იტვირთება

ირაკლი ზარქუა: სახალხო დამცველი ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“ ინტერესების, უფლებების და იდეების გამტარებლად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ირაკლი ზარქუას განცხადება სახალხო დამცველთან დაკავშირებით ფაქტობრივი ტყუილია, როგორც უშუალოდ ნინო ლომჯარიასთან მიმართებით (რადგან მისი მხრიდან წინა ხელისუფლების კრიტიკა დოკუმენტურად დადასტურებულია), ასევე, სახალხო დამცველის ინსტიტუტთან მიმართებითაც. სახალხო დამცველის ვებგვერდზე 2012 წლამდე გამოქვეყნებული ანგარიშები მარტივად ხელმისაწვდომია, სადაც იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა უხვად გვხვდება. შესაბამისად, ირაკლი ზარქუას განცხადება არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი და სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და პერსონის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.

ანალიზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმავე დღეს მას დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა, რომლის ინფორმაციითაც, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მას შემდეგ, სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ შეხვდა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს აპარატი დეტალურად აკვირდება.

2021 წლის 24 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული რისკები არსებობს.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველი „ნაცმოძრაობის“ ინტერესების, უფლებების და იდეების გამტარებლად ჩამოყალიბდა. „მას რომ შეესწავლა ამ წლების განმავლობაში, რა ხდებოდა, როგორი იყო პატიმრების უფლებები შელახული იმ რეჟიმის დროს და პირიქით ეთქვა, ეს გამოძიებული არის, თუ - არაო, თუმცა არც დაინტერესებულა. ბატონი სააკაშვილის დროს უკვე ყოველდღიურად ბრიფინგებს ატარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას დღის წესრიგი პირდაპირ სააკაშვილით აქვს დაწესებული და სააკაშვილით ამთავრებს“, - აღნიშნა ზარქუამ.

„ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ზარქუას განცხადებას აფასებს.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ის არასამთავრობო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, ეკავა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის ამ დროს სახალხო დამცველის მანდატით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ვერ განახორციელებდა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე კრიტიკული შეფასებები მისი მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია.

მაგალითად, ლომჯარია ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეფასებაში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლების პასუხი კრიტიკაზე მაქსიმალური იგნორი იყო, მთავრობიდან და პარლამენტიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან იყო შესაძლებელი კომუნიკაცია.

„ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებისთვის მისაღები არ იყო. ჩვენ[არასამთავრობო ორგანიზაციები] ნაკლებად ვიყავით ჩართულები და სასურველები მათთვის, რომ რაღაც პროცესებში მიგვეღო მონაწილეობა... მახსოვს, რომ იყო მცდელობა ჩვენი დისკრედიტირების, მაგრამ ეს ხდებოდა დახურულ ფორმატებში“, - განმარტავს ლომჯარია. მისი თქმით, ყველა ხელისუფლება ცდილობს, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან გააიგივოს და ასე წარმოაჩინოს ისინი არაობიექტურად.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოზიციის დაკავებამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ მუშაობდა. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები მისი, როგორც ომბუდსმენის კანდიდატურას, დადებითად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ნინო ლომჯარია ძალიან კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა.

რაც შეეხება, ზოგადად, სახალხო დამცველის კრიტიკულობას, უნდა აღინიშნოს რომ ეს არა პოსტზე მყოფი კონკრეტული პიროვნებისგან, არამედ სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარეობს. სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.

სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს, რომლებიც ეხება:

• საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას;

• სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას;

• დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის უფლებების დარღვევას;

• ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას;

• რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ სახალხო დამცველი დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას თვალყურს ადევნებს. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ პირობებზე დაკვირვება არა „ნაცმოძრაობის“ ინტერესების, უფლებების და იდეების გამტარებლად ჩამოყალიბება, არამედ, მანდატის ფარგლებში მოქმედებაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი ბოლოდროინდელი საერთაშორისო რეიტინგისა და ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და საუბარია პოლიტიკური მიკერძოებულობისა და სასამართლოში მმართველი პარტიის გავლენების შესახებ.

ხაზგასასმელია, რომ კრიტიკულები იყვნენ და სხვადასხვა დარღვევაზე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ნინო ლომჯარიას წინამორბედი სახალხო დამცველებიც, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ).

უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ ნინო ლომჯარიას მიმართ განსაკუთრებული აგრესიით,ზოგჯერ კი - ცინიზმით გამოირჩევა. განსხვავებული აზრის ქონისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო მმართველი გუნდის მხრიდან სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი არაერთი განცხადება მოგვისმენია. „ოპოზიციონერი, სამარცხვინო, უპასუხისმგებლო“, - ასე მოიხსენია ლომჯარია ირაკლი კობახიძემ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.

სახალხო დამცველი არაერთხელ გამხდარა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის კრიტიკისა და ცინიზმის ობიექტი.

დასკვნისთვის უნდა ითქვას, რომ ირაკლი ზარქუას შეფასება, სახალხო დამცველის „ნაცმოძრაობის“ ინტერესების დამცველად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მხრიდან არის არა მხოლოდ ნინო ლომჯარიასკენ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი, არამედ თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის დადანაშაულება წინა ხელისუფლების დროს ციხეში არსებული მდგომარეობისა თუ ადამიანის უფლებების შესახებ არასაკმარისად მკაცრი პოზიციის დაჭერაში, არის ფაქტობრივი ტყუილი და ამის დამტკიცება სახალხო დამცველის მაშინდელი ანგარიშების მიმოხილვითაც შეიძლება.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას პოზიციებს 2012 წლის არჩევნებამდე, შეგვიძლია ვიხილოთ ხელისუფლების ცვლილებამდე, მაგალითად, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგების შესახებ ISFED-ის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც საუბარია ოპოზიციურ აქტივისტებზე ზეწოლისა და მათი დაკავების, სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსების შეუსაბამო გამოყენების, მედიის კანონთან შეუსაბამო შეზღუდვისა და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ.

ამრიგად, ირაკლი ზარქუას განცხადება სახალხო დამცველთან დაკავშირებით ფაქტობრივი ტყუილია, როგორც უშუალოდ ნინო ლომჯარიასთან მიმართებით ( ვინაიდან დოკუმენტურად დადასტურებულია მისი მხრიდან წინა ხელისუფლების კრიტიკაც), ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტთან მიმართებითაც, რადგან სახალხო დამცველის ვებგვერდზე მარტივად ხელმისაწვდომია 2012 წლამდე გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლებიც იმდროინდელი ხელისუფლების მიმართაა კრიტიკული. შესაბამისად, ირაკლი ზარქუას განცხადება არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი და სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და პერსონის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3573 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი