2021 წლის 1 ოქტომბერს, Facebook-მომხმარებელმა „პოლიტიკური სატირა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფოტო და მასზე დატანილი შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: „არ ვაპირებ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას, 21:00 საათზე გავაკეთებ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებას და ვტოვებ პარტიას. ვიწყებ დამოუკიდებელი ბრძოლის გაგრძელებას ქართული ოცნების წინააღმდეგ“. პოსტს თან აღწერაც ახლავს - „ნიკა მელიამ ნაცმოძრაობა დატოვა“. მთლიანობაში პოსტი მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პირველ ოქტომბერს ნიკა მელიამ ბრიფინგის გამართვა დააანონსა, რომელზეც ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადებდა. ამ დროისთვის პოსტს 102 რეაქცია, 26 კომენტარი და 34 გაზიარება აქვს.

სინამდვილეში, „პოლიტიკური სატირის“ მიერ გავრცელებული მასალა ფოტო-რედაქტირების შედეგია. ფოტოზე დატანილი ციტატა ყალბია, რადგან ნიკა მელიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

პირველ ოქტომბერს ნიკა მელიას 21 საათზე ბრიფინგის გამართვა, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადებდა, არ დაუანონსებია. როგორც ნიკა მელიას პირად და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ Facebook-გვერდებზე, ისე სხვა ღია წყაროებში მელიას მსგავსი განცხადება საერთოდ არ იძებნება. ამდენად, „პოლიტიკურმა სატირამ“ ნიკა მელიას ციტატა გააყალბა.

სავარაუდოდ, „პოლიტიკური სატირა“ აღნიშნული პოსტით 1 ოქტომბერს ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების ფაქტს და ნიკა მელიას მიერ 9 საათზე ბრიფინგის ჩანიშვნას გამოეხმაურა.

1 ოქტომბერს, სააკაშვილმა მისივე Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნების შესახებ ამცნო. ექსპრეზიდენტის ადგილმდებარეობაზე მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტს არ ადასტურებდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა. საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო.

პირველ ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნიკა მელია მთელი დღის განმავლობაში მედიასთან არ გამოჩენილა და არც რაიმე განცხადება გაუვრცელებია.

ნიკა მელიას მიერ საღამოს ბრიფინგის გამართვის დაანონსებას ცალკეული პირების მხრიდან მოჰყვა პროგნოზი, რომ ის საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და თბილისის მერობის კანდიდატურის მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ამცნობდა. მსგავსი ინფორმაცია ვარაუდის დონეზე საკუთარ Facebook-გვერდზე სახელისუფლებო ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა გაავრცელა - ,,მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ,,ცირკაჩობისა'' და კლოუნადის გამო, ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ!’’. „პოლიტიკური სატირის“ მიერ გავრცელებულ მასალაში მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ აღნიშნული ციტატა ნამდვილად ნიკა მელიას ეკუთვნის, მაშინ როდესაც სხვა აქტორები იმავე საკითხზე ვარაუდის დონეზე საუბრობდნენ.

ნიკა მელია საზოგადოების წინაშე მხოლოდ საღამოს, პარტიის ცენტრალური ოფისიდან გამართულ ბრიფინგში გამოჩნდა. მელია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოქალაქეებს 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

---------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი