2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც მესტიაში, მოქმედი მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.

მესტიის მერობის კანდიდატი - კაპიტონ ჟორჟოლიანი

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქართულმა ოცნებამ მესტიის მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი დაასახელა. კაპიტონ ჟორჟოლიანი 2012 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე იკავებდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას, ხოლო 2017 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ქართული ოცნების პარტიიდან.

2021 წლის 4 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში იკითხება, რომ კაპიტონ ჟორჟოლიანმა თავის დას, ინდივიდუალურ მეწარმე თეა ჟორჟოლიანს, გაუფორმა 98170 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება სასტუმროსა და კვებით უზრუნველყოფისთვის.

ამავდროულად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ამავე კვლევით ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია „სეტი+“ მა 2019-2020

წლებში 114 782 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა შპს „ექსპერტ ჰაუსი“ და „TOB ქონსთრაქშენი“ 2018-2020 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგეს. ისინი ამ თანხის ნაწილს შემდეგ „ქართულ ოცნებას“ სწირავენ. ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას ჯამში 410 000 ლარი შესწირეს. (ამით სარგებლობს ვიქტორ ჯაფარიძე, მისი ოჯახი, ქართული ოცნება და ზარალდება მესტია და მესტიელები) ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია შპს „სეტი+“ მა 2017-2020 წლებში ჯამში 528 150 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო „აწარმოე საქართველოშის“ და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.