რატი ბრეგაძე: სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რატი ბრეგაძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩანს, რომ მიხეილი სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა. აღნიშნული შიმშილობის დარღვევას არ წარმოადგენს, რაზეც თავად პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის განმარტება და პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები მიუთითებს. სახალხო დამცველის მიხედვით, შესაბამის დოკუმენტაციაში პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილებისა და საკვების მიღების ფაქტი არ ფიქსირდება.
იუსტიციის მინისტრი განცხადებაში, მხოლოდ გარკვეული სახის საკვები მიღების ფაქტს ახსენებს, თუმცა სრულ კონტექსტს მალავს. ინფორმაციის მსგავსი სახის გავრცელებით, იუსტიციის მინისტრი მისი პოლიტიკური ოპონენტის, მოშიმშილე მიხეილი სააკაშვილის და მისი პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს. იუსტიციის მინისტრი, მთლიანი ინტერვიუს განმავლობაში, არც ერთხელ არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა კონკრეტული საკვები სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო კაბინეტში მიიღო. მეტიც, ჟურნალისტის იმ შეკითხვებზე, რომლებიც სააკაშვილის მიერ საკვების მოპოვებისა და მიღების გარემოებებს ეხებოდა, რატი ბრეგაძემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და პასუხში მთავარი აქცენტი კვლავაც სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტზე გააკეთა.
ასევე, 8 ნოემბრის საღამოს, მედიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა გავრცელდა, რომელსაც ხელს კონსილიუმის წევრები აწერენ. დასკვნის მიხედვით, „გრძელდება შიმშილობა 39 დღე. უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ იღებს დანიშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. წონა 104 კგ. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%...პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია“. კონსილიუმის წევრების თანახმად, სააკაშვილი უკვე 39 დღეა შიმშილობს და იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში.
ანალიზი:
2021 წლის 5 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2-თან“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილმა შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, შემოსახლებიდან 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ, როგორც იცით, მან განაცხადა უარი, თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა, საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა სახის საკვები მიიღო მიხეილ სააკაშვილმა, რატი ბრეგაძემ უპასუხა, რომ სააკაშვილმა მიიღო საკვები, რომელიც სამედიცინო დანიშნულებას აღარ წარმოადგენდა.
6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა ჯერ განაცხადა, რომ „მსჯელობენ, გაასაჯაროონ, თუ - არა მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებული კადრები“, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მიერ გარკვეული საკვების მიღების კადრები გაასაჯაროვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო და ვიდეომასალის გასაჯაროებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, „რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
ასევე, 6 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის განცხადებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებისა და საკვების მიღების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მან შეწყვიტა სამედიცინო პერსონალის მიერ დანიშნული საკვები დანამატების მიღება.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩანს, მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა. აღნიშნული არ წარმოადგენს შიმშილობის დარღვევას, რაზეც თავად პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის განმარტება და პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები მიუთითებს. სახალხო დამცველის მიხედვით, შესაბამის დოკუმენტაციაში პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილებისა და საკვების მიღების ფაქტი არ ფიქსირდება. ხსენებული გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რატი ბრეგაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება. იგი განცხადებაში, მხოლოდ გარკვეული სახის საკვები მიღების ფაქტს ახსენებს, თუმცა სრულ კონტექსტს მალავს. ინფორმაციის მსგავსი სახის გავრცელებით, იუსტიციის მინისტრი ცდილობს მისი პოლიტიკური ოპონენტის, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის და მისი პროტესტის დისკრედიტაციას. იუსტიციის მინისტრი მთლიანი ინტერვიუს განმავლობაში, არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა კონკრეტული საკვები სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო კაბინეტში მიიღო. მეტიც, ჟურნალისტის იმ შეკითხვებზე, რომლებიც სააკაშვილის მიერ საკვების მოპოვებისა და მიღების გარემოებებს ეხებოდა, რატი ბრეგაძემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და პასუხში მთავარი აქცენტი კვლავაც სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტზე გააკეთა.
სტატიაში განხილულ იუსტიციის მინისტრის განცხადების ფაქტობრივ სიზუსტესთან ერთად, მნიშვნელოვანია ის კონტექსტიც გავაანალიზოთ, რომელშიც იუსტიციის მინისტრმა მსგავსი განცხადება გააკეთა. რატი ბრეგაძე განცხადებაში სააკაშვილის მიერ გარკვეული სახის საკვების მიღების დაწყებაზე საუბრობს. ამ განცხადებამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს 30 ოქტომბრამდე არანაირი საკვები, მათ შორის, არც საკვები დანამატები არ მიუღია. საყურადღებოა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის რეჟიმის დარღვევაზე აპელირება, სწორედ 30 ოქტომბრიდან გაძლიერდა.
30 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს. მისივე თქმით, „მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, მთელი ციხე იცინის ამაზე. ყიდულობს. დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს სააკაშვილი“.
1 ნოემბერს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკ“ [ყალბი] შიმშილობაა და მოუწოდა მას პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე თანხმობა განეცხადებინა - „მოვუწოდე ადამიანს, რომ გაასაჯაროებინოს პერსონალური მონაცემები, ამის გახმოვანების უფლება მისცეს პენიტენციურ სამსახურს. შემდეგ ვნახოთ, შემთხვევით „ფეიკი“ ხომ არ არის შიმშილობა და ა.შ. გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოება მხრიდან“.
ასევე, მსგავსი შინაარსის განცხადება მან 2 ნოემბერსაც გააკეთა. პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „[მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის] 41-ე დღეს ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, რადგან ხომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს. არანაირი პრობლემა საბედნიეროდ არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. მას შეუძლია მისცეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით ჩემი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, „ფეიკთან“, დადგმულ რაღაცასთან. მას ხელში უჭირავს ერთი კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ვერ გაახმოვანებს. შესაბამისად, მას ეს კოზირი შეუძლია გამოიყენოს და იყენებს ჩემი აზრით, ძალიან ცუდად. 41-ე, 57-ე დღეს ჩემი აზრით აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში“.
3 ნოემბერს სააკაშვილის შიმშილობას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის არ ეყოფა გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს. „კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თავის თავში იპოვის ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით შეშფოთებულია, სიმართლეს ეტყვის“.
როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ. მათი განცხადებები ერთის მხრივ, უბიძგებს პატიმარს, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს - პროტესტის უფრო მკაცრ ფორმებს მიმართოს, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნის საშიშს პრეცედენტს, რამაც შესაძლოა სახელმწიფო სისტემის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამციროს და მომავალში პატიმრების მხრიდან სამედიცინო პერსონალთან თუ პენიტენციურ სისტემასთან თანამშრომლობის შანსი შეამციროს.
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის შეწყვეტიდან 1 დღეში, 8 ნოემბერს იგი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“.
ასევე, 8 ნოემბრის საღამოს, მედიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა გავრცელდა, რომელსაც ხელს კონსილიუმის წევრები აწერენ. დასკვნის მიხედვით, „გრძელდება შიმშილობა 39 დღე. უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ იღებს დანიშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. წონა 104 კგ. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%...პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია“. კონსილიუმის წევრების თანახმად, სააკაშვილი უკვე 39 დღეა შიმშილობს და იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში.
9 ნოემბერს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველის შეფასებით, „N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას“. ნინო ლომჯარია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღონღაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რომელმაც მიხელ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოინახულა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა. მისივე თქმით, „რუსთავის #12 დაწესებულებაში რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის [სააკაშვილი] ამბობს, რომ ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის [სააკაშვილი] გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
საბოლოო ჯამში, სტატიაში განხილული იუსტიციის მინისტრის და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შემნილი ვითარებისა და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რატი ბრეგაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის რეჟიმი დაარღვია და საჭმელი მიიღო, არის ტყუილი.