იტვირთება

მიხეილ სარჯველაძე: რასაც ამ დრომდე ვხედავთ, მერწმუნეთ, სააკაშვილის უფლებების დარღვევას ადგილი არ აქვს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: სამართლებრივი აქტებიდან ნათლად ჩანს, რომ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისთვის და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭიროა პატიმრის თანხმობა, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში, შესაბამისი ექიმის მოთხოვნა, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს. ასევე, რიგ შემთხვევებში, საჭიროა მსჯავრდებულთა სამედიცინო რეფერალის საკითხების განმხილველი კომისიის რეკომენდაცია. მოცემულ შემთხვევაში, სახალხო დამცველის განცხადებიდან და 11 ნოემბერს გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე თანხმობა არ განუცხადებია. მეტიც, გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ სააკაშვილი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ბადრაგებს მისი გადაყვანისას და ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. ასევე, სახალხო დამცველის 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა N12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს.

რაც შეეხება, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, აღსანიშნავია, რომ თავად პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხსენებული გარემოებები არ იკითხება. როგორც უკვე ვახსენეთ, მიხეილ სააკაშვილის N18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია იყო. აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის N18 სამედიცინო დაწესებულება არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ სტანდარტებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა წესების სრული დაცვით მოხდებოდა, მისი გლდანის N18 სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, პატიმრისა და პაციენტის უფლებას - ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით, მაინც შელახავდა.

ანალიზი:

2021 წლის 10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა: „თუ ადგილი აქვს რაიმე დარღვევას, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება, თუმცა რასაც ჩვენ ამ დრომდე თვალს ვადევნებთ, მერწმუნეთ, რომ იქ უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს“.

2021 წლის 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების გაფრთხილების გარეშე, გადაიყვანეს. გადაყვანის ფაქტი იმავე დღეს, მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიხელი სააკაშვილის N18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენცია იყო.

8 ნოემბერს, გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველმა მოინახულა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა. მისივე თქმით, „რუსთავის #12 დაწესებულებაში რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის [სააკაშვილი] ამბობს, რომ ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის [სააკაშვილი] გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. ამის მიუხედავად, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. აღნიშნული, 11 ნოემბერს პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმაც დაადასტურა, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ბადრაგებს მისი გადაყვანისას, ერთ-ერთ ხმოვან ვიდეოში ისმის, რომ ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებას N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები მოჰყვა. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეძახილების ხმა, რომელიც სააკაშვილის საკანშიც აღწევს, ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს და უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. ომბუდსმენის შეფასებით, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას, შესაბამისად, ის მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით. კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობა პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობაა.

მსგავს დანაწესს ვკითხულობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის ბრძანებაშიც, რომლის თანახმად, შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება, დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი, რის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული მინიმუმ 2 ექიმის მიერ.

ამავე ბრძანების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება [პენიტენციურ] დაწესებულებაში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, ხდება მისი გადაყვანა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მოშიმშილის ახლო ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.

თავის მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების მიზნით, შესაბამისს მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გეგმური გადაყვანა ხორციელდება მსჯავრდებულთა სამედიცინო რეფერალის საკითხების განმხილველი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. ხოლო პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიზნით, სამკურნალო დაწესებულებასა და ცენტრში გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.

ზემოთ განხილული სამართლებრივი აქტებიდან ნათლად ჩანს, რომ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისთვის და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭიროა პატიმრის თანხმობა, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში - შესაბამისი ექიმის მოთხოვნა, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს. ასევე, რიგ შემთხვევებში, საჭიროა მსჯავრდებულთა სამედიცინო რეფერალის საკითხების განმხილველი კომისიის რეკომენდაცია. მოცემულ შემთხვევაში, სახალხო დამცველის განცხადებიდან და 11 ნოემბერს გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე თანხმობა არ განუცხადებია. მეტიც, გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ სააკაშვილი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ბადრაგებს მისი გადაყვანისას და ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. ასევე, სახალხო დამცველის 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა N12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს.

რაც შეეხება, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, აღსანიშნავია, რომ თავად პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხსენებული გარემოებები არ იკითხება. როგორც უკვე ვახსენეთ, მიხელი სააკაშვილის N18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია იყო. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის N18 სამედიცინო დაწესებულება არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ სტანდარტებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა წესების სრული დაცვით მოხდებოდა, მისი გლდანის N18 სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მაინც შელახავდა პატიმრისა და პაციენტის უფლებას, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით და შემდეგ იძულებით გადაყვანით, მისი უფლება აშკარად დაირღვა.

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის მე-5 კვირას ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, მუქარის ფონზე; უგულებელყოფილია ღირსება, უარი თქვეს კონფიდენციალურობასა და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურების უფლებაზე. არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა“.

არასამთავრობო ორგანიზაციის, ცენტრი „ემპათიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ძალადობით შეყვანის ამსახველი ვიდეოკადრები მისი წამების ფაქტს ადასტურებს. „ვიდეოკადრები, რომელსაც ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას მხოლოდ ადასტურებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევაა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე, სააკაშვილის იძულებით გადაყვანას გამოეხმაურა საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი. მისი თქმით, ის რომ ადამიანი თავისი ნებით ტოვებს პენიტენციურ სამსახურს, არ ნიშნავს, რომ ის თანხმობას აცხადებს იქ მიყვანაზე, სადაც მიჰყავთ. „როდესაც ნებისმიერი პაციენტი აცხადებს თანხმობას, რომ უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა, აუცილებელია მისი ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა უნდა ვნახოთ, რა თქმა უნდა, წერილობით დოკუმენტში. წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. ამიტომ გვქონდა ეჭვები, რომ მიხეილ სააკაშვილს თანხმობა არ განუცხადებია და მოტყუებით გადაიყვანეს ამ დაწესებულებაში“, - განმარტა მან.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და ასოცირებული პროფესორის, თამთა მიქელაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის მთლიანი პროცესი მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს ღირსების შემლახავ მოპყრობად მის მიმართ: „სააკაშვილის დაწესებულებაში შეყვანის ეს მანერა, იმ გარემოებებთან ერთად, რომ სააკაშვილი, მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულები მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე და პატიმარი მოატყუეს, მე-18 დაწესებულება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო გარემოდ სააკაშვილისთვის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, იქ მისთვის სათანადო მკურნალობის პირობებიც კი არ არის, როცა მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილის შეყვანა შეურაცხყოფისა და შეძახილების ფონზე მოხდა და ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი ჩანდა, ნამდვილად შეიძლება მთლიანობაში შეფასდეს ღირსების შემლახავ მოპყრობად მის მიმართ“.

საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სარჯველაძის განცხადება, რომ სააკაშვილის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4167 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი