იტვირთება

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. არჩევნების წინ, იმის მაგივრად, რომ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები გაგვეანალიზებინა (გარკვეული ხედვები რამდენიმე პარტიამ წარადგინა), სუს-იდან გამოჟონილი ფაილები წავიკითხეთ, მოვისმინეთ კომპრომატები ამა თუ იმ პარტიის ლიდერზე და სხვადასხვა პარტიის თუ მედიასაშუალების დაკვეთით ჩატარებულ რეიტინგებს გავეცანით. რეიტინგების შედეგებიდან გამომდინარე, პარტიები ცდილობენ ამომრჩევლები საკუთარ უპირატესობასა და გამარჯვებაში დაარწმუნონ.

„ქართულმა ოცნებამ“ 29 სექტემბერს „გორბის“ სექტემბრის თვის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით პარტიებს შორის რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 49.6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 25.9%, „საქართველოსთვის“ - 5.3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4.1%, „ევროპული საქართველო“ - 2.7%, „ლელო“ - 2.6%, „მესამე ძალა“ - 2.2%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1.8%, „მოქალაქეები“ - 1.5%, „გირჩი“ - 0.9%, სხვა -1.4%.

თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები კი ასეთია: კახა კალაძე - 53.6%, ნიკა მელია -27.7%, გიორგი გახარია - 6.5%, გიორგი ლომია - 3.5%, ანა ბიბილაშვილი - 3.5%, ანა დოლიძე - 1.5%, სხვა - 3.7 %.

„გორბის“ კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიას არც 43%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და მისი თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პირველივე ტურში იმარჯვებს.

სხვა ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში განსხვავებული შედეგები ფიქსირდება.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარმა“ IPSOS-გლობალის მიერ მათი დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IPSOS-ს მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, გამოიკითხა. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35% უპირატესობას „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს, მეორე ადგილს - 30%-ით, „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს, მესამე ადგილზე - პარტია „საქართველოსთვის“ არის 9%-ით. დანარჩენი პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ - 4%, „ხალხისთვის“- 4%, „ლელო“- 3%, მესამე ძალა“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ -3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“- 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „დროა“ -1%, „მოქალაქეები“ - 1% და სხვა პარტიები -3%.

თბილისის მასშტაბით, პარტიების პირველი სამეულის პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“ - 33%, „ ნაციონალური მოძრაობა“ -27%, „გახარია საქართველოსთვის“- 9%.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, პირველ ადგილს მოქმედი მერი კახა კალაძე - 42%-ით, იკავებს, ნიკა მელიას მხარს მოსახლეობის 36% უჭერს, გიორგი გახარიას -13%. შემდეგ ადგილებს ანა დოლიძე და ანა ბიბილაშვილი ინაწილებენ, შესაბამისად 4% და 2% ით. დანარჩენი კანდიდატების ჯამური რეიტინგი 4%-ია.

ასევე აღსანიშნავია, რომ კვლების მიხედვით, გამოკითხულთა 77% საქართველოში კოალიციური მმართველობის მნიშვნელობას ემხრობა, ხოლო 64%-ის აზრით ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება.

„ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“ – 33%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%, „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ - 10%, „ლეიბორისტული პარტია“ - 6%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურა ჯაფარიძე) - 4%.

დანარჩენი პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ლელო“ - 3%, „ხალხისთვის - ანა დოლიძე“ - 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2%, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 2%, „გირჩი (იაგო ხვიჩია)“ - 2%, „ერი - ლევან ვასაძე“ - 2%, „დროა - ელენე ხოშტარია“ - 1%, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 1%, სხვა - 2%.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

შეკითხვაზე, 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართულ ოცნება“ - 26%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14%, „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია – 9%, „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი - 3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 2%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე - 2%, „ლელო“ - მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - დავით თარხან მოურავი/ირმა ინაშვილი - 2%, „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 2%, „ერი“ - ლევან ვასაძე - 1%, „ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერია -1%, „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 1%, „დროა“ - ელენე ხოშტარია - 1%, „გირჩი“ - 1%.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს“ (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

23 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემის მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 50.9%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ - 25.2%, „საქართველოსთვის“ - 5.7%. დანარჩენი პარტიების რეიტინგები ასეთია: „გირჩი -მეტი თავისუფლება“ - 3.4%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%, „ლელო“ - 2.9%, „მოქალაქეები - 2.6%, „მესამე ძალა“ - 1.7%, „ევროპული საქართველო“ - 1.1%, „ლეიბორისტული პარტია“ - 0.9%, გირჩი - 0.4%, სხვა - 2.1%.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კახა კალაძე - 57.9%, ნიკა მელია - 27.8%, გიორგი გახარია - 5.3%, ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 2.5%, გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 2.1%, ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 1.6%, თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) - 0.6%, მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტები) – 0.5%, სხვა კანდიდატები - 1.7%.

კვლევის ფარგლებში, 16-20 სექტემბრის პერიოდში, 2 792 პირი გამოიკითხა, ცდომილება 3%-ია.

როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება. პარტია „ქართული ოცნება“ 43%-იან ბარიერს ( როგორც ვიცით, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე მეტს ვერ მიიღებს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს) მხოლოდ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული და „გორბის“ კვლევებით სცდება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან 28 ივლისს გავიდა, ოპოზიციური პარტიები მაინც აცხადებენ, რომ „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ არანაირი დათქმა აღარ არსებობს და რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაველოდოთ.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს ამომრჩეველმა საქართველოს მასშტაბით 64 საკრებულოს 2068 წევრი ( როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი უნდა აირჩიოს.


მსგავსი სიახლეები

3489 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი