ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 9 წლის მანძილზე, თუ კი სადმე შანსი იყო გადასახადების გაზრდის, ყველგან გაზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
რეზიუმე: საქართველოში ჯამში ექვსი გადასახადი მოქმედებს, მათ შორის, ერთი ადგილობრივი - ქონების გადასახადი და ხუთი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი: მოგების, საშემოსავლო, დღგ, აქციზი და იმპორტის.
საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის განაკვეთის გაზრდისთვის, გარდა აქციზისა, საყოველთაო რეფერენდუმია საჭირო. შესაბამისად, ამ გადასახადების გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან რთული წარმოსადგენია, მოქალაქეებმა გადასახადის ზრდას (შესაბამისად ხელზე ასაღები შემოსავლის შემცირებას) დაუჭირონ მხარი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გადასახადი, რომლის ზრდაც ხელისუფლებას შეეძლო - აქციზია.
2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა პროდუქტზე აქციზის გადასახადი პერიოდულად იზრდებოდა, მათ შორისაა - ნავთობპროდუქტები (ბენზინი, დიზელი, გაზი), სიგარეტი და ავტომობილები. თუმცა აქციზის ერთჯერადი ზრდის შემთხვევებიდან, ყველაზე მკვეთრი ზრდა 2017 წლის 1 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლის შედეგად შემცირებული საგადასახადო შემოსავლების კომპენსირება აქციზის გაზრდის ხარჯზე მოხდა. აქციზის მსგავსი ზრდა, გარკვეულწილად, მოგების გადასახადში ბიზნესისთვის საშეღავათო ცვლილებას უკავშირდებოდა.
შესაბამისად, ხელისუფლებამ ის ერთადერთი გადასახადი, რომლის გაზრდაც შეეძლო, მართლაც არაერთგზის და მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ზრდა ნაწილობრივ სხვა გადასახადის შემცირების შედეგების კომპენსირებას ემსახურებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
2021 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებულმა ვიცე-მერობის კანდიდატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა:
„ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო 9 წლის მანძილზე თუ კი სადმე შანსი იყო გადასახადების გაზრდის, ყველგან გაზარდა“.
დღეისთვის საქართველოში 6 გადასახადი არსებობს, მათ შორის ერთი ადგილობრივი - ქონების გადასახადი - და ხუთი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი: მოგების, საშემოსავლო, დღგ, აქციზი და იმპორტის. ყველა აღნიშნულ გადასახადს განსხვავებული შინაარსი და განაკვეთი გააჩნია. მაგალითად, მოგების გადასახადი კომპანიის მიერ მიღებულ მოგებას ბეგრავს, თუ მოგების დივიდენდის სახით გატანა მოხდება, ბიზნეს სუბიექტს გადასახადის გადახდა მოგების 15%-ის ოდენობით მოუწევს. ასევე დამატებულია ღირებულების გადასახადი, რომლის საპროცენტო განაკვეთი 18%-ია, საშემოსავლო 20% და ა.შ.
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ზრდას საქართველოს კონსტიტუცია და ორგანული კანონი ზღუდავს, რაც იმას გულისხმობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების გარეშე საქართველოში გადასახადების გაზრდა შეუძლებელია. გამონაკლისს აქციზის გადასახადი წარმოადგენს, რომელზეც მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება.
„ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლიან პერიოდში აქციზის გადასახადი პერიოდულად იზრდებოდა, მათ შორის, ყველაზე მკვეთრი მატება 2017 წლის 1 იანვრიდან დაფიქსირდა. აღნიშნულ შემთხვევაში, აქციზის გადასახადის განაკვეთი სიგარეტზე და ნავთობპროდუქტებზე გაიზარდა. ზრდა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლის შედეგად ბიუჯეტში შემცირებული გადასახადების დაბალანსებას ემსახურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სხვა გადასახადის გასაზრდელად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდებოდა, მხოლოდ აქციზის გადასახადი გაიზარდა.
ცხრილი 1: გაზრდილი აქციზის გადასახადი
წყარო: საგადასახადო კოდექსი
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აქციზის განაკვეთის ზრდამ ისეთ არაელასტიკურ პროდუქტებზე, როგორიცაა სიგარეტი და ნავთობპროდუქტები, თავისი უარყოფითი წვლილი ინფლაციაშიც შეიტანა, მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნავთობპროდუქტები თავის მხრივ ყველა სხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში იღებს მონაწილეობას, ამან საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონი, კიდევ უფრო დაამძიმა.
გარდა სიგარეტისა და ნავთობპროდუქტებისა, აქციზის გადასახადი იმ ადამიანებსაც გაეზარდათ, ვისაც მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟება უწევდათ. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი შეიძენდა 10 წლამდე მანქანას, რომლის ძრავის მოცულობა 2500 კუბ.სმ-ი იყო, მაშინ მას 2017 წლის 1 იანვრის ცვლილებებამდე 1250 ლარის გადახდა მოუწევდა, ხოლო ცვლილებების შემდგომ კი - 2750 ლარის. რეალური ცვლილება მარჯვენა და მარცხენასაჭიან მანქანის განბაჟებას შეეხო, რადგან მარცხენასაჭიანი მანქანის განბაჟება 2017 წლის ცვლილებების შედეგად 3-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მარჯვენასაჭიანის. ზოგადად, უნდა აღნიშნოს ასევე ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სხვა სააქციზო პროდუქტებზეც (მაგ. ლუდი) გაიზარდა განაკვეთები, თუმცა ნაკლებად ხელშესახები ოდენობით, რასაც ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადგილობრივი გადასახადი - ქონების გადასახადი, რომელსაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტი თავისი დღის წესრიგის მიხედვით ადგენს, თუმცა ამ ნაწილშიც საქართველოს თავისუფლების აქტის მიხედვით 1%-იანი ზედა ზღვარია დადგენილი, რის ზემოთაც ისინი გადასახადს ვერ გაზრდიან, ხოლო 1%-ის ფარგლებში საგადასახადო განაკვეთის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია.
შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში აქციზის გადასახადი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა ყველაზე მკვეთრი მატება 2017 წლის 1 იანვარს დაფიქსირდა, რაც მოგების გადასახადის ლიბერალიზაციიდან შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების კომპენსირებას ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება - „ქართული ოცნების“ მხრიდან გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, არის მეტწილად სიმართლე.