იტვირთება

პარლამენტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა რუსთავის საარჩევნო უბანთან ყოფნისას „ტვ პირველის“ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდა: „თქვენც გირჩევთ, გაიკეთოთ პირბადე“. თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელ კანონში წერია ან ვინ დაადგინა ღია სივრცეში პირბადის ტარება, ზუსტი პასუხი ვერ გასცა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთან დეპუტატის საუბრისას უკანა ფონზე რამდენიმე პიროვნება ჩანს, რომელსაც პირბადე ასევე არ უკეთია, ცოტა ხნით კადრში შემოდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელსაც თავიდან პირბადე უკეთია, რამდენიმე ხნის შემდეგ რამდენიმე წუთით პირბადეს იხსნის და მერე ისევ იკეთებს. დეპუტატი ალუდა ღუდუშაური არც მის უკან მდგომ პირებს და არც ირაკლი ზარქუას პირბადის გაკეთებისკენ არ მოუწოდებს, რაც საკითხისადმი შერჩევითი მიდგომაა.

რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარებას, დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს და ჟურნალისტსაც შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 17 აგვისტოდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მანამდე, ერთი კვირით ადრე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.


მსგავსი სიახლეები

3472 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი