დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

დღეს დილით ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაბრუნდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოცემულ ვიდეოს რამდენჯერმე უწოდეს ყალბი ამბავი (ლინკი 1, ლინკი 2, ლინკი 3). მოგვიანებით, საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ გვამცნო, გაახსენდა, რომ პირველი ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილისთვის არ მიულოცავს და      განაცხადა: „მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა.... ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა განცხადების სიზუსტით.

როგორც ვებ-გვერდ „საპატრიაქოს უწყებანის“ საეკლესიო კალენდრის შესწავლიდან ირკვევა, ძველი სტილით 18 სექტემბერს, ხოლო ახალი სტილით 1 ოქტომბერს არის დიდმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1660/1661); ღირსისა ევმენი სასწაულთმოქმედისა, გორტინელ ეპისკოპოსისა (VII); მოწამისა არიადნასი (II); მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III); მოწამისა კასტორისა. შესაბამისად, 1 ოქტომბერი არის ბიძინაობა - დიდმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარის ხსენების დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ 1 ოქტომბერი ბიძინაობაა, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არის სიმართლე.