იტვირთება

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პრორუსული და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი წყაროების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში NATO-ს ხომალდით, კერძოდ 28 სექტემბერს ბათუმის ნავსადგურში შემოსული NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო მეორე შენაერთის ერთ-ერთი ხომალდით, და/ან ამერიკული გემებით (მაგალითად, იხილეთ ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4).

რეალურად, 27 სექტემბერს ბათუმის პორტში NATO-ს მეორე ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ესპანეთის საზღვაო ძალების Meteoro კლასის საპატრულო ხომალდი Rayo (P42 (ფლაგმანი), თურქეთის საზღვაო ძალების Engin კლასის ნაღმსაწინააღმდეგო TCG Edincik M260, იტალიის საზღვაო ძალების Gaeta კლასის ნაღმსაწინააღმდეგო ITS Viareggio M-5559, ბულგარეთის საზღვაო ძალების Sonya კლასის ნაღმსაწინააღმდეგო Shkval (62), რუმინეთის საზღვაო ძალების Musca კლასის ნაღმსაწინააღმდეგო ROS Lt Lupu Dinescu F-25. აღსანიშნავია, რომ ყველა გემი NATO-ს შენაერთს განეკუთვნება, თუმცა მათგან უშუალოდ აშშ-ის გემი არც ერთი არაა.

ბათუმის პორტში NATO-ს სამხედრო გემების ყოფნის მიუხედავად აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ისინი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის მიზნით არ იმყოფებიან, არამედ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს; „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას“.

აღსანიშნავია, რომ „ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს“ და „ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, მათ შორის, „2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ“. აღნიშნული ადასტურებს, რომ NATO-ს გემების ბათუმის პორტში შესვლა გეგმიური ხასიათისაა და NATO-საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობაა. შესაბამისად, NATO-ს მეორე ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო შენაერთის ბათუმის პორტში შესვლა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან არავითარ კავშირში არაა და გავრცელებული მტკიცება, თითქოს სააკაშვილი საქართველოში NATO-ს ან აშშ-ის სამხედრო გემებმა შემოიყვანეს, შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი