სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება მანიპულაციურად ვრცელდება. Clickbait ვებგვერდზე (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ მასალას ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს) – publisher.ge განთავსებულია სტატია სათაურით - „ჩვენთვის ძალიან რთულად გადასატანია მთელი უკრაინა გლოვობს ემშვიდობება მიხეილ სააკაშვილს“. სტატიას თანდართული აქვს სააკაშვილის და ზელენსკის ფოტო. ფოტო და სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, აღნიშნული ციტატა ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.

რეალურად, სტატიის პირველი და მეორე აბზაცი ერთმანეთთან კავშირში არ არის. სტატიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი ციტატა უკრაინის პრესსპიკერს სერგეი ნიკოფოროვს ეკუთვნის. მან 2021 წლის 1 ოქტომბერს საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დააფიქსირა, რომ უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მომხდარით შეშფოთებულია.

აღნიშნული ციტატა publisher.ge-ის სტატიაშიც სწორად არის ასახული, თუმცა სტატიის მეორე ნაწილი 2021 წლის 1 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს არ ეხება. სტატიის მეორე ნაწილში დაფიქსირებული ციტატა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც განცხადება 2020 წლის 28 აგვისტოს გააკეთა. Tabula.ge-ის თანახმად, სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე 2020 წლის 27 აგვისტოს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს რომ ის ბრუნდება. 28 აგვისტოს კი განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მისი უკრაინელი მეგობრები მის წასვლას გლოვობენ.

"დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს თაობაზე ჩემი განცხადების შემდეგ. ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უკრაინასთან ჩემს "დამშვიდობებას" გლოვობს. მინდა მათ ვუთხრა: გული არ გაიტეხოთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! აქაც გავიმარჯვებთ და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. ეს ერთი საერთო გამარჯვება იქნება!"

Publisher.ge მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ უკრაინის რეაქციას მანიპულაციურად აშუქებს და შთაბეჭდილებას ქმნის, სათაურში გამოტანილი ციტატა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის. რეალურად ციტატა - „ჩვენთვის ძალიან რთულად გადასატანია მთელი უკრაინა გლოვობს ემშვიდობება მიხეილ სააკაშვილს“ - თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის 28 აგვისტოს განცხადების მოდიფიცირებულ ვერსიას წარმოადგენს.

Publisher.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია Facebook-მომხმარებლის Koba Vasadze-ის მიერ მიხეილ სააკაშვილის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიასთან აფილირებული პირების სახელებით ცნობილ Facebook-ჯგუფებში კოორდინირებულად ვრცელდება.

Clickbait ვებგვერდზე - Publisher.ge-ზე გავრცელებული მსგავსი სახის დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (იხ. სტატია).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი