ნათია თურნავა: 2021 წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მთავრობის სწორი და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „2021 წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მთავრობის სწორი და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3%-ია. 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შემდეგ დარგებში შეინიშნებოდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდში, მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე ხშირად აპელირებენ. თუმცა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, დიდწილად საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც, პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. სწორედ აღნიშნულ პერიოდებთან მიმართებით ფიქსირდება განსაკუთრებით მაღალი ზრდა, რაც შესაბამისად, საშუალო მაჩვენებელსაც გაზრდილად წარმოაჩენს. 2020 წელს, რეალური ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მსგავს ეფექტს, ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. აღნიშნული, ნათია თურნავას განცხადების ნაწილს, სადაც ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს მთავრობის სწორ და დაბალანსებულ დინამიკას უკავშირებს, ნაწილობრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სინამდვილეში, მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მთავრობის სწორი პოლიტიკის შინაარსობრივი შედეგი, არამედ არათანმიმდევრული და პანდემიური ვითარების ცვლილებას აცდენილი პოლიტიკით გამოწვეული ტექნიკური ზრდაა. კერძოდ, ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები გამოიყენა, როცა ამის საფუძველი არ არსებობდა და პრაქტიკულად მოხსნა ყველანაირი შეზღუდვა, როცა პანდემიური სურათი დამძიმდა. შედეგად, პირველ წელს ეკონომიკა „ზედმეტად“ შემცირდა, შეზღუდვების მოხსნის პირობებში აქტივობის აღდგენამ კი ეკონომიკური ზრდის ტექნიკურად მაღალი შედეგის დაფიქსირება გამოიწვია. რიცხვების თვალსაზრისით, ფინანსთა სამინისტროს განახლებული საბაზისო სცენარის მიხედვით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 10% სახელდება, რომლის დაფიქსირების შემთხვევაშიც, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 3.2%-ით გაიზრდება.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის (თვე წინა წლის შესაბამის თვესთან) თვიური დინამიკა (%) და ეკონომიკური შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი 2020-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, Oxford’s CORONAVIRUS GOVERNMENT RESPONSE TRACKER

გრაფიკიდან ცალსახად ჩანს, რომ მიმდინარე წელს მაღალი ზრდის ტემპი იმ პერიოდში ფიქსირდება, რომელშიც წინა წელს ასეთივე მაღალი კლება ფიქსირდებოდა. იმ პერიოდებთან მიმართებით კი როცა შეზღუდვები შერბილებული იყო, ზრდის ტემპის მაჩვენებელი საშუალოა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპის გადახრას პრეპანდემიური წლების მაჩვენებლისგან მათემატიკური/ტექნიკური მიზეზი აქვს და არა შინაარსობრივი. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება მეტწილად მცდარია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია