იტვირთება

მამუკა მდინარაძე: ინფრასტრუქტურაში, ჩვენს მმართველობამდე წლებთან შედარებით, 3,4,5,7-ჯერ მეტია გაკეთებული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე:

ინფრასტრუქტურული მიღწევების გასაზომად, საანგარიშო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ტენდენცია განვიხილეთ. მონაცემების მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ნომინალურ მაჩვენებელში 2.2-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი, პირიქით - 0.93 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ მთლიან ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარდობითი მაჩვენებელი არათუ 3-ჯერ ან 4-ჯერ გაზრდილია, არამედ შემცირებულია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ბიუჯეტის ნაწილშიც კი, მამუკა მდინარაძის განცხადება მცდარია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2021 წლებში, „ქართული ოცნების“ „ძალისხმევით“ თუ უმოქმედობით, არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა: შემოვლითი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ნამახვანჰესი, რუსთავი-თბილისის გზის მეორე მონაკვეთი.

ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და არ გაჩერებულა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალია.

აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებაზე ისაუბრა და ამის დასტურად სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება: „არ არსებობს სფერო, სადაც წინა წლებთან , ანუ ჩვენს მმართველობამდე წლებთან შედარებით, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ და 7-ჯერ მეტი არ არის გაკეთებული... ინფრასტრუქტურა იქნება, ჯანდაცვა იქნება, განათლება იქნება, ნებისმიერ სფეროში“.

ჩვენ ქვემოთ ინფრასტრუქტურის მიმართულების მიღწევებს შევაფასებთ, დანარჩენი სფეროების მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ინფრასტრუქტურული მიღწევების გასაზომად საანგარიშო წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ტენდენციას განვიხილავთ.

ცხრილი 1: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი წლების მიხედვით (ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2012 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ნომინალურ მაჩვენებელში 2.2-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი, პირიქით - 0.93 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის როგორც ნომინალური, ასევე ფარდობითი მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. დასახელებული მონაცემები ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო.

ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ მთლიან ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ნომინალური მაჩვენებლების 9-წლიან პერიოდში შედარება არასწორია, ვინაიდან ამ წლებში ერთი მხრივ, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციის ფაქტორი არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარდობითი მაჩვენებელი არათუ 3-ჯერ 4-ჯერ ან 7-ჯერ არის გაზრდილი, არამედ პირიქით შემცირებულია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ბიუჯეტის ნაწილშიც კი, მამუკა მდინარაძის განცხადება მცდარია.

რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც 2013-2021 წლებში ხორციელდება, არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, მოძრაობა 266.15 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში, მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე გაიხსნა, 2013 წლიდან დღემდე კი - 198 კილომეტრზე. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე თითქმის 3-ჯერ მეტი გზა ააშენა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა (42.3 კმ) 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი.

„საუკუნის პროექტად“ წოდებული ანაკლიის პორტის მშენებლობას საფუძველი 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩაეყარა. პროექტი ანაკლიის კონსორციუმს, სადაც „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად ამერიკული კომპანიები - SSA Marine და „კონტი ჯგუფი“ შედიოდა, უნდა განეხორციელებინა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული ქმედებებით პროექტი ჩავარდა და 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა. შესაბამისად, „ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აღარ აშენდება.

ხელისუფლების უმოქმედობამ განაპირობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის - „ნამახვანჰესის, შეჩერება. კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულება შეწყვიტა. შესაბამისად, დაანონსებული 830 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ქვეყანაში აღარ შემოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასრულა თბილისი-რუსთავის ავტობანის მეორე - ფონიჭალის, მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3.2 კმ-ია. ადგილობრივები მთავრობისგან საკომპენსაციო თანხას ითხოვდნენ. მოსახლეობასთან შეუთანხმებლობის გამო, მთავრობამ საბოლოოდ პროექტის მიმდინარეობა შეაჩერა.

„ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა კიდევ ერთი პროექტი „შემოვლითი რკინიგზა, რომელშიც 213 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯული იყო. მუნიციპალური მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტი აღარ გაგრძელდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება ინფრასტრუქტურასთან მიმართებით, არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი