იტვირთება

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის, ანივარდ მოსოიანის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.

ნინოწმინდის მერობის კანდიდატი - ანივარდ მოსოიანი

„ქართულ ოცნებამ“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ნინოწმინდის მერობის კანდიდატად ანივარდ მოსოიანი წარადგინა. იგი ნინოწმინდის მოქმედი მერია და ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

სახელმწიფო აუდიტის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიშის“ მიხედვით, 2018-2019 წლებში, ნინოწმინდის მერიმ 261.6 ათასი ლარის საწვავი გამარტივებული წესით და გაზრდილი ღირებულებით შეიძინა. აუდიტის შეფასებით, მუნიციპალიტეტმა არ ჩაატარა ბაზრის კვლევა და 261.6 ათასი ლარის საწვავი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეუსაბამოდ, გაზრდილი ღირებულებით, საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული კომპანია ახალქალაქისა და ნინოწმინდის ყოფილ მაჟორიტარს ენზელ მკოიანს ეკუთვნის.

იმავე ანგარიშის მიხედვით, მერიამ ვერ შეძლო მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აქტივების სწორი მართვა. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული იყო 33 ობიექტი. აქედან 22 ხელშეკრულების ვადა გასული იყო, თუმცა მოიჯარეები კვლავ აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. 2017-2020 წლებში მიწით უნებართვოდ მოსარგებლე პირების გადაუხდელმა საიჯარო ქირამ სულ 14.8 ათას ლარი შეადგინა. აუდიტმა ასევე დააფიქსირა მუნიციპალური ქონების უკანონოდ სარგებლობისა და ამ ქონებით სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევები.

ასევე, აუდიტის ანგარიშის შეფასებით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ვერ უზრუნველყოფენ განსაზღვრული მიზნების მიღწევას და ფინანსური რესურსების მიზანშეწონილ ხარჯვას. მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრა/პრევენცია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის და შტატის არსებობა.

ზემოხსენებულის გარდა, ნინოწმინდის მერიასთან დაკავშირებით, შესაძლო კანონდარღვევების შესახებ, რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. 2021 წლის 8 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიხედვით, 2013-2020 წლებში ნინოწმინდის პარკის ტერიტორიიდან სულ 7 ნაკვეთი გასხვისდა და აღნიშნულ მიწების საკუთრებაში რეგისტრირებისას თან ერთოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაცემული შესაბამისი ცნობები. ნახსენები 7 ნაკვეთიდან 5 სწორედ იმ დროს დარეგისტრირდა საკუთრებაში, როცა ნინოწმინდის მერის პოზიცია გაგიკ კარსლიანს ეკავა. 2 ნაკვეთი, კი ანივარდ მოსოიანის მერობის დროს გასხვისდა. TI-ის ცნობით, 2018 წლის თებერვლიდან ქალაქის პარკში 1 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობენ , ნინოწმინდაში მერის წარმომადგენლის ხორენ მღდესიანის ძმა, დედა და მამა.


მსგავსი სიახლეები

3368 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი