სომხურ და აზერბაიჯანულ მედია სივრცეში ვრცელდება ამბავი, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას სომხეთიდან ჩამოსულ სატვირთო მანქანებს გადაკვეთონ ლარსი”.
პირველად ამბავი 4 ოქტომბერს სომხურენოვან მედია News.am-ში რუსულ და სომხურ ენებზე გავრცელდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მორიგი სიუჟეტი სომხურ მედია FreeNews-ში უფრო დეტალურად გავრცელდა. ამ ამბავს სომხეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს და ქართველების მიმართ ძალიან კრიტიკული რეაგირება მოჰყვა. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არეულობაა. ასობით სომხური სატვირთო მანქანა გზაშია დარჩენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სომხურმა მედიამ საზღვარზე დარჩენილი სატვირთო მანქანების ვიდეო გაავრცელა. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხური მანქანები უმიზეზოდ არიან დაყოვნებულები საზღვარზე, მაშინ როდესაც თურქული, რუსული, ყაზახური და ქართული სატვირთოებო საზღვარს უპრობლემოდ კვეთენ. მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართული მხარის მიმართ სამუშაოების ნელა მიმდინარეობის გამო, ხოლო ქართული მხარე, თავის მხრივ, ამაში რუსეთს ადანაშაულებს. მძღოლების თქმით, რიგებთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთშიც არსებობს, თუმცა არის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც ქართული მხარე არ წყვეტს. ამასთან, მძღოლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი გულგრილი დამოკიდებულება მხოლოდ სომეხი მძღოლების მიმართ გამოიხატება“.
ერთ-ერთი აზერბაიჯანულენოვანი ფართო გავრცელების მქონე სატელევიზიო არხის, „Baku Tv“-ს, ეთერში 4 ოქტომბერს სიუჟეტი გავიდა ლარსის გამშვებ პუნქტზე დარჩენილი სატვირთო მანქანების შესახებ. სიუჟეტი მომზადებულია ზემოთ განხილულ სომხურ მედიებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებულ აღნიშნულ სიუჟეტს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფები შეცდომაში შემყვანი სათაურით - „სომხების სახეზე ჩაკეტილი საქართველო-რუსეთის საზღვარი“, - ავრცელებენ.
სინამდვილეში, საქართველოს სომხური სატვირთო მანქანებისთვის ლარსის გამშვები პუნქტი არ ჩაუკეტავს და შეფერხება ტექნიკური პრობლემებით არის გამოწვეული. კერძოდ, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს შეფერხებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას).
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი. ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები“.
ასევე, კონკრეტულ სომხური სატვირთოების დისკრიმინაცია არ ხდება - მართალია, „რიგების შედეგად საქართველოს სხვადასხვა საბაჟოზე გაჩერებული სატვირთო მანქანების უმრავლესობა სომხურია, თუმცა აღნიშნული პრობლემის გამო დაყოვნება უწევთ როგორც ქართულ და ირანულ, ასევე რუსულ, თურქულ და სხვა ქვეყნების კუთვნილ სატვირთო მანქანებსაც“. ამასთან, საქართველოში სომხეთის საელჩომაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეფერხება ლარსის საბაჟოზე მიმდინარე სამუშაოებითაა გამოწვეული.
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.