19 ოქტომბერს Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ვიდეო გამოაქვეყნა. გვერდის აღწერის თანახმად, ვიდეოში საუბარია პოლონელი მეცნიერის მიერ კოვიდინექციაში აღმოჩენილი შოკისმომგვრელი მასალის შესახებ. ორიგინალი ვიდეომასალა პოლონურ ენაზეა, თუმცა თანდართული ინგლისურენოვანი სუბტიტრების მიხედვით, „ექიმი“ ფრანკ ზალევსკი საუბრობს ვაქცინირებულ ორგანიზმში აღმოჩენილ პარაზიტულ ორგანიზმზე, რომელსაც იგი მოიხსენიებს „რაღაც“ (The Thing) სახელწოდებით. ზალევსკი ამბობს, რომ კოვიდვაქცინებში სწორედ იმისთვისაა დამატებულია გრაფენი, რომ გამოკვებოს ამ უცხო სხეულის კვერცხი“. მისი თქმით, შესაფერის გარემოში უცხო სხეული, რომელსაც აქვს თავი და საცეცები, იწყებს ზრდას. ის დამზადებულია ალუმინის და ნახშირბადისგან და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა სხეულში შესაძლოა, რომ უკვე არსებობდეს. ზალევსკის თანახმად, მსგავსი სხეული ი-რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებთანაა დაკავშირებული.

„ბოლო ჟამის ქრისტიანები“ პოსტის კომენტარებში ამტკიცებს, რომ ვიდეოში მოცემული ინფორმაცია სრული სიმართლეა და სხვა ექიმებმაც იგივე აღმოაჩინეს. ამის დემონსტრირებისთვის კი თან ურთავს „ექიმ-ოსთეოპატის“, ქერი მადეის ვიდეოს. აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია ანტივაქსერი ქერი მადეის ვიდეოგამოსვლები და ინტერვიუები, სადაც იგი ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, რომ ი-რნმ ვაქცინები ცვლის ადამიანის დნმ-ს; რომ ი-რნმ ვაქცინების საშუალებით ადამიანის მე-8 ქრომოსომაზე თავდასხმა მოხდება და რომ ვაქცინაციის შედეგად, ჩვენ მოსიარულე გაჯეტებად გადავიქცევით.

ვიდეოს 1000-ზე მეტი ნახვა და 300-ზე მეტი გაზიარება აქვს.

რეალურად, ვიდეოში მოყვანილი მტკიცებები მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია, სიმართლეს არ შეესაბამება და მოქალაქეებში ვაქცინისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

ორიგინალი ვიდეოს reverse search მეთოდით ძიებას ისეთ კონსპირაციულ, არასანდო, შეთქმულების თორიების გამავრცელებელ ვებ-გვერდებამდე მივყავართ, როგორებიცაა: There is no pandemic, expandingawarenessrelations, bitchute.com, seemorerocks.is, mybroadband.co.za, cda.pl. აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ეფუძნება სანდო წყაროებს. თავად ვებ-გვერდების საქმიანობა კი არ არის გამჭვირვალე.

რაც შეეხება ფრანკ ზალევსკის, პიროვნებას, რომელიც ვიდეოში საუბრობს და საკუთარ თავს ექიმს უწოდებს, რეალურად, პროფესიით გეოლოგია. 2014 წელს მან სოსნოვიეკის სილეზიის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა. დისერტაციის თემა იყო „ეგვიპტის ძველი სამეფოს მეგალითების ასაგებად გამოყენებული მასალების მინერალოგიური და პეტროგრაფიული მახასიათებლები“. ზალევსკის აკადემიური წოდება არანაირ კავშირში არ არის მედიცინასთან, ქიმიასთან ან ვირუსოლოგიასთან. იგი მეცნიერების სფეროში საკამათო ფიგურადაა მიჩნეული.

ი-რნმ ვაქცინებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ვაქცინებში ნივთიერება გრაფენის არსებობას ეხება. გრაფენის ოქსიდი არის ნანომასალა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. გრაფენისა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. Meedan’s Health Desk-ის თანახმად, პოტენციურად ამ ნაერთის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინებში, სადაც ის ისეთი რაოდენობით იქნება კონცენტრირებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. თუმცა სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, იმის დასადგენად, იქნება, თუ - არა ნაერთი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რაც შეეხება COVID-ის დღეს არსებულ ვაქცინებს, დასახელებული ნივთიერება არცერთი მათგანის შემადგენლობაში არ ფიგურირებს. მეთიუ დიასომ ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელმა ინჟინერიაში, რომელიც სწავლობს ნივთიერება გრაფენის ექსფოლიაციის მექანიზმებს სითხეებში, საკუთარ Twitter-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „ვაქცინები გრაფენის ან გრაფენის ოქსიდის 1%-ს მაინც რომ შეიცავდეს, მაშინ მათ მუქი შეფერილობა ექნებოდათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები კი ან მთლიანად გამჭვირვალე ან მოყვითალო შეფერილობისაა“.

ამასთან ერთად, Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს“.

აქედან გამომდინარე, ვიდეოში წარმოდგენილი უცხო სხეულის დაკავშირება კოვიდვაქცინებთან და იმის მტკიცება, რომ ვაქცინირებულის სხეულში მსგავსი სახის ორგანიზმები შეიძლება აღმოჩნდეს, სრულიად მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს და ყალბ ამბავს წარმოადგენს. მსგავსი კონტენტის ვიდეომასალის გავრცელება ვაქცინებისადმი ნდობის შერყევას ემსახურება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ ავტორიზებული არცერთი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არც გრაფენს და არც ალუმინს არ შიცავს. ვაქცინირებულის სხეულში მსგავსი სახის უცხო სხეულის წარმოქმნის შესახებ მტკიცება ყალბია და ანტივაქსერთა შეთქმულების თეორიების ნაწილს წარმოადგენს.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი