ირაკლი კობახიძე: არაფერ შუაშია აქ პოლიტიკური შურისძიება, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულისგან არის დაცლილი ეს სასჯელი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში აქცენტს სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენებზე აკეთებს და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეები პოლიტიკურიო სარჩულისგანაა დაცლილი.
რეალურად, რაშიც ამ დროისთვის, საზოგადოების ნაწილი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, დასავლელი პოლიტიკოსები და ა.შ. პოლიტიკურ სარჩულსა და უფლებების შელახვას ხედავენ, არის ის, თუ როგორ ეპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე ექსპრეზიდენტს ხელისუფლება და რამდენად აქვს მას წვდომა სამართლიან სასამართლოზე.
მარტივად რომ ვთქვათ, განხილვის საგანია არა ის, რეალურად დამნაშავეა, თუ - არა სააკაშვილი, არამედ ის, წყვეტს, თუ - არა მისი დამნაშავეობის საკითხს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო და არღვევს, თუ - არა სახელმწიფო მის უფლებებს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მისი არაერთი უფლება დაირღვა. ექსპრეზიდენტის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე გავლენიანი ორგანიზაციები და პოლიტიკოსები საუბრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც მცდარი.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 16 ნოემბერს ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მის სასჯელებსა და ბრალდებებზე ისაუბრა: „მე გეტყვით, რატომ არაფერ შუაშია აქ პოლიტიკური შურისძიება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აქვს შეფარდებული ორ საკითხზე, ერთი არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელზეც ყველამ იცის, როგორ დაუკვეთა და როგორ შეასრულეს. მე რომ პოლიციელებს დავუკვეთო, გაუსწორდნენ კონკრეტულ დეპუტატს, თან, მე სასჯელი უნდა მოვიხადო, თუ - არა?!... მეორე რაზეც შეფარდებული აქვს სასჯელი, სტრასბურგმაც დაადასტურა, ეს არის გირგვლიანის მკვლელების მფარველობა ანგარების მოტივით და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით...“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმეებში პოლიტიკური სარჩული გამორიცხულია.
„ფაქტ-მეტრმა“ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე დამნაშავედაა ცნობილი და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით აქვს განსაზღვრული.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელე იმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის, მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. ამასთან, 20 ოქტომბერს პროკურატურამ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზეც გამოიტანა ბრალდების შესახებ დადგენილება.
ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში აქცენტს სწორედ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენებზე აკეთებს და ხაზს იმაზე უსვამს, რომ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი საქმეები პოლიტიკური სარჩულისგან არის დაცლილი. რეალურად, რაშიც, ამ ეტაპზე, საზოგადოების ნაწილი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, დასავლელი პოლიტიკოსები და ა.შ. პოლიტიკურ სარჩულსა და უფლებების შელახვას ხედავენ, არის ის, თუ როგორ ეპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე ექსპრეზიდენტს ხელისუფლება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის თანამოაზრეებისა და ადვოკატებისთვის პოლიტიკური კონტექსტი სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებებსა და განაჩენებშიც აშკარაა და ამ საფუძვლით 2020 წელს საქართველოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღესვე, 1 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის 24-ე დღეს ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი დაიწყეს როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარმა კონსილიუმის წევრებმა.
მიუხედავად პატიმრის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნისა, 8 ნოემბერს სააკაშვილი, მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რაც სააკაშვილის მხრიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობას ადასტურებს, 11 ნოემბერს პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმაც ცხადყო, რომ პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. გარდა იმისა, რომ სააკაშვილი მისი გადაყვანისას ბადრაგებს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ერთ-ერთ ხმოვან ვიდეოში ისმის, რომ ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ნივთებს ალაგებს, რაზე დაყრდნობით უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებას N8 დაწესებულების პატიმართა მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები მოჰყვა. სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული შეძახილების ხმა, რომელიც სააკაშვილის საკანშიც აღწევს, ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს და უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. ომბუდსმენის შეფასებით, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას, შესაბამისად, ის მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ გამოეხმაურა და პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, „საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის მე-5 კვირას ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, მუქარის ფონზე; უგულებელყოფილია ღირსება, უარი თქვეს კონფიდენციალურობასა და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურების უფლებაზე. არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და ასოცირებული პროფესორის, თამთა მიქელაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის მთლიანი პროცესი მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს ღირსების შემლახავ მოპყრობად მის მიმართ.
ცენტრი „ემპათიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ძალადობით შეყვანის ამსახველი ვიდეოკადრები მისი წამების ფაქტს ადასტურებს. „ვიდეოკადრები, რომელსაც ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას მხოლოდ ადასტურებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევაა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს, რომლებშიც სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანაა ასახული, სახალხო დამცველის შეფასებით, ამით იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.
„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვიდეოკადრების გასაჯაროებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. „იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საყურადღებოა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანამდე სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბარი დაიწყეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც „იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან”.
განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ: „იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე, როგორც აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში ეჭვქვეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება“.
დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით პრობლემებს ხედავს 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი, რომლებმაც 18 ოქტომბერს ერთობლივი ღია წერილი გაავრცელეს.
წერილის ავტორები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვენ იმ დრომდე, სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წადგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.
„ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ“ - ვკითხულობთ წერილში.