იტვირთება

პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიოს უძლიერესი არმიების სარეიტინგო სიაში უცნაურობაა“. „საქართველო და მსოფლიო“ GLOBAL FIREPOWER-ის ინდექსზე მიუთითებს და წერს, რომ „გამოქვეყნდა Global Fire Power–ის 2021 წლის უძლიერესი არმიების სარეიტინგო სია. პირველ სამ ადგილზე აშშ, რუსეთი და ჩინეთია, მეოთხეა ინდოეთი, რაც მოსალოდნელი იყო. მოულოდნელი და გასაკვირია იაპონიის ყოფნა მე-5 ადგილზე, რადგან მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონიას უფლება არ აქვს, ჰყავდეს არმია. ეს აკრძალულია ამ ქვეყნის კონსტიტუციითაც, რომელიც ამერიკელების დაწერილია. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა იაპონია მსოფლიოში მეხუთე პოზიციაზე სამხედრო სიძლიერის მიხედვით. ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ იაპონიაში ამერიკული სამხედრო ძალებია განლაგებული?“.

ფაქტი, რომ GLOBAL FIREPOWER-ის ინდექსში იაპონია აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს, სწორია. თუმცა იაპონიის მეხუთე ადგილი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ის GLOBAL FIREPOWER-ის ინდექსის ათეულში წინა წლებშიც ხვდებოდა.

რაც შეეხება, მტკიცებას, რომ „მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონიას უფლება არ აქვს, ჰყავდეს არმია. ეს აკრძალულია ამ ქვეყნის კონსტიტუციითაც, რომელიც ამერიკელების დაწერილია“, მანიპულაციურია. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონიამ 1945 წლის 2 სექტემბერს დანებების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო 1947 წელს იაპონიამ აშშ-ის ხელდასმით კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუციის მეცხრე მუხლის თანახმად, რომელიც ომის დაგმობას შეეხება, „იაპონელი ხალხი, რომელიც გულით ესწრაფვის სამართლიანობაზე და წესრიგზე დაფუძნებულ საერთაშორისო მშვიდობას, სამუდამოდ უარს აცხადებს ომზე, როგორც ერის სუვერენულ უფლებაზე და ძალის, როგორც საერთაშორისო უთანხმოების მოგვარების საშუალების, გამოყენებაზე თუ მისით მუქარაზე. იმისათვის, რომ წინა პუნქტის მიზანი მიღწეულ იქნას, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები, ისევე, როგორც ომის სხვა პოტენციალი, არასოდეს იქნება შენახული. არ მოხდება საომარი მდგომარეობის უფლების ცნობა“ (იაპონიის საელჩოს ქართული თარგმანი); მეტი სიცხადისთვის, იაპონიის კონსტიტუციის მუხლი ინგლისურად შემდეგნაირად ჟღერს:

(1) Aspiring sincerely to an international peace based on justice and order, the Japanese people forever renounce war as a sovereign right of the nation and the threat or use of force as means of settling international disputes.

(2) In order to accomplish the aim of the preceding paragraph, land, sea, and air forces, as well as other war potential, will never be maintained. The right of belligerency of the state will not be recognized.). შესაბამისად, იაპონიის კონსტიტუცია უარს აცხადებს საომარი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებაზე და საომარი პოტენციალის მქონე შეიარაღებული ძალების ყოლაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ოკუპაციის პირობებში იაპონიას მხოლოდ მცირე საპოლიციო ძალები ჰყავდა. თუმცა კორეის ომის დროს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები გაჩნდა და ამასთან, აშშ-ის საოკუპაციო ძალები კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში ჩაერთო, რამაც იაპონია, ფაქტობრივად, დაუცველი დატოვა. აქედან გამომდინარე, იაპონიამ თავდაცვითი ძალების შექმნა დაიწყო. ხოლო იაპონიის კონსტიტუციის მეცხრე მუხლის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეთა „კარნახით“ იყო კონსტიტუციაში ჩაწერილი, ინტერპრეტირება მოხდა იმგვარად, რომ ეს მუხლი სახელმწიფოს თავდაცვის უფლებას არ უზღუდავს. ინტერპრეტაციის მიხედვით და აშშ-ის მხარდაჭერით, 1954 წელს ეროვნული უსაფრთხოების ძალების სახელის გადარქმევით ჩამოყალიბდა იაპონიის თავის დაცვის ძალები (Self-Defense Forces – SDF) და იაპონიას დღემდე სწორედ თავის დაცვის ძალები (SDF) ჰყავს.

კონსტიტუციის მეცხრე მუხლის ინტერპრეტაცია იაპონიას საშუალებას აძლევს, ფლობდეს თავდაცვისთვის საჭირო მინიმალურ შეიარაღებას. შესაბამისად, იაპონიას შეუძლია ჰქონდეს თავდაცვითი შეიარაღება, მაგრამ არა მკვეთრად თავდასხმითი, როგორიცაა კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული იარაღი და ა.შ. 2014 წელს იაპონიის მთავრობამ მეცხრე მუხლის ინტერპრეტაცია განსხვავებულად მოახდინა და ახალი ინტერპრეტაციით, შესაძლებლობა მიეცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიცვას მისი მოკავშირეები, რადგან მოკავშირისთვის მხარდაჭერის აღმოუჩენლობა კავშირებს დაასუსტებს და იაპონიას საფრთხის შეუქმნის (2015 წელს მხარი დაუჭირა პარლამენტმაც).

იაპონიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით დაძაბული ვითარებაა - ჩინეთი მის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის (და იაპონიასთან დაძაბული ვითარება აქვს, მათ შორის, სენკაკუს კუნძულებზე); ჩრდილოეთ კორეა აგრესიულ სამხედრო ქმედებებს განაგრძობს, მათ შორის - რაკეტების გამოცდას, რომელიც ბოლო დროს იაპონიის ტერიტორიულ წყლებშიც ჩავარდა; რუსეთიც (იაპონიასთან სადავო აქვს კურილიის კუნძულები) აქტიურია რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით, მათ შორის - იაპონიის სრუტეში ჩინურმა და რუსულმა სამხედრო ფლოტის გემებმა ერთობლივად გაიარეს. რუსეთი და ჩინეთი GLOBAL FIREPOWER-ის თანახმად, იაპონიაზე წინ არიან, ხოლო ჩრდილოეთ კორეის დიქტატორული რეჟიმი ბირთვულ იარაღს ფლობს და აქედან გამომდინარე, იაპონიის მიერ თავდაცვისთვის დიდი შესაძლებლობების ქონა, სრულიად ლოგიკურია და თავდაცვითი ძალების ყოლა იაპონიის კონსტიტუციითაც დაშვებულია. შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცება, ყალბია.

„საქართველო და მსოფლიო“ ასევე წერს: „საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა იაპონია მსოფლიოში მეხუთე პოზიციაზე სამხედრო სიძლიერის მიხედვით. ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ იაპონიაში ამერიკული სამხედრო ძალებია განლაგებული?“. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ იაპონიის მეხუთე პოზიციაზე მოხვედრა არაა განპირობებული იაპონიაში სამხედრო ძალების განლაგებით, არამედ GLOBAL FIREPOWER ინდექსის შესაქმნელად სამხედრო, გეოგრაფიის, ლოჯისტიკის, ფინანსების, ბუნებრივი რესურსების სფეროებიდან 50-ზე მეტ ცალკეულ ფაქტორს მოიცავს. ხოლო იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა დარეგულირებულია 1951 წლის ხელშეკრულებით საერთო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 1960 წელს განახლდა. შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიო“ ამ ნაწილშიც მანიპულირებს.


წყაროს შესახებ

განხილული დეზინფორმაციის გამავრცელებლის - პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი