იტვირთება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ყოველდღიური მოვლენები“ ამომრჩეველთა სიაზე მანიპულაციური პოსტი გაავრცელა, სადაც ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა შედარებულია საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობასთან. „0- უსასრულო ასაკამდე რომ შეკრიბო მაინც არ გამოდის [ამომრჩეველთა ის ოდენობა, რაც ცესკოს მონაცემებითაა]“, - ვკითხულობთ პოსტში.

ცესკოს მონაცემების და საქსტატის მონაცემების ერთმანეთთან შედარება არამართებულია, რადგან ეს ორი სხვადასხვა მაჩვენებელია. საქსტატის სტატისტიკა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს [განურჩევლად მოქალაქეობისა] ასახავს, ხოლო ცესკოს საარჩევნო სიაში ხვდება არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ყველა მოქალაქე, მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ დაახლოებით 3.7 მლნ შეადგინა. შემდგომ წლებში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). საქსტატის მონაცემები ასახავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობას. აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ ხვდებიან. შესაბამისად, საქსტატის მონაცემები, ანუ საქართველოში მცხოვრებ პირთა რაოდენობა და ამომრჩეველთა სია, ანუ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობა ორი სხვადასხვა მონაცემია და ერთმანეთს არ დარდება.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან აქვთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, უცხოეთში უბნები არ იხსნება და ემიგრანტები ვერ იღებენ მონაწილეობას, საარჩევნო სიებში ისინი მაინც რჩებიან.

ცესკო-ში „ფაქტ-მეტრს“ განუმარტეს, რომ აღნიშნულ სიაში გარდა საქართველოში მცხოვრები 18 წლის ასაკის მოქალაქეებისა, ასევე შედიან: საზღვარგარეთ მყოფი სრულწლოვანი პირები; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სრულწლოვანი პირები; ე.წ. უმისამართო პირები (მისამართების მითითების გარეშე რეგისტრირებულები) და მისამართიდან მოხსნილები.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი