იტვირთება

მამუკა მდინარაძე: „ყველა პარტიის წარმომადგენელს აქვს უფლება, თუ ის იცავს 100 მეტრიან დისტანციას, გასწიოს აგიტაციაც, ჰქონდეს სიები, რომელიც მოიპოვება ცესკოს საიტზე, ღია წყაროებში“

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

მედიაში აქტიურად შუქდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომელთაც აქვთ საარჩევნო სიები და აღრიცხავენ ამომრჩეველს/მათ მხარდამჭერებს. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ყველა პარტიის წარმომადგენელს აქვს უფლება, თუ ის იცავს 100 მეტრიან დისტანციას, გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს სიები, რომელიც მოიპოვება ცესკოს საიტზე და ღია წყაროებში. ჰქონდეს სიები, მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობაც 100-მეტრიანი რადიუსის გარეთ“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს წინასაარჩევნო აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე აკრძალულია. არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მოშორებით საარჩევნო აგიტაცია ან ამომრჩევლის აღრიცხვა დასაშვებია და კანონდარღვევას არ წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში ხაზგასმით წერია, რომ „კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“.

რაც შეეხება საარჩევნო სიებს, საარჩევნო კოდექსის თანახმად, „ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით - ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის“.

უშუალოდ ცესკოს საიტზე ამომრჩევლის ერთიანი სია არ არის გამოქვეყნებული და ამომრჩევლის გადამოწმება ინდივიდუალურად, პირადი ნომრის მითითებით არის მხოლოდ შესაძლებელი. თუმცა საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებელ ორგანიზაციას, უფლება აქვს მოითხოვოს ამომრჩეველთა ერთიანი სია (ფოტოსურათებიანი ვერსია). რაც შეეხება ამომრჩეველს, მას მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ მონაცემების გაცნობის უფლება აქვს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, კონკრეტული პარტიის კოორდინატორი ვერ გამოითხოვს ამომრჩეველთა ერთიან სიას, თუმცა თავად პარტიას ამ სიის გამოთხოვა შეუძლია.

საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე, ნამდვილად დასაშვებია 100 მეტრის რადიუსის მოშორებით საარჩევნო აგიტაცია და, რეალური პრობლემა, არა სიების მოპოვების კანონიერებაში, არამედ „ამომრჩევლის ნების კონტროლშია“, კენჭისყრის დღეს საარჩევნო სიებით კოორდინატორების მობილიზების მიზანი, სავარაუდოდ სწორედ ამომრჩევლის ნების კონტროლს ისახავს მიზნად. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ კოორდინატორები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს ხედავენ, გარბიან, მალავენ აღნიშნულ სიებს და მათი იქ ყოფნის მიზეზსაც. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმისას, არ იქნა გათვალისწინებული ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე, რომელსაც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან სიებით კოორდინატორების მობილიზება ქმნის. როგორც აღმოჩნდა, კენჭისყრის უბნიდან 100-მეტრიანი დისტანციის დაცვა ჯეროვნად ვერ აგვარებს აღნიშნულ პრობლემას. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადების შეფასება, „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტებით, შეუძლებელია, ვინაიდან ფორმალურად კანონი დაცულია, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი