დეზინფორმაცია: [მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას] ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი.

ვერდიქტი: მანიპულირება.

12 ოქტომბერს facebook-მომხმარებელმა გიორგი ჯანაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ჩამოთვლილია მტკიცებები (მიზეზები), თუ რატომ უნდა იჯდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში.

პოსტი, რომელსაც ამ დროისთვის 900-ზე მეტი გაზიარება აქვს, არაერთ მცდარ თუ მანიპულაციურ მტკიცებას შეიცავს. მათ შორისაა მტკიცება, რომ მიხეილს სააკაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატსა და ცილისწამებაზე მუხლები ამოიღო.

რას ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი რატომ გაუქმდა ის?

სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება. ამ თავის 307-ე მუხლი, რომელიც კოდექსიდან 2007 წლის აპრილში იქნა ამოღებული, განსაზღვრავდა, სახელმწიფო ღალატად ამავე თავით გათვალისწინებული რომელი მუხლები ითვლებოდა. კერძოდ, ცალკე 307-ე მუხლი არ აწესებდა სისხლისსამართლებრივ სასჯელს და მხოლოდ ჩამოთვლიდა, თუ რომელი დანაშაული მიიჩნეოდა სახელმწიფოს ღალატად:

მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი

„სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ. 318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა“.

კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებით მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია. შესაბამისად, მტკიცება, რომ კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს, მანიპულაციურია.

აღსანიშნავია, რომ კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღების თემა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის კამპანიის ნაწილი იყო და მისით მმართველი გუნდის წარმომადგენლები მანიპულირებდნენ. თემის გააქტიურებას გასული წლის ოქტომბერში იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა და კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღების მიზეზები განმარტა:

„სამშობლოს ღალატის ყოფილი მუხლი, 307-ე იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად, ანუ მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა.

რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი სამშობლოს ღალატი, გეტყვით მარტივად - ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული, სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოს. ესე გვთხოვეს, რომ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნება ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო.

ამის გარდა, ამ ბლანკეტური ნორმის საჭიროება არ იყო, ამას ანგარიში გაეწია და მოხდა ეს ცვლილება. ნორმები, შემადგენლობები, რომლებიც მითითებული იყო დარჩა ყველა“.

რაც შეეხება ცილისწამებას, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული, ის 2004 წელს გაუქმდა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობას კვლავ ითვალისწინებს.

2004 წელს მიღებული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. ასევე, კანონით განსაზღვრულია ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის ფარგლები, ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წელს, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსიდან ცილისწამების მუხლის ამოღებით, მეორე მხრივ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. ცვლილებით ქვეყანა დაუახლოვდა საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკას, რომლის თანახმადაც ცილისწამების სფეროს რეგულირება სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით დაუშვებელია. შესაბამისად, ცილისწამების, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის, გაუქმების უარყოფით კონტექსტში განხილვა გაუგებარი და დასაბუთებას მოკლებულია.


მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი