იტვირთება

პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სიახლე სათაურით „ბაიდენმა “სტრატეგიულ მეგობარ” ტაივანს მხარდაჭერაზე უარი განუცხადა“. კერძოდ, „საქართველო და მსოფლიო“ წერს: „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერაზე უარი განუცხადა თავის სატელიტ ტაივანს, რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს. ბაიდენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან ონლაინსაუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხრეა პრინციპისა “ერთი ჩინეთი”“. მოცემული მანიპულაციით „საქართველო და მსოფლიო“ ცდილობს, აშშ არასანდო მოკავშირედ წარმოაჩინოს და მკითხველში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება შექმნას. რეალურად, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სიახლე ყალბ ამბავს წარმოადგენს.

15 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან ვირტუალური (ონლაინ) შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ისაუბრეს, თაივანი იყო. ბაიდენმა მართლაც ხაზი გაუსვა, რომ აშშ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ერთგული რჩება. იქვე აღნიშნული იყო, რომ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა განისაზღვრებოდა თაივანის ურთიერთობების აქტით, სამი ერთობლივი კომინუკეთი და ექვსი „დარწმუნებით“ (Taiwan Relations Act, the three Joint Communiques, and the Six Assurances) და რომ აშშ სტატუს-კვოს შეცვლის ერთპიროვნულ მცდელობებსა და თაივანის სრუტის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის განცხადებაში ბაიდენის მიერ „ერთი ჩინეთის პოლიტიკისადმი“ ერთგულების დადასტურება, „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ განმსაზღვრელი შეთანხმებების ჩამონათვალი და აშშ-ის პოზიცია თაივანის სრუტის გასწვრივ უსაფრთხოების შესახებ ერთ წინადადებაში იყო მოცემული, „საქართველო და მსოფლიომ“ ეს ყოველივე გამოტოვა. შედეგად, „საქართველო და მსოფლიომ“ აშშ-ის თაივანისადმი დამოკიდებულება სრულიად არასწორად წარმოაჩინა, როგორც „მხარდაჭერაზე უარის განცხადება“, როდესაც რეალურად ბაიდენმა თაივანის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ აშშ-ის მიერ თაივანის მხარდაჭერას არ ეწინააღმდეგება. „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ გასაგებად საჭიროა მცირე ისტორიული რაკურსი. ჩინეთის (ოფიციალურად, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“) და თაივანის (საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც „ჩინეთის რესპუბლიკა“) დაპირისპირებულ მხარეებად წარმოქმნა ჩინეთში კომუნისტებსა და ჩან კაიშის ძალებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვების შედეგია - 1949 წლისთვის კონტინენტურ ჩინეთზე კომუნისტების ძალაუფლება დამყარდა მაო ძედუნის ხელმძღვანელობით (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), ხოლო ჩან კაიშის ძალები (ჩინეთის რესპუბლიკა) თაივანზე გადავიდა. წლების განმავლობაში აშშ ჩინეთის რესპუბლიკას აღიარებდა, დიპლომატიური ურთიერთობები მასთან ჰქონდა და თაივანის უსაფრთხოების გარანტსაც წარმოადგენდა (ასევე, ჩინეთის რესპუბლიკა (თაივანი) იკავებდა ჩინეთის ადგილს გაერო-ს უშიშროების საბჭოში). ხოლო 1979 წელს აშშ-მა ცივი ომის დროს ჩინეთთან ურთიერთობის დამყარებისა და გაუმჯობესების მიზნით მაო ძედუნის რეჟიმთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ კომუნიკეში აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და შემდეგ აღიარება ჩინეთის რესპუბლიკიდან (თაივანი) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე გადაცვალა. სწორედ ეს წარმოადგენს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ დასაწყისს. თუმცა თაივანთან არაოფიციალური ურთიერთობები შეინარჩუნა, რომელიც დღემდე გრძელდება - აშშ-ს არ აქვს თაივანში ოფიციალური საელჩო, თუმცა დე ფაქტო საელჩოს როლს თაივანში არსებული ამერიკული ინსტიტუტი ასრულებს (American Institute in Taiwan). ამასთან, აშშ კვლავ დარჩა და დღემდე რჩება თაივანის უსაფრთხოების გარანტორად. „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ სწორედ ჩინეთად მხოლოდ ერთი მხარის აღიარებას ნიშნავს - აშშ-მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარება 1979 წლიდან დაიწყო და დღემდე „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ერთგულია, თუმცა თაივანთან სტრატეგიული მოკავშირეობა არ გაუწყვეტია. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ერთი ჩინეთის პოლიტიკისადმი“ ერთგულების დადასტურება აშშ-ის მიერ სტრატეგიულ მეგობარ თაივანის მხარდაჭერაზე უარის თქმაა, ტყუილია. ჩინეთი და აშშ „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ განსხვავებულ ინტერპრეტაციას ეყრდნობიან და სწორედ ამიტომ არის სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაში დაზუსტებული, თუ რის მიხედვით განსაზღვრავს აშშ „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რაც „საქართველო და მსოფლიომ“ გამოტოვა.

1979 წელს აშშ-ის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარების გარდა მიღებულ იქნა თაივანის ურთიერთობების აქტი (Taiwan Relations Act). აქტი აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ერთ-ერთ განმსაზღვრელად მოიხსენია, რაც „საქართველო და მსოფლიომ“ მკითხველს დაუმალა. აქტი არაოფიციალური, მაგრამ ფართო ურთიერთობების დამყარებას (დე ფაქტო დიპლომატიურ ურთიერთობებს) ითვალისწინებს; აქტში არაა მოცემული, რომ აშშ თაივანს სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში დაიცავს, თუმცა აშშ ამას არც გამორიცხავს (ამ პოლიტიკას „სტრატეგიული გაურკვევლობა“ (Strategic ambiguity) ეწოდება); აქტის თანახმად, აშშ თაივანს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება, რათა თაივანს საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს (ე.ი. მიაწვდის თავდაცვითი ტიპის შეიარაღებას); ასევე აქტის თანახმად, აშშ თაივანის მომავლის გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან გზებს უჭერს მხარს და ამის უზრუნველსაყოფად უნდა „შეინარჩუნოს აშშ-ის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ძალის ან იძულების სხვა ფორმებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თაივანის ხალხის უსაფრთხოებას, სოციალურ ან ეკონომიკურ სისტემას“. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ თაიავანს იარაღს ჰყიდის, რასაც ჩინეთი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ეწინააღმდეგება, რადგან მას „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ განსხვავებული ინტერპრეტაცია აქვს.

რაც შეეხება ბაიდენის დასახელებულ სამ ერთობლივ კომუნიკეს, ისინი აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი საერთო განცხადებას წარმოადგენს. პირველი თარიღდება 1972 წლით (იგივე შანხაის კომუნიკე) და პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ჭოუ ენლაის მოლაპარაკებების შემდეგ გამოიცა. თაივანის საკითხისადმი აშშ-ის პოზიციის შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ ცნობს (ადასტურებს, უშვებს - acknowledge), რომ ყველა ჩინელი თაივანის სრუტის ორივე მხარეს აღიარებს, რომ მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და თაივანიც მისი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ თავად თაივანიც ერთი ჩინეთის არსებობას აღიარებს და ჩინეთის მთლიან ტერიტორიას საკუთრად (ჩინეთის რესპუბლიკად) მიიჩნევს. აშშ-მა აღნიშნა, რომ საკითხი ჩინელების გადასაწყვეტია, თუმცა მშვიდობიანად. კომუნიკეში აშშ-მა თაივანში ძალების ეტაპობრივი შემცირების შესახებაც განაცხადა, საბოლოოდ ძალების სრულად გაყვანის მიზნით, თუმცა ძალების შემცირებას დაძაბულობის შემცირებასთან პირობითობით აკავშირებდა.

მეორე კომუნიკე 1979 წელს აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას შეეხებოდა. მის თანახმად, აშშ მხოლოდ ერთ ჩინეთს აღიარებდა (ჩინეთი სახალხო რესპუბლიკას), თუმცა თაივანის ხალხთან კულტურულ, კომერციულ და სხვა არაოფიციალურ ურთიერთობას ინარჩუნებდა. ასევე მხარეები კვლავ იზიარებდნენ შანხაის კომუნიკეს პრინციპებს. სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარებას მოჰყვა „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ჩამოყალიბება, ხოლო თაივანთან ურთიერთობა 1979 წლის თაივანის ურთიერთობების აქტით დარეგულირდა, როგორც ეს ზემოთაა განხილული.

ბოლო მესამე კომუნიკე აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანსა 1982 წელს იქნა მიღებული და წინა ორ კომუნიკეს პრინციპებს იზიარებდა. ასევე მხარეებს შორის სხავადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას ეხებოდა. კომუნიკეში თაივანთან დაკავშირებით ახალი საკითხიც გაჩნდა, რაც აშშ-ის მიერ თაივანისთვის იარაღის მიყიდვას უკავშირდებოდა. კომუნიკეში აღნიშნული იყო, რომ მხარეებს საკითხი გადაჭრილი არ ჰქონდათ, თუმცა აღნიშნული იყო, რომ აშშ მიზნად ისახავდა თაივანისთვის იარაღის მიყიდვის თანდათანობით შემცირებას, რაც საკითხის საბოლოო გადაჭრამდე უნდა მoსულიყო. აშშ აცხადებდა, რომ გრძელვადიანად ამ პოლიტიკის გაგრძელებას არ ესწრაფოდა და ამიტომ არ გადააცილებდა წინა წლების გაყიდვის მოცულობას (თუმცა დღეს განსხვავებული შეიარაღების ტექნოლოგიის პირობებში კონკრეტული დათქმების გარეშე ეს წინადადება საკმაოდ ბუნდოვანია). შესაბამისად, კომუნიკეში აშშ-ის მიერ თაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის შეწყვეტის პირობა არ ყოფილა.

ბოლო დოკუმენტი, რომელზეც ბაიდენი „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ აფუძნებს, „ექვსი დარწმუნებაა“ (Six Assurances). ექვსი დარწმუნება მესამე კომუნიკეში აშშ-ის მიერ თაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის საკითხს ეხებოდა. ექვსი მუხლი აშშ-ს თაივანმა შესთავაზა და აშშ (რეიგანის ადმინისტრაცია) მას დაეთანხმა და კონგრესს შეთანხმების (დარწმუნებების) შესახებ აცნობა. „ექვსი დარწმუნება“ მოიცავს შემდეგს: 1) აშშ არ დააწესებს თაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის შეწყვეტის თარიღს; 2) აშშ არ შეცვლის თაივანის ურთიერთობების აქტის პირობებს; 3) აშშ თაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე ჩინეთთან წინასწარ კონსულტაციებს არ გამართავს; 4) აშშ თაივანსა და ჩინეთს შორის მედიაციას არ გამართავს; 4) აშშ არ შეცვლის მის პოზიციას თაივანის სუვერენიტეტის შესახებ, რომელიც მდგომარეობს საკითხის ჩინელების მიერ მშვიდობიანად გადაწყვეტაში და ჩინეთში მოლაპარაკებებში შესვლისთვის თაივანზე ზეწოლას არ განახორციელებს; 6) აშშ თაივანზე ჩინეთის სუვერენიტეტს ფორმალურად არ ცნობს.

განხილულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბაიდენის მიერ დასახელებული სამი დოკუმენტი - თაივანის ურთიერთობების აქტი, სამი ერთობლივი კომინუკე და ექვსი დარწმუნება - აშშ-ის მიერ „ერთი ჩინეთის პოლიტიკისადმი“ ერთგულების პარალელურად თაივანთან სტრატეგიული პარტნიორობის, არაოფიციალური ურთიერთობებისა და მტკიცე მხარდაჭერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ თაივანისთვის შეიარაღების მიყიდვას დღემდე აგრძელებს, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ თაივანელ კოლეგებთან ურთიერთობაზე შეზღუდვა მოხსნა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე ყოფნის დროს თაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს პრეზიდენტად არჩევა ოფიციალურად მიულოცა, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ თაივანს დაიცავდა, რაც გარკვეულწილად „სტრატეგიული გაურკვევლობის“ პოლიტიკიდან გადახვევას და თაივანისთვის უფრო მტკიცე გარანტიის მიცემაა. შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიოს“ სიახლე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელებულ ყალბ ამბავსა და სრულ ტყუილს წარმოადგენს.

წყაროს შესახებ

განხილული დეზინფორმაციის გამავრცელებლის - პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი