პრორუსულმა გამოცემამ - „საქართველო და მსოფლიო“ - გამოაქვეყნა გულბაათ რცხილაძის სტატია სათაურით „ანგელა მერკელის ფიასკო და ვის ინტერესებშია ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე გაჩაღებული ჰუმანიტარული კრიზისი“. სტატია რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს.

მტკიცება #1: „გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იძულებული გახდა, დიალოგი გაება ბელარუსიის “დიქტატორ” ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, რომლის ლეგიტიმურობასაც ქალბატონი კანცლერი, თავის მთავრობასთან და მთელ ევრობიუროკრატიასთან ერთად, არ აღიარებს. რა მოხდა ასეთი და შემდგომში რა მოხდება...ის, რომ ანგელა გულჩვილი ქალია და ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ყინვაში დაყრილი ლტოლვილები შეეცოდა, არასწორი ვარაუდი იქნებოდა... მერკელს რომ ლტოლვილები შესცოდებოდა, ჰუმანიტარული კრიზისის დაწყებიდან პირველსავე დღეს გადადგამდა ნაბიჯს და ბელარუსიის ლიდერს მიმართავდა, რომელსაც აქვს ბერკეტები კრიზისის დასაძლევად – ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც აქვს“,

აღნიშნულით სტატიის ავტორი, ამტკიცებს, რომ ანგელა მერკელი პოლონეთის საზღვართან შექმნილი კრიზისის ჰუმანიტარულ განზომილებას ყურადღებას არ აქცევს. რეალურად ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ პირიქით - კრიზისისადმი გერმანიას პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სწორედ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. მაგალითად, თავად ანგელა მერკელმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში საზღვრის დაცვისთვის ლატვიის, ლიეტუვასა და პოლონეთისთვის მადლობის გადახდის შემდეგ განაცხადა: „თქვენ ყველამ ნახეთ სურათები, რომლებიც შეშფოთების გამომწვევია. მე დღეს ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს და ვთხოვე მას, პრეზიდენტი ლუკაშენკოსთვის მიემართა, რადგან აქ [ბელარუს-პოლონეთის საზღვართან კრიზისში] ხალხს იყენებენ, ისინი არიან არაადამიანური პოლიტიკის მსხვერპლი და ამასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს“. ასევე, ლუკაშენკოსთან მერკელის საუბრის შესახებ მერკელის სპიკერმა სტეფენ სეიბერტმა აღნიშნა, რომ „მერკელმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და დაზარალებული ხალხის უკან დაბრუნების შესაძლებლობების უზრუნველყოფას“. ასევე გერმანია შეუერთდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას, რომელიც ბელარუსის რეჟიმს მისი საზღვრების გასწვრივ არარეგულარული მიგრაციის ორკესტრირებაში ადანაშაულებს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და რეჟიმს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს კამპანია, რათა შემდგომ გარდაცვალებები და ტანჯვა თავიდან იქნას აცილებული.

მტკიცება #2: „მერკელმა იცადა, იქნებ ლუკაშენკოს რამე შეცდომა დაეშვა. მისდა სამწუხაროდ, ბელარუსიის პრეზიდენტმა ყველაფერი სწორად გააკეთა: ლტოლვილებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, დააპურა, გაათბო, მედიკამენტებით მოამარაგა ყველა მათგანი, პირველ რიგში, ბავშვები და ქალები“.

მართალია, ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუს-პოლონეთის საზღვართან მყოფ მიგრანტებს გარკვეული დახმარება გაუწია, თუმცა მოცემული მტკიცება მანიპულაციურია, რადგან 1) სწორედ ლუკაშენკოს რეჟიმმა შექმნა კრიზისი მიგრანტების ბელარუსში ჩაყვანით და საზღვართან მიყვანით, რის გამოც ისინი მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და დახმარების გაწევა დასჭირდათ; და 2) ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე Reuter-ის თანახმად, სულ მცირე 8, ხოლო წითელი ჯვრის მიხედვით, სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა (მსხვერპლი კიდევ მეტი იქნებოდა, რომ, მაგალითად, ერთ-ერთი ინციდენტის დროს პოლონეთის გადაუდებელი დახმარების მუშაკებს ჭაობში გაჭედილი რამდენიმე მიგრანტი არ გადაერჩინათ). ამასთან, ბელარუსს მიგრანტებისთვის თავშესაფარი შენობა კრიზისის დაწყებიდანვე არ მიუწოდებია და შესაბამისად, გარკვეული დრო მათ სიცივის პრობლემა უფრო მწვავედ ჰქონდათ (შესაძლოა, გარდაცვლილების შემთხვევა სწორედ სიცივის ბრალი ყოფილიყო). ხოლო 20 ნოემბრის „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით (როდესაც „საქართველო და მსოფლიოს“ სტატია გამოქვეყნდა), მიგრანტებს უფასო საჭმელი დღეში ერთხელ მიეწოდებათ. აქედან გამომდინარე, გაწეული დახმარების „დაპურებად“ შეფასებაც გაზვიადებულია. ასევე, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ შექმნილი კრიზისში ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კრედიტები მხოლოდ ლუკაშენკოს რეჟიმს არ ეკუთვნის, არამედ შიმშილსა და სიცივესთან გასამკლავებლად ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში აქტიურადაა ჩართული ბელარუსში არსებული წითელი ჯვარი. აღსანიშნავია ისიც, რომ წითელ ჯვარს ადგილზე გარკვეული წვდომა მიეცა, თუმცა ორგანიზაცია ითხოვს, რომ რეგულარული წვდომა ჰქონდეთ. ამასთან, ბელარუსში მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 200 ათასი ევრო წითელ ჯვარს ევროკომისიამ გადასცა და დამატებით 500 ათასი ევრო სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ბელარუსში მიგრანტებისთვის დასახმარებლად მობილიზდა.

მტკიცება #3: ბელარუსიის ლიდერი ლტოლვილების პოლონეთის საზღვარზე მოზღვავებას ხელს არ უწყობს, მაგრამ არც უშლის

ეს კიდევ ერთ ყალბ მტკიცებას წარმოადგენს. ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანა ბელარუსმა დააორგანიზა და შემდგომ ისინი საზღვართან მიიყვანა და გადასვლისკენ უბიძგა. მეტიც, თავად ლუკაშენკომაც აღიარა, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, რომ ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს პოლონეთში გადასვლაში დახმარებოდნენ, ხოლო მათ შეჩერებას არ აპირებდნენ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ლუკაშენკო პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების მოზღვავებას ხელს ნამდვილად არ უშლის, თუმცა ხელს უწყობს და მთლიან პროცესს აორგანიზებს კიდეც. ასევე, პოლონეთის ინფორმაციით, მიგრანტები გაზის ყუმბარებით იყვნენ შეიარაღებული, რომლებიც მათ ბელარუსმა გადასცა და პოლონეთის მესაზღვრეებისკენ ისროდნენ.

მტკიცება #4: „...ლუკაშენკო... ადამიანურ საზღვრებს არ გასცდენია და ლტოლვილებს არაადამიანურად არ მოჰპყრობია“ და „არაადამიანურობა უფრო პოლონური მხარისგან მოდის“.

მართალია, პოლონეთი ქვეყანაში მიგრანტების მიერ ქვეყანაში უკანონო შეჭრის აღსაკვეთად სხვადასხვა საშუალებას იყენებს, მაგალითად, წყლის ჭავლს და საზღვრის მონაკვეთზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ჟურნალისტებს და სხვა პირებს არ უშვებს, რის გამოც ადამიანის უფლებათა ზოგი დამცველი ორგანიზაციის კრიტიკის ქვეშ მოექცა. თუმცა „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცება, რომ ლუკაშენკო „ადამიანურ საზღვრებს არ გასცდა“ და მიგრანტებს „არაადამიანურად არ მოჰპყრობია“ განსხვავებით პოლონეთისა, ტყუილია. ბელარუსი აორგანიზებს მიგრანტების ახლო აღმოსავლეთიდან პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჩაყვანას და მათ პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებს, რაც მიგრანტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, მათი მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისში ჩაგდება და მათი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებაა. მეტიც, როგორც ზემოთ აღნიშნულია, რამდენიმე მიგრანტი საზღვარზე გარდაიცვალა. შესაბამისად, ლუკაშენკო მიგრანტებისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებას იჩენს და პოლიტიკური მიზნის (ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საწინააღმდეგოდ ევროკავშირის დაშანტაჟებისთვის) მისაღწევად მძიმე მდგომარეობაში აგდებს და სასიკვდილოდ იმეტებს. ლუკაშენკოს მიერ მიგრანტების არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო საზოგადოება.

მტკიცება #5: „პოლონეთის ხელისუფლებამ 20 ათასამდე კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო და სპეცდანიშნულების შენაერთების მობილიზება მოახდინა ბელარუსიის საზღვართან, რაც იქ მყოფი უიარაღო ლტოლვილების საერთო რაოდენობას დაახლოებით ათჯერ აღემატება. საზღვრის გასწვრივ დაფრინავენ პოლონეთის სამხედრო ვერტმფრენები, გამოჩნდა ჯავშანტექნიკა. ლტოლვილებს, რომელთა რიგებში ბევრი ქალი და ბავშვია, წყლით გაწუწვა ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე არ აკმარეს, მათ თხევადი გაზიც “აპკურეს”, დროებითი სიბრმავის და სიყრუის გამომწვევი ყუმბარებიც ესროლეს… ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ლტოლვილებმა რკინის მავთულხლართების გაჭრა სცადეს - ისეთივე მავთულხლართებისა, რომლებიც ქართველებში ცუდ ასოციაციას იწვევს…“.

აღნიშნული შედარება სრულიად მანიპულაციურია, რადგან პოლონეთი მავთულხლართებს საკუთარ სახელმწიფო საზღვარზე ავლებს, რათა ბელარუსის მიერ პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების იარაღად გამოყენებით განხორციელებული შეტევა მოიგერიოს და საკუთარ ქვეყანაში უკანონო შეღწევის მცდელობები აღკვეთოს. მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებს რუსული საოკუპაციო ძალები ავლებენ, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნიან და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევენ. შესაბამისად, საკუთარ ტერიტორიაზე საზღვრის დასაცავად მავთულხლართების გავლების გაიგივება - სხვის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში მავთულხლართების გავლებასთან, მანიპულირებას წარმოადგენს.

მტკიცება #6: „ყოველივე ამის შემდეგ პუტინის და კრემლის დადანაშაულება კრიზისის წარმოშობაში მიამიტობა ან პროვოკაციაა“.

ეს მტკიცება „საქართველო და მსოფლიოს“ მხრიდან მორიგ მანიპულაციას წარმოადგენს. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მრავალი მტკიცებულება აქვთ, რომ კრიზისის უკან მინსკთან ერთად მოსკოვიც დგას. მართალია, ჯერჯერობით ვარშავას მტკიცებულებები არ გაუსაჯაროებია და ფაქტობრივი თვალსაზრისით, უშუალოდ კრიზისის ორგანიზებაში რუსეთის ბრალეულობის შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბარი არაა შესაძლებელი. თუმცა მიგრანტების არაადამიანური მოპყრობასა და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კრიზისის მოწყობაში ლუკაშენკოს რეჟიმის ბრალეულობა, რომელსაც კრემლი აქტიურად უჭერს მხარს და რეჟიმის შენარჩუნებაში ეხმარება, აშკარაა. შესაბამისად, რუსეთს კრიზისში სულ მცირე ირიბი ბრალეულობა მიუძღვის.

წყაროს შესახებ

განხილული დეზინფორმაციის გამავრცელებლის - პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ, ხოლო „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიის ავტორის, პრორუსი აქტორის, გულბაათ რცხილაძის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.