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის სერიოზულ პრობლემებზე ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოების ბოლოდროინდელი განცხადებები, ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ სასამართლო სისტემის რეფორმირების მუხლები და იგივე რეფორმების ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღების წინაპირობად განსაზღვრაც მიუთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გენადი მაკარაძის განცხადება არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი