2021 წლის 28 ოქტომბერს, Facebook-გვერდმა „ეროვნული ამბები - National News“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არჩევნების მეორე ტურში, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების 87% ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს. „ეროვნული ამბები“ პოსტში ამ მონაცემების წყაროდ კვლევით ორგანიზაცია Human Research-ს ასახელებს. რეალურად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, კვლევითი ორგანიზაცია სახელწოდებით „Human Research” ღია წყაროებში საერთოდ არ იძებნება. შესაბამისად, „ეროვნული ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს „Human Research”-ის ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიის მხარდამჭერთა 87% ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, სიცრუეა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, არც გიორგი გახარიას და არც მის პარტიას ოფიციალური პოზიცია თუ რომელ პარტიას დაუჭერდნენ მხარს მეორე ტურში, არ გაუვრცელებია. 30 ოქტომბერს კი, არჩევნების დღეს, თავად გიორგი გახარიამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მან „ხმა მისცა საქართველოსთვის“. გახარიას განმარტებით :„საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ".

---------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.