იტვირთება

2021 წლის 17 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა Nina Marji კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას ერთ-ერთი ინტერვიუს 29-წამიანი მონაკვეთის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თან შემდეგი აღწერაც ახლავს: „ ეს ინფო ძველია, მაგრამ კვლავ აქტუალური ფაიზერის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ალბერტ ბურლას ჟურნალისტი ეკითხება არის თუ არა აცრილი? ბურლას პასუხი ასეთია: - არა, არ ამიცრია! ვარ 59 წლის, კარგი ჯანმრთელობით, არ ვმუშაობ წინა ხაზზე, ე.ი. არ მაქვს შეხება ბევრ ხალხთანო და ჩემნაირებისთვის არაა რეკომენდირებულიო...საინტერესო პასუხია, არა??“. Nina Marji-ს მტკიცებით, „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორიც კი უარს ამბობდა ვაქცინის გაკეთებაზე, მაშინ როდესაც ვაქცინაციის რეკომენდაციას ბავშვებისათვის და დანარჩენი მსოფლიოსათვის აქტიურად გასცემენ. რეალურად, ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და მიზნად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების დისკრედიტაციას ისახავს.

Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეო 2020 წლის დეკემბერში CNBC-ის ეთერში გასული ინტერვიუდან ამონარიდს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ვიდეო კონტექსტის გარეშე საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გავრცელდა და ეს ინფორმაცია საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების ყურადღებაც მიიპყრო (PolitiFact, UsaToday, FullFact, AFP FactCheck, FactCheck.org, Africa Check).

ბურლას ინტერვიუ CNBC-სთან ჯერ კიდევ 2020 წლის 14 დეკემბერს შედგა, მაშინ როდესაც „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯერ კიდევ არ იყო გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია გაცემული[1]. ბურლა CNBC-სთან ინტერვიუში იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი ვაქცინა გაეკეთებინათ, თუ - არა, მათ ურჩევდა რომ მეცნიერებისთვის ნდობა გამოეცხადებინათ და აცრილიყვნენ. ინტერვიუერის კითხვაზე თუ როდის აიცრებოდა თავად ბურლა, მან ვაქცინის მიღების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ის დაიცავდა სახელმწიფოს მიერ რეკომენდებულ განრიგს მისი ასაკობრივი ჯგუფისა და ჯანმრთელობის პროფილის მიხედვით -„როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ერთადერთი სენსიტიური მომენტი არის ის, რომ არ მინდა ვიყო მაგალითი იმისა თუ როგორ ვიღებ ვაქცინას ურიგოდ სხვაზე ადრე. მე ვარ 59 წლის, ჯანმრთელი, არ ვმუშაობ ფრონტის წინა ხაზზე, ამიტომ ახლა ჩემი კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაციის გაკეთება არ არის რეკომენდებული“[2].

შესაბამისად, ბურლა არა თუ ვაქცინაზე ამბობდა უარს, პირიქით, ინტერვიუში მან ისიც აღნიშნა, რომ ვაქცინის ეფექტურობასა და საზოგადოების ნდობის მოპოვებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა თუ კომპანიის ხელმძღვანელიც აიცრებოდა და ამიტომ ის შეეცდებოდა რაც შეიძლება მალე აცრილიყო: „ამ ფიქრების გამო, მე ვცდილობ რაიმე გამოსავალი მოვძებნო ვაქცინის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ჩემი რიგი არ არის და ამ ფაქტით მოვახდინო კომპანიის ნდობის სიძლიერის დემონსტრირება“. ამდენად, ბურლას აცრისგან თავის შეკავება განპირობებული იყო არა ვაქცინისადმი უნდობლობით, არამედ იმ ფაქტით, რომ თავდაპირველ ეტაპზე ვაქცინები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის და სამედიცინო პერსონალისთვის იყო რეკომენდებული. აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, ალბერტ ბურლა „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით აიცრა და 2021 წლის 10 მარტს მეორე დოზის მიღების დამადასტურებელი ფოტო twitter-ზეც გამოაქვეყნა.

ამდენად, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო და მტკიცება, რომ თითქოს „ფაიზერის“ ვაქცინას მისი აღმასრულებელი დირექტორიც არ ენდობოდა და ამის გამო არ იცრებოდა, სიცრუეა. Nina Marji-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც - სრული კონტექსტის დამახინჯებით, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობისა და სანდოობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2020 წლის 17 დეკემბერს გასცა

[2] ვაქცინაციის საწყის ეტაპზე ვაქცინების სიმცირის გამო პრიორიტეტს მოწყვლადი ჯგუფებისა და სამედიცინო პერსონალის აცრა წარმოადგენდა.


მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი