ირაკლი ხმალაძე: 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობის რეაბილიტაცია მოახდინა მუნიციპალიტეტმა და ამისთვის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15-20 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ხმალაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: თბილისში არსებული ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით - ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება (კოდი 02.02), ფინანსდება. თბილისში არსებული ავარიული შენობების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის საანგარიშო პერიოდში ( 2018-2021წლებში) დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 47 503 800 ლარი დაიხარჯა. ამასთან, არც ერთ დასახელებულ წელს პროგრამის არც დაგეგმილი და არც ფაქტობრივი ბიუჯეტი 15-20 მლნ-ის ფარგლებში არ ყოფილა. მხოლოდ 2019 წელს პროგრამის დაგეგმილი ბიუჯეტი 14.7 მილიონი იყო, თუმცა შესრულებამ 14 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება რეაბილიტირებული ავარიული შენობების რაოდენობას, თბილისის ბიუჯეტის შესრულების ამ წლების ანგარიშების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში თბილისში ჯამში 114 ავარიული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ მონაცემებში მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებია ასახული. იმ დროისთვის დედაქალაქში 18 შენობის რეაბილიტაცია იყო დაწყებული. წლის ბოლოს დასახელებული შენობების რეაბილიტაციაც რომ დასრულდეს, სულ განვლილ 4 წელიწადში 132 ავარიული შენობა იქნება რეაბილიტირებული, რაც ვიცე-მერის მიერ დასახლებულ რაოდენობაზე (365) მნიშვნელოვნად (2.8-ჯერ) ნაკლებია. ამასთან, ირაკლი ხმალაზე მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას -აქტიურ მუშაობად აფასებს. თუ კალაძის წინამორბედის პერიოდში იგივე მიმართულებით გამოყოფილ თანხების და რეაბილიტირებული შენობების ოდენობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კალაძის მერობის პერიოდში ავარიული შენობების სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან არც განსაკუთრებულად მეტი თანხა გამოყოფილა და არც რეაბილიტირებული შენობების რიცხვის ზრდა დაფიქსირებულა. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით, როგორც ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, არ უაქტიურია.
აქედან გამომდინარე, ირაკლი ხმალაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან დედაქალაქში არსებულ ავარიულ შენობებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ავარიული შენობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი უნდა იყოს ავარიული სახლების ჩანაცვლება. ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ბოლო 4 წელი აქტიურად ვიმუშავეთ ამაზე. 365 ავარიული შენობის რეაბილიტაცია მოახდინა მუნიციპალიტეტმა ამ წლების განმავლობაში და ყოველწლიურად, ბიუჯეტში 15-20 მლნ აუცილებლად იყო გათვალისწინებული ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის. 62-ის გამაგრება დღესაც მიმდინარეობს. მომდევნო 4 წელიწადში გვინდა განახლებული პროგრამით ვიმუშაოთ და ვგულისხმობთ ავარიული შენობების არა განახლებას, არამედ ჩანაცვლებას“.
თბილისში არსებული ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით - ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება (კოდი 02.02), ფინანსდება. პროგრამა თბილისის მაცხოვრებლების საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზნობრიობაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზე მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლია, სხვადასხვა ფაქტორები (მ.შ სტიქიური მოვლენები) მობინადრეთა სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის. ამისთვის ავარიული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია არის დაგეგმილი, რაც ასეთი ტიპის სახლების რაოდენობის შემცირებას, მათი ჩამოშლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
თბილისში არსებული ავარიული შენობების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის 2018-2021 წლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 47 503 800 ლარი დაიხარჯა. ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის რაოდენობა ცალკეული წლების მიხედვით შემდეგნაირია:
ცხრილი 1: ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი 2018-2021 წლების მიხედვით
წელი | გეგმა | ფაქტი | შესრულება |
2018 | 11 995 100 | 11 700 500 | 97.50% |
2019 | 14 688 500 | 13 970 000 | 95.10% |
2020 | 13 098 300 | 12 803 300 | 97.80% |
2021 | 9 030 000 | - | - |
2021 6 თვე | 3 451 500 | 3 158 700 | 91.50% |
წყარო: თბილისის ბიუჯეტი
როგორც თბილისის ბიუჯეტის მონაცემებიდან ჩანს, ავარიული შენობების გამაგრებისთვის 15 -20 მილიონი საანგარიშო პერიოდის არცერთ წელს არ ყოფილა გამოყოფილი. 2019 წელს ავარიული სახლების გამაგრების ბიუჯეტის გეგმა 15 მილიონ ლართან მიახლოებული იყო, თუმცა ფაქტობრივი შესრულება 14 მილიონამდე იყო. შესაბამისად, მერის მოადგილის განცხადების ეს ნაწილი, რომ ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 15-20 მლნ აუცილებლად იყო გათვალისწინებული, გადაჭარბებულია.
რაც შეეხება ოთხი წლის განმავლობაში რეაბილიტირებული ავარიული შენობების რაოდენობას, თბილისის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშების მიხედვით, გამაგრებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
• 2018 წელი -23 შენობა-ნაგებობა
• 2019 წელი - 49 შენობა-ნაგებობა (დაგეგმილი 51 -ის ნაცვლად)
• 2020 წელი - 33 შენობა-ნაგებობა (დაგეგმილი 50-ის ნაცვლად, რის მიზეზადაც პანდემიაა დასახელებული)
• 2021 წლის 6 თვეში - 9 დასრულებული, 18 მიმდინარე
როგორც ვხედავთ, 2010-2021 წლებში (6 თვეში) თბილისში მუნიციპალიტეტმა ჯამში 114 ავარიული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა. დასახელებულ რიცხვს წლის ბოლომდე შესაძლებელია, 18 ერთეული შენობა დაემატოს. ამ მონაცემიანა, რეაბილიტირებული შენობების რიცხვი 132-ს მიაღწევს, რაც ირაკლი ხმალაძის მიერ დასახელებულ რაოდენობაზე მაინც მნიშვნელოვნად - 2.8-ჯერ ნაკლებია.
ამასთან, თუ კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას მერობის პერიოდს გადავხედავთ, თბილისის ბიუჯეტიდან ავარიული შენობების გასამაგრებლად წლების მიხედვით შემდეგი რაოდენობის თანხა იყო ათვისებული: 2014 - 6.2 მლნ, 2015 - 17. 8 მლნ, 2016 - 20.5 მლნ, 2017 - 15.5 მლნ. აღნიშნულ პერიოდში გამაგრებითი სამუშაოები 131 ობიექტზე იყო დასრულებული. განხილული მონაცემები იმის დასტურია, რომ კალაძის მერობის პერიოდში ავარიული შენობების სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან არც განსაკუთრებულად მეტი თანხა გამოყოფილა და არც რეაბილიტირებული შენობების რიცხვის ზრდა დაფიქსირებულა. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით, როგორც ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, არ უაქტიურია.
ასევე აღსანიშნავია, დასახელებულ პერიოდში თბილისის განვითარების ფონდმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა, რომლის ფარგლებში 20 შენობის რესტავრაცია/რეაბილიტაცია განხორციელდა, საიდანაც 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო. ამჟამად გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში საბოლოო ჯამში 30 შენობა იქნება რეაბილიტირებული, მათ შორის - 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თუმცა აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია დასახელებული პროგრამის ფარგლებში არ განხორციელებულა.
მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა წარადგინა. პროგრამა ავარიული სახლების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჩანაცვლების პროგრამას უშუალოდ მუნიციპალიტეტი განახორციელებს. ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ხუთსართულიანი შენობები რვასართულიანი სახლებით ჩანაცვლდება. პროგრამა 2020 წლიდან დაიწყება, რისთვისაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად სოლიდური თანხა იქნება გათვალისწინებული.
თბილისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამჟამად დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული სახლია.