მამუკა ფანიაშვილი: გორში 4 წელია დაკოპირებული სოციალური პაკეტის დამტკიცება ხდება
ვერდიქტი: ტყუილი
რეზიუმე:
სოციალური პროგრამისთვის გაწერილი თანხა გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2017-2021 წლებში, 38 870-დან 68 728 ლარამდე გაიზარდა. თანხის მატებასთან ერთად მომატებულია დაავადებების ჩამონათვალი, რომლითაც ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფები სარგებლობენ. თანხების მატების პარალელურად ცალკეული მიმართულებები სოციალური დაცვის მუხლში თითქმის იგივეა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ცვლილებები შევიდა რამდენიმე მუხლში, თუმცა პაკეტს ახალი პროგრამები არ შემატებია. ერთადერთი რაც უახლოეს წარსულში დოკუმენტს დაემატა, პრობაციონერებისთვის შეღავათების დაწესებას ეხება.
სოციალური პაკეტის ბოლო ვერსია საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მოიწონა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით ძალაში შევიდა. მხარდამჭერთა შორის იყო მამუკა ფანიაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნებიდან“ გახარიას გუნდში 2021 წლის ზაფხულში გადაინაცვლა.
მამუკა ფანიაშვილი ახლადარჩეულ საკრებულოში ახლა უკვე პარტიის „საქართველოსთვის“ სახელით შევიდა.
ანალიზი:
გახარიას გუნდის წარმომადგენელმა და გორის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ - მამუკა ფანიაშვილმა, გორის მერიის სოციალური სამსახური გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა. კონკრეტულად კი ფანიაშვილი 2017-2021 წლებზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ წლიდან წლამდე ბიუჯეტის მუხლები სოციალურ მიმართულებაზე კოპირდება და ასე ამტკიცებენ. ამ პერიოდში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და 2021 წლის ივნისამდე უმრავლესობის პოზიციებს იზიარებდა.
„4 წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის პაკეტის კოპირება და დამტკიცება ხდება. ბევრი მოქალაქის განცხადება განუხილველი რჩება ამის გამო. ჩვენ გვინდა გავაანალიზოთ ეს განუხილველი განცხადებები და ამის საფუძველზე დავამატოთ მუხლი სოციალურ ბიუჯეტს”, – აცხადებს მამუკა ფანიაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით შევიდა.
აღნიშნულ განცხადებას გორის მერიიდან გამოეხმაურნენ. სოციალურ სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხრაძის განმარტებით, კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან ბოლო 4 წელში სოციალურ პაკეტში არაერთი ცვლილება განხორციელდა.
გორის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პაკეტში ბოლო 4 წელში შემდეგი სახის ცვლილებები შევიდა:
მუხლი 3. გაიზარდა სოციალური ქულების ოდენობა 0 - დან 150 000 - მდე.(იყო 0 - დან 70 000 - მდე).
მუხლი 4. მედიკამენტების დაფინანსებაში დაავადებულ ბენეფიციართა დახმარების კატეგორიებს დაემატა:
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადება,
• თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა)
მუხლი 5. აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარება 1000 ლარიდან გაიზარდა და გახდა 2000 ლარი.
მუხლი 6. დიალიზზე მყოფ ადამიანებს პანდემიიდან გამომდინარე, ჩაკეტვების პერიოდში, დაუფინანსდათ ტრანსპორტირების ხარჯები - 150 – 300 ლარი.
მუხლი 8. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა და სპორტსმენების დაფინანსება ხდება 120 000 ქულამდე, იყო 65 000 ქულა.
მუხლი 9. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას დაემატა 2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიცვალებულთა დაფინანსების ხარჯებს იღებენ მერიის მიერ დროებითი საცხოვრისით ან ქირით დაკმაყოფილებული ადამიანები.
მუხლი 11. ხანძრების შედეგად დაზარალებულ ოჯახების დახმარებას დაემატა ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახებისადმი დახმარება.
მუხლი 12. ვეტერანთა დახმარებას დაემატა 1 პუნქტი - ვეტერანის დღეს 600 ლარის მაგივრად იღებენ 800 ლარს.
მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას დაემატა 1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მე - 3 შვილის შეძენაზე 0 - 150 000 ქულის მქონე ადამიანები იღებენ 200 ლარს.
მუხლი 15. მარტოხელა მშობლის დახმარება - სოციალური ქულები გაიზარდა 150 000 - მდე.
მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ოდენობა გაიზარდა 200 - დან 300 ლარამდე.
მუხლი 18. უსახლკარო ადამიანების ქირით უზრუნველყოფის ყოველთვიური დახმარება 80 ლარის ნაცვლად გახდა 100 ლარი.
მუხლი 19. მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ. პირთა დახმარებას დაემატა სმენადაქვეითებული ადამიანების დახმარება.
სოციალურ პაკეტს დაემატა ახალი მუხლი 20, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულის დახმარება (კომუნალურ გადასახადზე).
„ფაქტ-მეტრი“ განცხადების ავტორსაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ როგორ გამოხატავდა ამ უკმაყოფილებას მაშინ, როდესაც ამ პროგრამის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა თავადაც უწევდა, როგორც წინა მოწვევის საკრებულოს წევრს. მამუკა ფანიშვილმა დაადასტურა, რომ 2017-2021 წლებში, სოციალური პროგრამის დამტკიცებაში თავადაც მონაწილეობდა, თუმცა მაშინ გუნდური გადაწყვეტილებით მოქმედებდა.
მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ გორის მერია სოციალური პოლიტიკისთვის გაწერილი თანხების ოდენობას ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ზრდის. გაზრდილი თანხები სხვადასხვა მუხლშია ასახული, რაც დახმარებების გაწევას სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის გულისხმობს. 2017 დან 2021 წლამდე პერიოდში სოციალურ პაკეტს ერთადერთი მუხლი აქვს დამატებული, რომელიც ყოფილი მსჯავრდებულებისთვის კომუნალური შეღავათების დაწესებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის „ საქართველოსთვის“ წევრის მიერ დასახელებულ პერიოდში გორის მერიის სოციალური პაკეტის მუხლებში ცვლილებები შევიდა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე სოციალურ სფეროში საჭირო ცვლილებები განხორციელდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მტკიცება, თითქოს ბიუჯეტის მიუხლები კოპირებულია და მასში ცვლილებები არ შედის, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მამუკა ფანიაშვილს ამგვარი ბიუჯეტისთვის წარსულში არაერთხელ დაუჭერია მხარი ისე, რომ შენიშვნა არ გამოუთქვამს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ფანიაშვილის განცხადება არის ტყუილი.