იტვირთება

გიორგი კაკაურიძე: მიმდინარე ხარჯები უბრუნდება პანდემიამდელ 22%-ს. კაპიტალური ხარჯები არ შეგვიმცირებია, პანდემიამდე იყო 8%-ის ფარგლებში, 2020 წელს - 9%, 2021 წელს - 8.2%. მომდევნო წელსაც საკმაოდ მაღალია - 8.5%

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე:

პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით, ნაერთი [1] ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები 2021 წლისთვის მშპ-ს 25.2%-ს შეადგენს. 2022 წლის გეგმით, მაჩვენებელი მშპ-ს 23%-მდე, ხოლო 2023 წლისთვის 22.1%-მდე დაიკლებს. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის განცხადება არაზუსტია. ერთი მხრივ, პრეპანდემიურ (2018-2019) წლებში მაჩვენებელი 21.3-21.4% იყო და არა 22%, მეორე მხრივ, 21.4%-იან ნიშნულამდე მიმდინარე ხარჯების შემცირება მხოლოდ 2025 წლისთვისაა დაგეგმილი, ანუ 2 წლით გვიან, ვიდრე 22%-მდე. პრეპანდემიური პერიოდის მაჩვენებლის გადაჭარბებულად წარმოჩენით გიორგი კაკაურიძემ ამ ნიშნულზე დაბრუნების თარიღი ხელოვნურად შემცირებულად წარმოაჩინა.

2019 წელს, კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8%-ს შეადგენდა, რაც 2020 წელს 0.6 პ.პ-ით, მშპ-ს 8.6%-მდე (და არა 9%-მდე) გაიზარდა, ხოლო 2021 წელს, დაგეგმილია რომ კაპიტალური ხარჯები 8.1%-ს მიაღწევს. თუმცა, ბიუჯეტის მიხედვით, 2022 წლისთვის, კაპიტალური ხარჯები მშპ-თან მიმართებით 7.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2023-2025 წლებისთვის, დაგეგმილია მაჩვენებლის 7%-მდე შემცირება. შესაბამისად, ბუნდოვანია თუ რას ეფუძნება მინისტრის მოადგილის განცხადების ნაწილი, სადაც ის კაპიტალური ხარჯების ზრდაზე საუბრობს. 2022 წლისთვის, კაპიტალური ხარჯების გეგმა მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს და არა 8.5%-ს, რაც გიორგი კაკაურიძემ დაასახელა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით რომ აღნიშნული მონაცემის (8.5%) დასახელება მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა, მინისტრის მოადგილის განცხადების შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის უშუალოდ პარლამენტში წარმოდგენილ ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტთან, სადაც სიტყვასიტყვით გაწერილია, რომ კაპიტალური ხარჯების 7%-7.5%-მდე შემცირება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

საერთო ჯამში, მინისტრის მოადგილის განცხადება რეალურ სურათს აცდენილია, პარლამენტში წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და მის მიერ დასახელებული რიცხვები ოფიციალურ ინფორმაციაში ასახულს ზუსტად არ მიესადაგება.

ანალიზი:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის კომიტეტზე ბიუჯეტის პირველადი კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა: ნაერთ ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების [შემთხვევაში,] ნელ-ნელა ვუბრუნდებით პანდემიამდე არსებულ 22%-იან ნიშნულს. კაპიტალური ხარჯები არ შეგვიმცირებია ფაქტიურად, პანდემიამდე წელს იყო 8% -ის ფარგლებში, 2020 წელს - 9%, წელს [2021] - 8.2%, მომდევნო წელსაც [2022] - 8.5%.

ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების შეძენის, გადასახდელი პროცენტის, სუბსიდიების, გრანტების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ხარჯებისგან შედგება. კაპიტალური ხარჯები, არაფინანსური აქტივების ზრდას (ინფრასტრუქტურულ ხარჯებს) წარმოადგენს. საქართველოს განვითარებისთვის, კაპიტალური ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მშპ-თან მიმართებით, კაპიტალური ხარჯების ზრდა. მეორე მხრივ, მთავრობის ზომის შეზღუდვის მიზნიდან გამომდინარე, ჯამურად ხარჯების მაღალი წილი მშპ-თან ბუნებრივია, არასასურველია. აღსანიშნავია რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ პირველად კანონში, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ჯამური მაჩვენებელი მშპ-ს 30%-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. 2014-2017 წლებში, აღნიშნული მოთხოვნა ყოველწლიურად ირღვეოდა, ხოლო 2018 წლის ცვლილების შემდეგ, შემზღუდავი ნორმა კანონმდებლობაში გაუქმდა.

ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დინამიკა მშპ-თან, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები 2019 წელთან შედარებით 4.8 პროცენტული პუნქტით (პ.პ) გაიზარდა, რაც პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის შედეგს წარმოადგენდა. 2021 წლის პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 25.2%-ს შეადგენს, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტის გეგმით, მაჩვენებელი მშპ-ს 23%-მდე დაიკლებს. გეგმის მიხედვითვე, 2023-2025 წლებისთვის, მიმდინარე ხარჯები პანდემიამდელ პერიოდში არსებულ დინამიკას დაუბრუნდება. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ხარჯების ზრდა, ძირითადად სოციალური დახმარებისა და სუბსიდიების ზრდით არის გამოწვეული. დაგეგმილი დინამიკის განხორციელების შემთხვევაში, გიორგი კაკაურიძის განცხადების შესაბამისად, მიმდინარე ხარჯების დინამიკა შემცირების ტენდენციას შეინარჩუნებს.

ცხრილი 1: მიმდინარე ხარჯების პროცენტული დინამიკა მშპ-თან, 2018-2025 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კაპიტალური ხარჯების დინამიკა, წარმოდგენილია გრაფიკ 1-ში. 2019 წელს, არაფინანსური აქტივების ზრდა მშპ-ს 8%-ს შეადგენდა, რაც 2020 წელს 0.6 პ.პ-ით, მშპ-ს 8.6%-მდე გაიზარდა. თუმცა, გეგმის მიხედვით, 2022 წლისთვის, კაპიტალური ხარჯები მშპ-თან 7.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2023-2025 წლებისთვის, დაგეგმილია მაჩვენებლის 7%-მდე შემცირება. შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ რას ეფუძნება მინისტრის მოადგილის განცხადების ნაწილი, სადაც ის კაპიტალური ხარჯების ზრდაზე საუბრობს. 2022 წლისთვის, კაპიტალური ხარჯების გეგმა მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს და არა 8.5%-ს, როგორც გიორგი კაკაურიძემ დაასახელა.

გრაფიკი 1: კაპიტალური ხარჯების დინამიკა 2018-2025 წლებში, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

იმ შემთხვევაშიც, თუ ჩავთვლით რომ აღნიშნული მონაცემის (8.5%) დასახელება მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა, მინისტრის მოადგილის განცხადების შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის უშუალოდ პარლამენტში წარმოდგენილ ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტთან, სადაც სიტყვასიტყვით გაწერილია, რომ კაპიტალური ხარჯების 7%-7.5%- მდე შემცირება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

[1] საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი