იტვირთება

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. აღნიშნულ პროცესს ინფლაცია ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისთვის გამოიყენება სამომხმარებლო, მწარმოებელთა და ექსპორტ-იმპორტის ფასების ინდექსები. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება.

მიმდინარე მაღალი ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით გამოირჩევა. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 12.3%-ს შეადგენს. საბაზო ინფლაციამ, [1] 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა. წლიური ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ჯგუფების მიხედვით, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის სექტემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურ ინფლაციაზე, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფასების 11.8%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე და ჯანდაცვის ჯგუფში, ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ფასების კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის და ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ჯგუფებში.

ჯამში, აღნიშნული 12 ჯგუფი, 305 საქონლისგან შედგება, რომლებიც საქსტატის განმარტებით, წარმოადგენენ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. 40 ინდივიდუალური საქონელი/მომსახურება, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა, წარმოდგენილია ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: დეტალური წლიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1]საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი